ასევე, ცენტრის მონაცემებით, სეზონის დასაწყისიდან რუსული ხორბლის ფასი ევროპული ხორბლის ღირებულებაზე დაბლა პირველად დაეცა. მაგალითად, ფრანგული ხორბლის (11,5%-იანი ცილით) საშუალო ფასი ტონაზე 343 დოლარია (წინა კვირასთან შედარებით, მინუს 7 დოლარი), ხოლო ამერიკული SRW ხორბალი, გასულ კვირასთან შედარებით, 9 დოლარით გაძვირდა და ტონაზე 342 დოლარი შეადგინა.
აგვისტოში ხორბლის ექსპორტის პროგნოზი (ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ჩათვლით) იგივე დონეზე, 3,8-3,9 მლნ ტონაზე რჩება, რაც ერთი წლის წიანდელ 5,27 მლნ ტონაზე ნაკლებია. „რუსაგროტრანსის” მონაცემებით, პროგნოზირებული მოცულობიდან აგვისტოს პირველ ნახევარში, დაახლოებით, 1,9 მილიონი ტონა ხორბალი გავიდა.
სოფლის მეურნეობის ბაზრის კვლევის ინსტიტუტის, IKAR-ის აღმასრულებელი დირექტორის, დიმიტრი რილკოს განცხადებით, რუსული ხორბლის საექსპორტო ფასების შემდგომი დაცემის შანსი დიდია, რაზეც მარცვლეულისთვის უკრაინიდან გახსნილი დერეფნი ახდენს გავლენას.
ანალიტიკური კომპანია „პროზერნოს“ გენერალური დირექტორი, ვლადიმერ პეტრიჩენკო რუსული ხორბლის შიდა და საექსპორტო ფასებს „კატასტროფულს“ უწოდებს.
„ამჟამად ფასები მხოლოდ იკლებს, ხოლო საექსპორტო ბაზარზე კიდევ უფრო აქტიურად ეცემა. ეს არის უბრალოდ, შოკი,“ – აცხადებს პეტრიჩენკო.
ახლახან რუსეთის ფერმერთა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციამ (AKKOR) მარცვლეულის წარმოების შესანარჩუნებლად სახელმწიფო ინტერვენციული ფონდის მიერ შესყიდვების გაზრდა და მარცვლეულ კულტურებზე საექსპორტო გადასახადის გაუქმება მოითხოვა. ამ მოთხოვნით ასოციაციამ წერილით პუტინს მიმართა, რომელშიც AKKOR მიზეზად მიმდინარე წელს შიდა ბაზარზე მარცვლეულის ფასების კოლაფსს ასახელებს. AKKOR წერს, რომ ამჟამად მარცვლეულის ფასი თვითღირებულებაზე დაბალია და ფერმერები შესაძლოა, გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდნენ. ამდენად, მკაცრი სანქციების ზეწოლის პირობებში საჭიროა გადაუდებელი ზომების მიღება, კერძოდ, მარცვლეულზე სახელმწიფო კომპანიის შექმნა, რომელიც შიდა ბაზარზე ფასების მნიშვნელოვანი ვარდნის შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის მწარმოებლებისგან პროდუქციას ყველაზე დაბალ ფასად შეიძენს, ხოლო ფასების ზრდის შემდეგ, ფერმერები მისგან თავიანთ მოსავალს ადრინდელი, დაბალი ფასით გამოისყიდიან.
თუმცა პუტინმა რუსი ფერმერების არცერთი მოთხვნა არ დააკმაყოფილა.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წელს კრასნოდარის მხარეში მარცვლეულის ღირებულება, თითქმის, მესამედით დაეცა და 2017 წლის დონეს მიუახლოვდა.
bpn.ge