შორდება თუ არა სააკაშვილი საკუთარ პარტიას და პოლიტიკას – რა ბედი ეწევა „ნაციონალურ მოძრაობას“?

შორდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პარტიას და პოლიტიკას – თავად მიმართვა არ გაუვრცელებია, თუმცა უკვე რამდენიმე დღეა მისი გარემოცვა, მათ შორის შვილი, ექსპრეზიდენტის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. სააკაშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ  „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პოლიტიკაზე მესამე პრეზიდენტი უარს ამბობს. მათი თქმით, ეს ინფორმაცია მას თავად სააკაშვილმა ბოლო შეხვედრაზე დაუდასტურა. ვალერი გელბახიანის მტკიცებით, სააკაშვილს მიაჩნია, რომ რესურსი ამოწურა, თუმცა მხოლოდ საქართველოში, რადგან პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას უკრაინაში აპირებს.   

ადვოკატის განცხადებაზე სააკაშვილის დედა ვერაფერს ამბობს. გიული ალასანიას თქმით, პოლიტიკურ თემებზე სააკაშვილი მასთან არა, არამედ სხვა ვიზიტორებთან მსჯელობს. თუმცა არ გამორიცხავს, რომ ინფორმაცია ნამდვილი იყოს.

როგორც ჩანს ამ თემაზე სააკაშვილს არც თანაპარტიელებთან უსაუბრია – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ პარტიიდან ან პოლიტიკიდან დისტანცირების შესახებ განცხადება ექსპრეზიდენტისგან არ მოუსმენიათ.

უფრო მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ ადვოკატების ტაქტიკაა, რათა სააკაშვილის ციხიდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოხდეს. როგორი იქნება პარტიის ბედი თუკი სააკაშვილი მისგან დისტანცირებას ნამდვილად გადაწყვეტს? ამაზე მელია ამბობს, რომ სააკაშვილის გარეშე პარტია ნული არ არის და ეს არასწორი დამოკიდებულებაა.

მისივე თქმით,  პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია და დამოკიდებულება, ახლა რაც ხდება, ისედაც წყალი არ აკლია ივანიშვილის წისქვილს და სულ უფრო მეტი წყალი ისხმება მის წისქვილზე.

„ჩვენ ველოდებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, უშუალოდ გადაწყვეტილებას. ეს პროცესი უკვე დამაზიანებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის, რადგან სივრცეები სულ უფრო და უფრო მეტი რჩება სპეკულაციისთვის, ნიჰილიზმისა და დეპრესიული ბაცილების უხვად… პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ სხვადასხვა ჯგუფები ჰყავს მხარდამჭერების, ეს სიძლიერეა ჩვენი, ვინაიდან ჩვენ გვაერთიანებს ერთი ძირითადი იდეა, რის გარშემოც ვართ გაერთიანებული, ამ ქვეყნის გამოყვანა მოჯადოებული წრიდან. თქვენთვისაც, ჩვენთვისაც, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მისი პოზიცია და დამოკიდებულება. უბრალოდ ის, რაც ახლა ხდება, ისედაც წყალი არ აკლია ივანიშვილის წისქვილს და სულ უფრო და უფრო მეტი წყალი ისხმება მის წისქვილზე ახლა. არ ვიცით, არ ვიცნობთ ადამიანს, ბატონ შალვა ხაჭაპურიძეს და ხომ არ მოგატყუებთ ახლა. ამ განცხადებების შემდეგ, ახლა გითხრათ, რომ სურვილი მაქვს მისი გაცნობის, ნაკლებად ვიქნები დამაჯერებელი. ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ერთ-ერთი მათგანი შევა და მოინახულებს ზეგ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე კონტექსტს აღვიქვამ ბევრი თვალსაზრისით ძალიან ადეკვატურად და არ მინდა, ჩემი თუნდაც ძალიან მართალი პოზიციიდან გამომდინარე იმ პროცესს ხელი შევუშალო ნებსით თუ უნებლიეთ, რამაც შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს საზღვარგარეთ, უფლება არ მაქვს ამ ეტაპზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე  აცხადებს, რომ როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების მეშვეობით პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლის ინფორმაციას ხელისუფლების აზრის მოსასინჯად ახმოვანებს. მისი აზრით, სააკაშვილს თუ ეს გადაწყვეტილი აქვს, ეს შეუძლია თავადაც გაახმოვანოს. თუმცა, როგორც ჩანს ის ამით ჯერ-ჯერობით რეაქციებს ამოწმებს და ეს შესაძლოა ხელისუფლებასთან ერთად საკუთარი პარტიის წევრების პოზიციის გაგებაც იყოს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თუკი სააკშვილი მისგან დისტანცირებას საბოლოოდ გადაწყვეტს, ორად გაყოფის ფაქტის წინაშე დადგება.

„არ გმოვრიცხავ, რომ ადვოკატებს კონსულტაციები არა მარტო სააკაშვილთან, არამედ ხელისუფლებასთანაც ჰქონდეთ და ამ წინადადებას უკვე მათთან განიხილავდნენ. ეს პირობაც შესაძლოა ხელისუფლებიდან მოდიოდეს. რაც შეეხება იმას, რა ბედი შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ეწიოს, ვფიქრობ ის ორ ან რამოდენიმე  ნაწილად გაიყოფა. ჯერ რასაც ვუყურებ, სანამ სააკაშვილი ამ პარტიასთან ისევ ასოცირდება, შიგნით ბრძოლა კვლავ პირველი ვეზირობისთვის მიდის. ჯერჯერობით პირველ ვეზირად წლების განმავლობაში კვლავ ნიკა მელია რჩება.

სანამ სააკაშვილის ფაქტორი არსებობს, ეს ბრძოლა ყოველთვის იქნება. თუმცა თუ ის ფაქტი რეალურად დადასტურდა და სააკაშვილი პარტიას გაემიჯნა, ენმ კიდევ ერთხელ გაიყოფა. დარჩება ის ერთი გუნდი, რომელიც სააკაშვილის მომხრე იქნება და მის ძველ თანამებრძოლებს წარმოადგენენ. ეს გუნდი სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლას და მისი ციხიდან წარუმატებელ გამოხსნას ისევ მელიას დააბრალებენ. აქ ბრძოლა ახლა სააკაშვილის ამომრჩეველზე წავა. რომელი ფრთა უფრო შეძლებს მის გადაბირებას. რა თქმა უნდა, მათ ის 27%-იც გაეყოფათ და „ნაციონალური მოძრაობა“ ძველი სახით არსებობას ვეღარ შეძლებს“, – ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ შესაძლოა სააკაშვილის ადვოკატების განცხადება გარკვეული  ტაქტიკის ნაწილი იყოს, რადგან მისი ციხიდან დახსნა უფრო  გაადვილდეს. მისი თქმით, თუკი ეს მართლა მოხდა და სააკაშვილი პარტიისგან დისტანცირდა, მაშინ ენმ-ის ბედი გაურკვეველი ხდება. ისიც  პარტიის რამდენიმე ნაწილად დაშლას არ გამორიცხავს.

„ამ პარტიას ბევრი ჯგუფი გამოეყო, მაგრამ სააკაშვილი, როგორც ამ პარტიის არსებობის მთავარი გარანტორი, მუდმივად მის სათავეში იდგა. სწორედ ამდენი ჯგუფის გამოყოფის მიუხედავად მისი დაშლა არ მოხდა. სააკაშვილს ჰყავს სპეციფიური ამომრჩეველი, რომლისთვისაც რაიმე სახის პროგრამა, თუ პარტიული აქტიურობა მის გარეშე წარმოუდგენელია. ფაქტიურად მთელი პარტიული სტრუქტურა ამ ერთ კაცზეა აწყობილი. ამიტომ ახლა თუკი ის ამ პარტიისგან საბოლოოდ  დისტანცირდება, მაშინ ენმ-ს უფრო სერიოზული პრობლემა შეექმნება,  ვიდრე მანამდე ჰქონდა.

გამოდის, რომ მელია სააკაშვილის ამომრჩევლებს ეუბნება, თუ პარტიის მხარდამჭერები აღარ იქნებით, სააკაშვილი მაშინ ციხეში დარჩება და მისი გამოხსნა ჩვენს გარეშე არავის შეუძლიაო. არადა რეალურად მელიამ მართლა ყველა ხერხი სცადა, რათა ის ციხიდან დაეხსნა. სააკაშვილის გათავისუფლების სხვა გზა პარტიას არა აქვს. ამ დაპირისპირებული ჯგუფებიდან ყველაზე მაღალ რეიტინგს ამომრჩეველში მაინც ის ადამიანები იმსახურებენ, რომლებიც სააკაშვილს სახელს  უკავშირდებიან. ამიტომ გადარჩენის შანსი ისევ მათ აქვთ. ამ პარტიის ამომრჩეველს აინტერესებს, სად და ვის მხარეს არის სააკაშვილი. ამიტომ სიტუაცია იმაზე რთულად იქნება, ვიდრე აქამდე იყო, თუ ის პოლიტიკიდან დისტანცირებას მართლა გადაწყვეტს“, – ამბობს საყვარელიძე.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share