თბილისში, „დეზერტირების ბაზარზე“ სიხალვათეა. გამყიდველების ნაწილი პაპანაქებაში დგას, ზოგი აცა–ბაცა ჩამოფარებულ ნაჭრებს აფარებს თავს. სანამ კლიენტი გამოჩნდება დრო გაჰყავთ: ორნი ნარდს თამაშობენ, ერთი ქსოვს, ერთი კითხულობს, სხვები ერთმანეთში ლაპარაკობენ…
„სადაა ვაჭრობა, ვაჭრობა რომ იყოს საჭორაოდ მოვიცლიდით?“ – ამბობს ქალი, რომელიც ჩურჩხელასა და ბურღულეულს ჰყიდის. მისი დახლის მეზობელი, შუახნის მამაკაცი კლიენტების სიმცირეს ზაფხულის სიცხეს აბრალებს, ფასებიც არანაკლებ საშიშად გამოიყურება.
„ხილ–ბოსტანზე დიდი არაფერია მომატებული, შარშან უფრო ძვირი ღირდა. კარტოფილი 70-80 თეთრზე ჩამოვიდა. აი, შემოტანილ პროდუქტზე – კი: შაქარი, ბრინჯი, ზეთი… ზეთი ყველაზე ცოტა 8 ლარი ღირს. დოლარი რომ გაძვირდა, მაშინ გაიზარდა ფასები. დოლარმა დაიწია, მაგრამ ფასი იგივე დარჩა. ხალხი ნაკლებად ყიდულობს. თურქეთში გადადიან პროდუქტების საყიდლად, სარფს როგორც კი გადახვალ იქვეა ბაზრობა. მე მოვკვდე, ბევრი თბილისიდანაც ჩადის. აქ ხუთი ლიტრი ზეთი 45 ლარი ღირს, სარფში – 25. სარფში ქიშმიში კილო 5 ლარი ღირს; ბრინჯი – 2 ლარი. ნუთუ განბაჟება იმდენი ჯდება, რომ აქ გასამმაგებულია ფასი?“
ზოია ზარქუა პომიდორებს დახლზე აწყობს და თან ჩივის, ასეთ მძიმე მდგომარეობას მე კი არა ჩემზე უფროსებიც არ მოსწრებიანო. ზოია ყველს და ხილ-ბოსტანს ყიდის. ყველი კილო 13 ლარია. თუ არ გაიყიდა, გადაყრა მომიწევსო.
„ყოველდღე ფასი ასე იზრდებოდეს… და ამაზე არაფერი რეაქცია არ იყოს, ამნაირი არაფერი მინახავს. ერთ ცალს თუ შეჭამენ რაღაცას, ერთ ცალ პომიდორს. 2 ლარის ყველი ჩამომიჭერიო, რომ გეტყვის, რა გული უნდა გქონდეს, არ ჩამოუჭრა?! იმ 2 ლარით მთელი ოჯახი უნდა შეინახოს, ტუალეტში შესვლა არ ღირს დღეს 2 ლარი“.
„რაც მინდა ვერაფერს ვყიდულობ. ხილი, მიდი, აბა, რა ღირს. 5-6 ლარი როდის იყო ხილი?“ – ამბობს მზემოკიდებული ასაკოვანი ქალბატონი. კიდეც სხვა გვეუბნება, რასაც „კორონობამდე“ ვყიდულობდი, ახლა იმის მეათედსაც ვერ ვწვდებიო: „ადრე ტომრებით ვყიდულობდი, ახლა სადღაა ასე“.
ქათამს 8.5 ლარი აწერია (კილო), სხვა დანარჩენზეც ფასები მაღალია, თუმცა, უფრო იაფი, ვიდრე სუპერმარკეტში. მაგრამ, როგორც მოვაჭრეები ამბობენ „დღეს ცხოვრება ისეთია, კაცი რომ სახლში დაღლილ–დაქანცული შევა, აღარ აქვს იმის თავი, ბაზარში წავიდეს“.
„ხალხი გასულია, მომპარავიც არ არსებობს არსად. მიუწვდომელი ფასი აქვს ყველაფერს. ახლა კომპოტობაა, მურაბობა, ღვინოს გაკეთება… ვერ გააკეთებს გლეხი ვერაფერს. გუშინ ჩემმა შვილებმა კომპოტი გააკეთეს და 7 კილო შაქარში 22 ლარი გადაიხადეს“, – ამბობს ბოსტნეულით მოვაჭრე ქალი.
ცოტა მოშორებით კლიმენტი ჯანელიძე უზარმაზარ საზამთროებს და ხილ-ბოსტანს ყიდის, გვეუბნება, ჩვენ ჩვენი კლიენტები გვყავს, ნარჩევი პროდუქტი გვაქვს და ჩვენთვის დიდად არაფერი შეცვლილა, პირიქით, ხილი და ბოსტნეული გაიაფდა კიდეცო.
– რა ღირს შენი პომიდორი? – ეკითხება ერთი.
– 5 ლარი.
– მერე იაფია მაგი?
– ლარადაც არის ჰიბრიდული და ჭამე თუ გინდა, – არ ეპუება კლიმენტი, – ჩვენი საქონელი ცოტა ძვირია, ნარჩევი საქონელია. ბევრი თავის სასინჯებით დადის უკვე. ცხოვრებამ მოიტანა თუ მოდაშია არ ვიცი. ძალიან ბევრი აკმაყოფილებს სტანდარტს, შემოტანილი უფრო, ვიდრე – ადგილობრივი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ 3 აგვისტოს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ინფლაცია ნელი ტემპით შემცირდება და მიზნობრივ დონეს (3%-ს) ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის შუაში დაუახლოვდება.
მან ინფლაციის გამომწვევი მიზეზებიც ჩამოთვალა: საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები.
მიუხედავად ამისა, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მაინც ფიქრობს, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები სულგუნს არ უნდა აძვირებდეს.
„ყველა ქვეყანა ცდილობს ეს პროცესი შეამციროს. როდესაც სამომხმარებლო კალათა „მძიმდება“, ხელფასები და პენსიები უნდა გაიზარდოს, ჩვენთან მხოლოდ ფასები იზრდება. ეს პროცესი ადრეც იყო, მაგრამ ახლა თვალსაჩინო გახდა. გლობალური პროცესებიც მოქმედებს, მაგრამ ამ ყველაფერს სუბიექტური მიზეზებიც აქვს, ჩვენ ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები საქართველოშივე გვეწარმოებინა. ეს ამ პროცესს ძალიან შეარბილებდა. ახლა კი ადგილობრივი ვალუტა მყარდება, ფასები კი პირიქით, უფრო იზრდება“.
ექსპერტი ამბობს, რომ ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, კვების პროდუქტებზე ფასები მაშინაც კი იზრდება, როდესაც რომელიმე სხვა სეგმენტია გაძვირებული – ამ შემთხვევაში საუბარია ბინების ქირაზე. გაქირავების საფასური რუსეთის უკრაინაში შეჭრის მერე გაიზარდა, როდესაც რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის მოქალაქეები მასობრივად ჩამოვიდნენ საქართველოში.