უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ სამხედროს სამშობლოში მომდევნო კვირაში ჩამოასვენებენ. მანამდე გელა გოგიას თანამებრძოლები კიევში გამოემშვიდობებიან. გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში გადაიხდიან. გამოცდილი სამხედრო, აფხაზეთისა და 2008 წლის ომის მონაწილე გუშინ ქალაქ კრამატორსკში დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მისი დანაყოფი საარტილერიო დაბომბვაში მოყვა. გელა გოგია უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში ომის დაწყებისთანავე ჩაერთო. ის უკვე მე-19 ქართველი გმირია რომელიც ორი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა.
უკრაინაში მყოფი მებრძოლების ცნობით, 25 აგვისტოს დაიჭრა კიდევ 4 ქართველი ჯარისკაცი, რომლებიც სხვა დანაყოფის შემადგენლობაში იბრძოდნენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ოკუპანტებთან შეტაკებისას დაიღუპა აზერბაიჯანელი მებრძოლი.
გელა გოგია უკვე მე-19 ქართველი გმირია, რომელიც ორი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. სამშობლოში ჩამოსვენებული გმირები სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ამ დრომდე ვერ ხერხდება რუსების ოკუპაციის ქვეშ მყოფი მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება.
მთავარი არხი