„ზაფხულიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ენერგეტიკული ბირჟა, როგორც ეს ევროპული მოდელით არის წარმოდგენილი. ამასთან, „თელასს“ და „ენერგოპროს“ გამოეყოფა ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილი და ისინი იქნებიან მხოლოდ ქსელის მფლობელები“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.
აღნიშნული ცვლილება უკვე 2021 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება, თუმცა, როგორც ნარმანია აცხადებს, მოსახლეობა, მომხმარებლები მიმწოდებლის ცვლილებით რაიმე უხერხულობას არ იგრძნობენ.
„გამომდინარე იქიდან რომ 2019 წელს ამოქმედდა ახალი კანონი, უნდა მოხდეს კომპანიების გაყოფა. ერთი და იგივე კომპანია ვეღარ იქნება ქსელის მეპატრონეც და ელექტროენერგიის მიმწოდებელიც. ეს ნორმა ძალაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ ეს რეფორმა ძალიან მრავალკომპონენტიანია, თავად კომპანიებმაც გამოთქვეს ეჭვები რომ ეს ყველაფერი შეიძლება 1-ელ იანვრამდე ვერ მოგვესწრო. მათ გაყოფასთან დაკავშირებით, ერთი ნაწილი უკვე მივიღეთ დეკემბერში, შემდგომი ნაბიჯი კი არის რომ -მთავრობამ უნდა დაასახელოს უნივერსალური მიმწოდებელი ელექტროენერგიისა, ეს იქნება კერძო თუ სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია, უნდა შემოვიდეს მარეგულირებელ კომისიაში, უნდა გავცეთ მასზე ლიცენზია, შემდეგ ამ კომპანიამ უნდა მოგვმართოს საფასურის დადგენის მოთხოვნით, სემეკმა უნდა დაუდგინოს ეს საფასური და მხოლოდ ამის შემდეგ შევა ეს მოდელი ძალაში. შესაბამისად, მოხდა 6 თვით ამ რეფორმის გადავადება. 6 თვეში ასევე ძალაში შედის ენერგეტიკული ბირჟა. ეს ორი პროცესი ერთმანეთს დაემთხვევა და ზაფხულიდან გვექნება ახალი მოდელი. შედეგად, თუ დღეს მოქალაქეებს, მცირე და საშუალო ბიზნესს ელექტროენერგიას „თელასი“ და ენერგო პრო“ აწვდის, ზაფხულიდან მიმწოდებელი იქნება სხვა თუმცა, ამას მომხმარებლები ვერ იგრძნობენ.
რაც შეეხება მოსახლეობას და მცირე და საშუალო ბიზნესს, მათ მოემსახურება სწორედ ის უნივერსალური კომპანია, რომელსაც დაასახელებს მთავრობა და რომელზეც სემეკ-მა უნდა გასცეს ლიცენზია. შედეგად მოსახლეობაც, მცირე და საშუალო ბიზნესიც დაზღვეული იქნება და ყოველთვის იქნება დადგენილი ტარიფის ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი,“-განაცხადა ნარმანიამ.