როგორც “გურიის მოამბესათვის” ხდება ცნობილი, მერაბ ჭანუყვაძე “ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტიდან მიდის და მას ოზურგეთის მერი-ავთანდილ თალაკვაძე ჩაანაცვლებს.
მერაბ ჭანუყვაძე პარტიას, დავით დარჩიასთან ერთად მართავდა, გასული წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, როცა ის გურიის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი გახდა, რომელიც თავის მხრიც შსს დაქვემდებარებაშია, მისი ეს სტატუსი პარტიის ლიდერობასთან შეუთავსებელი გახდა, თუმცა “ქართულ ოცნებას” მოლოდინისამებრ არა დავით დარჩია, ოზურგეთის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, არამედ ოზურგეთის მოქმედი მერი, ავთანდილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავად ოზურგეთის მერის ხელმძღვანელობაც ფორმალობა იქნება, რადგან ადგილზე სრული კონტროლი მისმა ძმამ, პარლამენტარმა არჩილ თალაკვაძემ აიღო.
მომხდარი კიდევ უფრო ზრდის დაპირისპირებას დარჩიასა და თალაკვაძის გუნდებს შორის, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, როცა ოზურგეთის მერმა, თავისი “კაბინეტის” ფორმირებისას დავით დარჩიას კადრების სრული იგნორირება მოახდინა.
განსაკუთრებით თვალშისაცემი დარჩიას უახლოესი გარემოცვის, გელა ჭანუყვაძის იგნორი იყო, რომელიც მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელის არაერთი მცდელობისა, თალაკვაძეებმა ახლოსაც არ გაიკარეს.
დარჩია გელა ჭანუყვაძისათვის ჯერ საფინანსო სამსახურს, მოგვიანებით ზედამხედველობის შეფობას, ბოლოს კი სამხედრო განყოფილებას ითხოვდა, თუმცა…
თავის მხრივ ძმები თალაკვაძეების მიერ პარტიის ადგილზე “ხელში ჩაგდება” მიუთითებს იმ პრობლემაზე, რომელმაც “ქართულ ოცნებაში” ევროინტეგრაციაზე ფაქტობრივად უარის თქმას და სახელისუფლებო გუნდის “რუსულ ორბიტაზე” “გადაჯდომას” მოყვა.
მმართველ პარტიაში სერიოზული კრიზისია, რასაც კადრების დეფიციტი და უნდობლობის ზრდა ახლავს თან.