შალვა პაპუაშვილი ბუჩაში არ მიდის და რადას სპიკერს საყვედურობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოფიციალური განცხადებით უპასუხა უკრაინელი კოლეგის მიწვევას ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით.

ბუჩა არის რუსული არმიისგან დახსნილი უკრაინული ქალაქი, სადაც რუსი სამხედროების მიერ ასეულობით დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ რადას თავმჯდომარისგან ნამდვილად მიიღო მიწვევა ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა საპასუხო განცხადებაში არ ამბობს, რომ უკრაინაში ჩასვლას აპირებს.

პირიქით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის ხელისუფლებას საყვედურობს ბოლოდროინდელ ბრალდებებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ამის ფონზე „ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“.

„ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს.

ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“, — წერს შალვა პაპუაშვილი 8 აპრილის საღამოს გამოქვეყნებულ წერილში.

პაპუაშვილი უკრაინელ კოლეგას ახსენებს იმ მხარდაჭერას, რომელიც, მისი თქმით, საქართველომ უკრაინას აღმოუჩინა, მათ შორის, საერთაშორისო პლატფორმებზე ხმის მიცემით.

შალვა პაპუაშვილი რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკს საყვედურობს 12 მარტის წერილის უპასუხოდ დატოვების გამოც.

უკრაინის რადას სპიკერმა საქართველოსა და სხვა საკანონმდებლო ორგანოების ლიდერები ოფიციალურად მიიწვია ბუჩაში, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ რუსული არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკეები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share