მთავარი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი გაბუნია ამბობს, რომ ტელეკომპანია კომუნიკაციის კომისიის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს – გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
კომუნიკაციების კომისიამ დღეს, 23 აგვისტოს, მოძრაობა შინ ევროპისკენ კლიპის გაშვებისთვის ფორმულას და ტვ პირველს გაფრთხილება მისცა, მთავარი არხი კი 118 688 ლარით დააჯარიმა. კრიტიკული მედიების წინააღმდეგ სარჩელი კომისიაში მმართველმა პარტიამ შეიტანა.
“პირველ რიგში, ხაზგასასმელია ის, რომ კიდევ ერთხელ დაგვაჯარიმეს ევროპის მხარდამჭერი კლიპისთვის, რაც არ მიკვრის, რა თქმა უნდა. ისინი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ, რათა ჩვენი ისედაც მძიმე ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაგვიმძიმონ. პირდაპირი მუქარაც მოვისმინეთ, რომ თუ კიდევ ასე გავაგრძელეთ და კიდევ ერთი პროევროპული კლიპი მოხდება ჩვენს ეთერში, შეიძლება საერთოდ ლიცენზია ჩამოგვართვან. ესეც არ გამიკვირდება, უფრო მეტიც, ველოდები, აი ჩვენთან ოლიგარქის კლიპი გადის, იქ რომ სტაფილო ჩანს, აი იმ სტაფილოსთვის როდის დაგვაჯარიმებენ. არ არის პრობლემა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ჯარიმის გადახდა. გავასაჩივრებთ, როგორც წინა შემთხვევაში და ვნახოთ შემდეგ რა მოხდება”. – თქვა გიორგი გაბუნიამ მთავარ არხთან.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის შეფასებით, კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება სამი კრიტიკული მაუწყებლის: ფორმულას, მთავარი არხის და ტელეკომპანია პირველის მიმართ პოლიტიკური ხასიათისაა და არ ემყარება სამართლებრივ საფუძვლებს.
მათი განცხადებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკას, რომლითაც მსგავსი დარღვევის დასადგენად, პირველ ყოვლისა, შეფასებული უნდა ყოფილიყო საეთერო ბადეში განთავსებული რეკლამის წინასაარჩევნო/პოლიტიკური მახასიათებლები და მისი ფორმალური მხარე. კამპანია შინ ევროპისკენ სახელით გავრცელებულ სადავო რგოლში კი არ ჩანს არცერთი საარჩევნო სუბიექტი – საჯარო ხელისუფლების თანამდებობის არცერთი კანდიდატი.
შესაბამისად, კუმულაციურ პირობებს, რომელთა ერთობლიობაც წინასაარჩევნო რეკლამად შეფასების შესაძლებლობას შექმნიდა, მასალა ვერ აკმაყოფილებს.