GHG-ის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე – „შინ ევროპისკენ“ მიდის.
როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, „ამ შანსის ხელიდან გაშვებას შთამომავლობა არ გვაპატიებს“.
„მივდივარ დღევანდელ აქციაზე და რა თქმა უნდა, ვიცი – რატომაც: მგონია, რომ ახლა არის ის დრო, როდესაც ყველანაირი პოლიტიკური გაუგებრობა, წინააღმდეგობა, ერთმანეთთან ჭიდილი გვერდზე უნდა გადავდოთ, რადგან გვაქვს საერთო იდეა, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ამ იდეის და მიზნის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ.
30-50 წელიწადში რომ ჩნდება, ისეთი ფანჯარა იხსნება და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ესაა ჩემი, როგორც მოქალაქის შემართება, ამიტომ ვთვლი, რომ უნდა ვიყო იქ, სადაც ეს იდეა ერთიანდება.
ვფიქრობ, ამ შანსის ხელიდან გაშვებას ჩვენი შთამომავლობა არ გვაპატიებს. ხომ გვესმის, რატომ გვინდა ევროპა?! – ესაა უკეთესი მომავალი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის, რომ უფრო მეტი დოვლათი შეიქმნას, უფრო მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს; გვქონდეს უკეთესი განათლება და ჯანდაცვა.
მეორე მიზეზი, რატომ მივდივარ დღევანდელ აქციაზე არის ის, რომ მოვითხოვოთ <ხელისუფლებისგან> იმ პირობების შესრულება, რაც ევროკომისიამ დაგვიყენა წინაპირობის სახით“, – თქვა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
BMG-ის კითხვაზე – გააკეეთა თუ არა მაქსიმუმი ხელისუფლებამ, რათა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოეცა ევროკომისიას, GHG-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ „ფაქტია, არ გავაკეთეთ“.
„მაქსიმუმი რომ გაგვეკეთებინა, ფაქტია, საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც ეს მიიღეს ჩვენმა მოძმე ქვეყნებმა – უკრაინამ და მოლდოვამ. ფაქტია, რაღაც დავაკელით და ეს რაღაცეები სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი. როგორც ვიცით, წლის ბოლოს კიდევ იქნება ამ საკითხის გადახედვა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წლის ბოლოსთვის მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.
გასაგებია, რომ ეს სტატუსი არ იძლევა არანაირ გარანტიას, მაგრამ ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და მეორე, არის იმის შესაძლებლობა, რომ მიზანი უკეთესად გავასწოროთ და როგორც ქვეყანა ჩამოვყალიბდეთ, ვინაიდან ეს მიზანი ხანდახან იბინდება ხოლმე, ამიტომ თუ სტატუსი მოგვცეს, ეს ქვეყნის მიზანს უფრო გაასწორებს და მგონია, რომ მოქმედებებიც უფრო ქმედითი იქნება“, – თქვა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
BMG-ის დამაზუსტებელ კითხვაზე – რას რას უნდა აკეთებდეს მთავრობა დღეს, რომ ისტორიული შანსი არ დაკარგოს საქართველომ – ნიკოლოზ გამყრელიძემ ასე გვიპასუხა: „ვფოკუსირდეთ საქმეზე. გადავდოთ ყველანაირი ქიშპი ოპოზიციასთან და ვფოკუსირდეთ იმ დავალებაზე, იმ საქმეზე, რაც ძალიან კონკრეტულად გაგვიწერეს – ესაა ჩვენი ამოცანა, რომ ეროვნული იდეა არ დაზიანდეს“
bm.ge