“ანტიკორუფციულმა მოძრაობამ” საჯარო უწყებების მიერ რუსული სანქცირებული საწვავის შეძენის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართა და რეაგირებისკენ მოუწოდა.
როგორც მოძრაობის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ფარულავამ აღნიშნა, აუცილებელია, სალომე ზურაბიშვილმა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ სანქცირებული საწვავის შეძენა აღარ მოხდეს და საქართველოს ინტერესები არ დაზიანდეს.
“ყველა საჯარო დაწესებულება ყიდულობს რუსულ საწვავს, მათ შორის თავდაცვის სამინისტრო. სწორედ ამასთან დაკავშირებით, მივმართავთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა მოახდინოს რეაგირება. უსაფრთხოების თვალსაზრისით, უდიდესი პრობლემაა, რომ ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ყიდულობდეს რუსულ სანქცირებულ საწვავს და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას პრეზიდენტის მხრიდან.
გვესმის მისგან სწორი განცხადებები, თუმცა ახლა საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები. ვითხოვთ კონკრეტულ ქმედებას ქალბატონი პრეზიდენტისგან, რომ მოახდინოს რეაგირება. ომის იარაღად ქცეულ რუსულ საწვავს არ უნდა ყიდულობდეს საჯარო დაწესებულებები, უნდა გადაიდგას პრეზიდენტის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯი. ჩვენ წარმოვადგინეთ მტკიცებულებები, რომელიც საჯარო უწყებები ყიდულობენ რუსულ საწვავს. ეს გახლავთ კომპანია “პეტროკასი”, ბატონი იაკობაშვილის კომპანია, რომელსაც უკრაინის მხრიდან უკვე განიხილება, რომ დაედება საერთაშორისო სანქცია და მნიშვნელოვანია, ამ სკანდალში არ გაეხვეს ხელისუფლება”, – თქვა ლაშა ფარულავამ.