2022 წლის 23 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლის უფროსკლასელთათვის (9,10,11,12 კლასები), ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამოცხადებული სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის დახურვის ღონისძიება მთისპირის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა. ღონისძიებას მოწვეული სტუმარის რანგში მწერალი დავით ტურაშვილი დაესწრო. მთისპირელმა უფროსკლასელებმა დავით ტურაშვილის ლექცია მოისმინეს. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. ლექციის ბოლოს, მოსწავლეებს დავით ტურაშვილის წიგნები გადაეცათ, რომელსაც ავტოგრაფები თავად ავტორმა გაუკეთა.
ლექციის შემდეგ იმ უფროსკლასელებს, რომლებმაც ტრენინგის სრული კურსი გაიარეს სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მთისპირის საჯარო სკოლის უფროსკლასელებში ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვით საკითხებში, ასევე, ცოდნის გაზიარებას განახლებადი ენერგიის კონცეფციის შესახებ და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას პროფესიულ ორიენტაციის საკითხების ირგვლივ.
გარემოს დაცვით საფუძვლებსა და განახლებადი ენერგიის მოდულს უძღვებოდა გიორგი ბერეჩიკიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი; პროფესიული ორიენტაციის შესახებ ახალგაზრდებს ესაუბრა ქეთევან ლობჟანიძე, ფსიქოლოგი, „ინსაით“ ჯგუფის დამფუძნებელი და HR მენეჯერი; კომუნიკაციების შესახებ შეხვედრა ჩაატარა ხათუნა იოსავამ, საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტმა, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა 2015 წლიდან.
საგაზაფხულო სემესტრის დროს, მთისპირის საჯარო სკოლას საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციისა (GREDA) და „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ ახალგაზრდა სპეციალისტები სტუმრობდნენ. GREDA-ს წარმომადგენლებმა საქართელოში განახლებადი ენერგიის განვითარება-გამოყენებასთან დაკავშირებით მომზადებული მასალები გააცნეს ახალგაზრდებს. ინიციატივა მიზნად ისახავს, ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციას, სადაც ახალგაზრდა ადამიანს შეუძლია იპოვოს საკუთარი თავი, განვითარდეს პროფესიულად და ჰქონდეს წარმატებული კარიერა.
„შედეგებიდან და ახალგაზრდებისგან მიღებული შეფასებებიდან გამომდინარე, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ კურსი ფრიად ნაყოფიერი და ეფექტიანი იყო. საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში მთისპირელმა უფროსკლასელებმა ბევრი რამ შეიტყვეს გარემოს დაცვაზე, ენერგეტიკაზე, განახლებად ენერგიებსა და ამ მიმართულებით არსებულ პროფესიებზე. რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ ახალგაზრდებს პროფესიების შესახებ, რომლებიც არსებობს ჩვენს გარშემო, მით უფრო გაუმარტივდებათ სწორი არჩევანის გაკეთება. ჩვენი მიზანი იყო, მაქსიმალურად საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგვეზიარებინა მათთვის. დღეს სტუმრად მოვიწვიეთ ყველასათვის საყვარელი, თანამედროვე ქართველი მწერალი დავით ტურაშვილი. საინტერესო ლექცია გვქონდა, სადაც ბევრი ვისაუბრეთ სამშობლოს სიყვარულზე, ქვეყნის განვითარებაზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე. დღეს ოცდასამ ახალგაზრდას გადავეცით სერტიფიკატიც. ვფიქრობ, პროექტი შედგა და მადლობა ინტერესისთვის მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მხარდაჭერისთვის სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნანა ჭეიშვილს და სრულიად პედაგოგიურ კოლექტივს“ – განაცხადა ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერმა, დავით მიქელაძემ.
სასწავლო კურსი არაფორმალური განათლების ნაწილია და მოიცავდა 6 ტრენინგს, ხოლო სასწავლო წლის ბოლოს ექსკურსიას მოქმედ ჰიდროელექტროსადგურზე, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს გენერაციის ობიექტი, კერძოდ, კინტრიშა ჰესი და გაეცნენ მისი მუშაობის თავისებურებებს. ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა ციხისძირში მდებარე პეტრას ციხეც მოინახულეს. ექსკურსიის ამსახველი სამახსოვრო ფოტოები მათ დღეს კომპანიის თანამშრომლებმა სერტიფიკატებთან ერთად გადასცეს.