მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, უამრავი ადამიანი ლაპარაკობს, რომ რუსეთის დანაყოფებს შორის ჩეჩნური დანაყოფი ყველაზე დაუნდობელი და სასტიკია. ამის შესახებ მედიასთან საუბრობენ როგორც უკრაინელები, ასევე – ომში ჩართული მებრძოლები, ადამიანთა უფლებადამცველები და ევროპარლამენტარებიც.
ჩეჩნეთიდან უკრაინაში
ივნისის დასაწყისში ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა რეზოლუცია ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანთა უფლებებზე. რეზოლუციაში ძირითადი ყურადღება ჩეჩნეთს დაუთმეს. ექსპერტები აღნიშნავდნენ კადიროვისა და ძალოვანთა როლს უკრაინის ომში – კონკრეტულად კი იმას, რომ კადიროველები, ე.წ კადიროვცები უმოწყალოდ ექცეოდნენ მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობას.
აღსანიშნავია, რომ ჩეჩნური დაჯგუფებები უკრაინის ომის დასაწყისში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელ „ტიკტოკში“ იყვნენ და მათ ხშირად „ტიკტოკ დანაყოფსაც“ ეძახდნენ. ვიდეოებში ისინი შეტაკებებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარების ეპიზოდებს იღებდნენ…
უკრაინული გამოცემა Слiдство.Iнфо წერდა, რომ ჩეჩენმა მებრძოლებმა გოსტომელში სამხედრო ტყვეები აიყვანეს. გავრცელებულ ვიდეოებში ისინი ცდილობდნენ, მოსახლეობას დახმარებოდნენ, თუმცა ადგილობრივთა ცნობით, კადიროველთა ქცევა მაშინვე საპირისპიროდ იცვლებოდა, როცა კამერას გათიშავდნენ.
გოსტომელის დაღუპული თავმჯდომარის მრჩეველი როსტისლავ სკურატოვსკი აღნიშნავდა, რომ ჩეჩნებს მოსახლეობა ტყვეობაში ჰყავთ:
როგორც ცნობილია, გოსტომელელები ნამდვილად იყვნენ მადლობელნი, სიკვდილს რომ გადაურჩნენ და მათი დასახლება არ დაიბომბა, კადიროველებს მართლა მიჰქონდათ მათთვის საკვები, ძეხვი, ყველი და სხვა, თუმცა ისინი აღნიშნავენ, რომ ეს საკვები არ იყო ჩეჩნეთიდან ჩატანილი, ეს უკრაინულ მაღაზიებში ნაძარცვი საკვები იყო. მოგვიანებით უკრაინელები აღნიშნავდნენ, რომ მათი სახლები გაძარცვული დახვდათ.
აპრილში Кавказ.Реалии-სთან საუბრისას, გოსტომელთან ახლოს მდებარე დასახლების მაცხოვრებელმა აღნიშნა, რომ ის კადიროველთა დაცვის ქვეშ მართლაც იმყოფებოდა და სარდაფში სამი კვირის განმავლობაში იმალებოდა. ის იძულებული იყო გარდაცვლილი ბებოს ცხედარი ბავშვებისგან დაემალა, კამერის წინ კი ჩეჩნეთის ლიდერისთვის მადლობა გადაეხადა…
სამხედრო დანაშაულებათა გამოძიებას უკრაინაში კოალიცია „ტრიბუნალი პუტინისთვის“ ხელმძღვანელობს. კოალიციის წარმომადგენლის – მიხეილ სავას თქმით, პროცესი რთულად მიმდინარეობს:
“მთავარი პრობლემა ისაა, რომ სამხედრო დანაშაულებათა უამრავმა მსხვერპლმა, როგორც კი ტყვეობიდან გათავისუფლდა, მაშინვე დატოვა ქვეყანა. მათ სტრესი გადაიტანეს და ეშინიათ. ისინი ოკუპაციისას სარდაფებში ცხოვრობდნენ, ამიტომ ნორმალურია, რომ არ აქტიურობენ“, – აღნიშნავს უფლებადამცველი სავა.
Кавказ.Реалии-სთან საუბრისას უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ მათ მოიპოვეს სამხილები, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ რუსული არმიის წარმომადგენლებმა ერთ-ერთი კადიროველი სასამართლოს გადასცეს, რადგან მან სოფელ ანდრეევკაში ქალი გააუპატიურა და მოკლა, თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმება და იმის დადგენა, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული, საომარი მოქმედებებისას შეუძლებელია.
„საბოდიშო არაფერია“
როგორც ცნობილია, ჩეჩენი მებრძოლები, მშვიდობიანი მოსახლეობის გარდა, სამხედრო ტყვეებსაც დაუნდობლად ექცეოდნენ.
მაისის ბოლოს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის წარმომადგენელმა აპტი ალაუდიმოვმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ უკრაინელ ოფიცერს თვალთან ჩალურჯებები ჰქონდა:
„ისე გამოვიდა, რომ, როცა მათ ნებაყოფლობით დანებება შესთავაზეს, შანსი ვერ გამოიყენეს“, – აღნიშნა ალაუდიმოვმა, კადიროვმა კი განაცხადა, რომ „საბოდიშო არაფერია“.
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ორთავე ჩალურჯება მან შემთხვევით დაიმსახურა, როცა ალყაშემორტყმული შენობიდან გამოდიოდა. ვის არ მოსვლია, ქორწილამდე მოურჩება“, – განაცხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა.
როგორც ცნობილია, კადიროვის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე ხშირად ქვეყნდება ვიდეოები, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჩანან, რომელთაც სახისა და თავის არეში დაზიანებები აღენიშნებათ. მიხაილ სავას ცნობით, მსგავსი ვიდეოების გაზიარება უკრაინის ომში საკმაოდ ხშირად ხდება.
„პირველ რიგში, სულ შეიძლება იმის თქმა, რომ მათ დაზიანებები ადრე მიიღეს – ეს ხომ ომია! დარწმუნებული ვარ, რომ ვერც კადიროვი და ვერც მისი გარემოცვის წევრები ვერ ხედავენ პრობლემას ნაცემი ტყვეების ვიდეოს გამოქვეყნებაში, ასეთია მათი მსოფლმხედველობა“, – ამბობს უფლებადამცველი.
„ტყვეების დამცირება კადიროველთა მხრიდან ძალიან ხშირია. ჩვენ თვალს ვადევნებთ ჟენევის კონვენციის უხეშ დარღვევას, როცა ხალხს აიძულებენ, დაიჩოქონ და კამერის წინ იყვირონ – “Ахмат – сила”. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ფიზიკური ძალადობის შემდეგ ხდება. ამას ის კადიროველები აკეთებენ, რომლებიც იყვნენ ბუჩასა და გოსტომელში. ჩვენ ჯერ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ამ ორ ქალაქში ეს საშინელება კადიროველებმა მოაწყვეს, თუმცა ფაქტი რჩება ფაქტად – ისინი აქ იყვნენ“, – აღნიშნა უფლებადამცველმა ოლეგ ორლოვმა.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, კადიროველები, რომლებიც უკრაინის ომში იმყოფებიან, დიდი სისასტიკით გამოირჩევიან, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე – სამხედრო ტყვეების მიმართ.
კვირის პალიტრა