”ეს იყო ძალოვანი სტრუქტურების თავდასხმა, ისედაც მყიფე ინსტიტუციაზე” – ოთარ რევიშვილი დავით მჟავანაძის დაკავებაზე

”ეს იყო ძალოვანი სტრუქტურების თავდასხმა, ისედაც მყიფე ინსტიტუციაზე” – ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი ოთარ რევიშვილი გუშინ ოზურგეთში, საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დავით მჟავანაძის დაკავების ფაქტს.

“სამწუხარო ფაქტი მოხდა გუშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, როდესაც საკრებულოს არჩეული წევრი პოლიციამ დააკავა.

ჩემი შეფასებით, ეს იყო ძალოვანი სტრუქტურების თავდასხმა, ისედაც მყიფე ინსტიტუციაზე. თვითმმართველობის კოდექსით სხდომაზე წესრიგის დაცვა უნდა უზრუნველყოს თავმჯდომარემ. მექანიზმი კი როგორ უნდა მოხდეს ეს, გაწერილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში მუხლი 65. მე-2 პუნქტი – “თუ სხდომის დროს დაიწყო უწესრიგობა, რომელიც შეუძლებელს ხდის საკრებულოს მუშაობას და სხდომის თავმჯდომარემ მისი აღკვეთა ვერ შესძლო, მაშინ იგი ტოვებს ადგილს და სხდომა ნახევარი საათით შეწყვეტილად ითვლება. თუ სხდომის განახლების შემდეგაც გრძელდება უწესრიგობა, თავმჯდომარე სხდომას გადადებს მეორე დღისათვის.”

ვფიქრობ, საკრებულოს ინსტიტუციური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია არჩეულმა წევრებმა მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა, მეტი პრინციპულობა გამოიჩინონ და ადეკვატური შეფასება მისცენ მომხდარ ფაქტს”, – წერს  რევიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share