გუდაურში ტრაგიკული სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების ცხედრები გუშინ სამხარაულის ეროვნული ბიუროდან საცხოვრებელ სახლებში გადაასვენეს. მათი სამოქალაქო პანაშვიდი 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
“35 წელია მფრინავია და ამ საქმეს ემსახურება, უამრავ ოპერაციაში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუკი სადმე რამე ხდებოდა, ყველაზე რთული, ყველაზე საპასუხისმგებლო რაც იყო ერთ-ერთი იყო ზაზა ყოველთვის. გასვლის წინ კი რაღაცნაირად შემომჩივლა გადაიჩეხა საწყალი ვიღაც პარაპლანისტი და უნდა წავიდეო, არ ვიცი, რაღაც ყოველთვის მიდიოდა ხოლმე შემართებით… მოტეხილი მდიოდა. ბოლო კომუნიკაცია ეს იყო, რომ ერთ საათში ჩამოვფრინდები და მოდით ჩემთან”, – ამბობს ანი ლორია, ზაზა ლორიას შვილი.
ანდრო ქუჯოშვილის დეიდა ამბობს, რომ ის ბავშვობიდან მფრინაობაზე ოცნებობდა და სხვა პროფესია არ უნდოდა.
“ზაფხულში შავ მუშად მუშაობდა ხოლმე რომ მისი სასწავლებლის თანხა მოეგროვებინა, მუშაობდა ბორტ მექანიკოსად, ბოლო ორი თვეა გადაიყვანეს მფრინავად”, – ყვება ის.
ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაგზავნეს, რომელშიც ოფიციალური უწყებების ცნობით,“ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა”, ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.სამაშველო ვერტმფრენი კლდეს დაეჯახა და აფეთქდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა.