კომოს ტბის შემდეგ, მმართველი პარტიის არჩევანი, ამჯერად ლაგო მაჯორეს ტბა გახდა; იტალიის ჩრდილოეთით მდებარე, ყველაზე ძვირადღირებული კურორტი სტრესა – მილიარდერების ყველაზე საყვარელი ადგილია.
წვეულება ქართული ოცნების დეპუტატების მონაწილეობით, ვილა მუჯაში გაიმართა. მთავარი არხის მიერ მოპოვებული ვიდეოკადრები იტალიის ქალაქ სტრესაში მმართველი პარტიის დეპუტატების და მათთან დაახლოებული ბიზნესმენების ელიტურ წვეულებას ასახავს. ქართული ოცნების დეპუტატები მდიდრულ ვილა მუჯაში ძვირადღირებულ წვეულებაზე 30 მაისს გასაიდუმლოებული ვიზიტით ჩავიდნენ.
მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენის გიორგი ბარვენაშვილის ცოლის დაბადების დღე აღნიშნეს და ევროპაში რამდენიმე დღე მდიდრულად დაისვენეს. იუბილარი მაიკო მაისაძე ინფორმაციას არ უარყოფს, თუმცა მთავარ არხთან წვეულების დეტალებზე საუბარი არ სურს.
მთავარ არხს წვეულების რამდენიმე სტუმარი უდასტურებს, რომ იტალიაში დაბადების დღეზე არჩილ თალაკვაძე მეუღლესთან ერთად გაემგზავრა და რამდენიმე დღიანი ძვირადღირებული ვოიაჟი მოიწყო. პარლამენტის გადაყენებულ თავმჯდომარეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ წვეულების კადრებიც ვაჩვენეთ. თალაკვაძემ იტალიაში გართობა არ უარყო, თუმცა არ თქვა, ვინ დააფინანსა ძვირადღირებულ კურორტზე მეუღლესთან ერთად მისი მდიდრული ვოიაჟი.
წვეულებაზე იმყოფებოდა ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრი და პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი. ეს ის დეპუტატია, რომელმაც კომენდანტის საათის დროს, მაშინ როცა მთელი ქვეყანა ხელისუფლებამ პანდემიის მიზეზით სახლში გამოკეტა, ობოლაშვილმა საკუთარ სახლში დიდი წვეულება მოაწყო და ივანიშვილის გუნდი ცოლებთან ერთად აქეიფა. იტალიურ ვოიაჟზე ობოლაშვილსაც ვკითხეთ, დეპუტატმა კითხვებს თავი აარიდა.
მთავარს წყარო უყვება, რომ ვილა მუჯას ელიტურ წვეულებას მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დეპუტატი ირაკლი ბერაიაც ესწრებოდნენ. ირაკლი კობახიძემ ინფორმაცია უარყო.
ქართული ოცნების მდიდრულ ვოიაჟებს ძირითადად ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და მმართველი პარტიის საპარლამენტო სიის 71 -ნომერი გიორგი ბარვენაშვილი აფინანსებს. მისი გვარი ჯერ კიდევ 3 წლის წინ გახდა ცნობილი, როდესაც ოცნების ლიდერები ქვეყანაში არსებული უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის პარალელურად კომოს ტბაზე მოალხინა. მაშინ მილანში სამუშაო ვიზით წასული კახი კალაძე, არჩილ თალაკვაძესთან და 30-მდე მეგობართან ერთად კომოს ტბაზე ფეშენებელურ ვილაში დააფიქსირეს.
პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს კომოს ტბაზე განტვირთვა არ დასცალდა და იძულებული გახდა საქართველოში წვეულებამდე დაბრუნებულიყო. თალაკვაძემ ვიდეომიმართვა ჩაწერა იმის დასადასტურებლად, რომ არა კომოს ტბაზე, არამედ საქართველოში, თავის კაბინეტში იმყოფებოდა,თუმცა მისი ტყუილი მოკლევადიანი აღმოჩნდა და ყველამ ნახა როგორ იმგზავრა თალაკვაძემ კალაძესთან ერთად თვითმფრინავით.
mTavari arxi