ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესება – ამ საკითხზე “ანტიკორუფციული მოძრაობა” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი სტამბოლში შეხვედრებს მართავენ. ისინი პარტნიორებს ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქების კავშირებზე, ასევე რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაზე ესაუბრებიან.
დღეს ამავე შინაარსის შეხვედრები ბრიუსელში, ევროპარლამენტარებთანაც გაიმართება.
“გავუზიარეთ ერთმანეთს კონკრეტული ინფორმაციები, თუ როგორ კრიმინალურად ეხმარება რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი რუსებს სანქციების თავის არიდებაში და როგორ ცდილობს ბიძინა ივანიშვილი ხელი შეუშალოს ჩვენი შვილების ევროატლანტიკურ მისწრაფებას და პერსპექტივას ხელი, შესაბამისად, ჩვენ ყველა ფორმალურ თუ არაფორმალურ შეხვედრაზე, ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრაზე, ცხადია, ვმუშაობთ ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირებისთვის”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
“ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ ოლიგარქიული კლანი არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანას, არამედ რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, სწორედ ამ საკითხზე ესაუბრებიან.