COVID არსად წასულა და სავარაუდოდ, კარგა ხანს შენარჩუნდება როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია – ცერცვაძე

COVID არსად წასულა და სავარაუდოდ, კარგა ხანს შენარჩუნდება როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია. შესაბამისად, უნდა ვისწავლოთ COVID-თან თანაცხოვრება, სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და თავიდან ავიცილით COVID-ის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.

„მთელ მსოფლიოში გრძელდება COVID ახალი შემთხვევების (დღეში მილიონამდე) და გარდაცვალების (დღეში 2 000-ზე მეტი) შემთხვევების მატება. COVID ახალი შემთხვევების მატება აღინიშნება საქართველოშიც (დღეში 1500-1700 ახალი შემთხვევა), მაგრამ საბედნიეროდ, COVID გარდაცვალების მაჩვენებლები დღემდე რჩება მინიმალურ (მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ) ნიშნულზე, რაც განპირობებულია ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობით.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი. კერძოდ, ბოლო ოთხი თვის და ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საქართველოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით COVID გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, როგორიცაა გერმანია, ისრაელი, იაპონია და სხვა“, – აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, ვაქცინაციით მოცვის გაზრდასთან ერთად, საჭიროა COVID-ზე დროული დიაგნოსტიკა, დროული კომუნიკაცია ექიმთან და მკურნალობის დროული დაწყება.

„ქვეყანაში COVID-ის კლინიკური მართვის ეფექტიანობის ძირითადი ინდიკატორი – COVID დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი – ე.წ. CFR (case fatality rate) პირველად ჩამოსცდა 1%-ს და შეადგინა 0,99%, რაც მსოფლიოს 112 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ მთელი პანდემიის, ხაზს ვუსვამ მთელი პანდემიის მანძილზე საქართველოში ყოველი 100 (ასი) COVID ავადმყოფისგან 99-ის გადარჩენა ხერხდებოდა და მხოლოდ ერთი ავადმყოფის გადარჩენა ვერ ხერხდებოდა. ბოლო პერიოდში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო უკეთესია და საშუალოდ ყოველი 1000 (ათასი) ავადმყოფისგან მხოლოდ ერთი ან ორი ავადმყოფის გადარჩენა ვერ ხერხდება. მაგრამ COVID არსად წასულა და სავარაუდოდ კარგა ხანს შენარჩუნდება როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ COVID-თან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და თავიდან ავიცილით COVID-ის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე. ამის გარანტია ვაქცინაციით მოცვის გაზრდასთან ერთად (ბუსტერ დოზების ჩათვლით) არის COVID-ზე დროული დიაგნოსტიკა, დროული კომუნიკაცია ექიმთან და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დროული დაწყება. ბოლო თვეების მანძილზე არცერთი COVID ავადმყოფი, მათ შორის ხანდაზმული ასაკის და/ან მძიმე თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებიც კი დიაგნოსტიკის და მკურნალობის დროულად ჩატარების შემთხვევაში არ დამძიმებულება და მით უმეტეს არ გარდაცვლილა.

ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ ამ მიმართულებით უდიდესი სამუშაო გასწია, მაგრამ ამის მიუხედავად გხვდება შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა COVID-ის სიმპტომების გაჩენისთანავე არ იტარებს COVID ტესტს, რითაც გვიანდება დიაგნოსტიკა, შესაბამისად ექიმთან კომუნიკაცია და ჩვენებების შემთხვევაში მკურნალობის დაწყება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების დამძიმების რისკებს. ასევე ჯერ კიდევ არის შემთხვევები, როდესაც ოჯახის ექიმები და ან COVID კლინიკები სრულიად აუხსნელი მიზეზების გამო, ჩვენებების შემთხვევაშიც კი, არ იწყებენ მკურნალობას პაქსლოვიდით ან რემდესივირით, რაც ასევე სერიოზულად ზრდის დაავადების დამძიმების რისკებს“, – აცხადებს ცერცვაძე.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი მოქალაქეებს ურჩევს, ომიკრონის პირველივე სიმპტომების შემთხვევაში, ჩაიტარონ ტესტირება.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ომიკრონის შტამებით გამოწვეული COVID-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან. ამიტომ, აუცილებელია და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ COVID ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია და COVID-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა.

მინდა, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID კლინიკას და ყველა COVID პაციენტს, პირველივე COVID სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტი და სათანადო ჩვენებების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი ან რემდესივირი. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლეს“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share