პური 10 თეთრით გაძვირდა – რამ გამოიწვია ფასის მომატება

ორი დღეა, პური და ფქვილი 10 თეთრით გაძვირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პური უკვე 1 ლარი და ათი ან თხუთმეტი თეთრი ღირს. რატომ გაძვირდა პური? – ექსპერტებთან საუბრისას CNews-მა გაარკვია, რომ ფასების ზრდაზე გავლენა ორმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა მოახდინა, ანუ პურის წარმოებისთვის საჭიროა ფქვილი, აღნიშნულ პროდუქტზე კი ფასები მსოფლიო ბაზარზე მიღებული ტარიფებით რეგულირდება. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორი, ლევან სილაგავა CNews-ს უთხრა, რომ მსოფლიოში ფქვილზე ფასი გაიზარდა

– ფქვილზე ფასი რატომ გაიზარდა?

– კრიზისი არ გვაქვს, ფასი მსოფლიო ბაზრებზეა გაზრდილი. ყოველთვიური ანალიტიკით, რომელიც აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ყოველი თვის 11 რიცხვში ქვეყნდება, წინა თვეში მსოფლიო მოსავალი შემცირდა, მათ შორის, რუსეთში 10 მილიონი ტონითაა შემცირებული, რაც მთლიანი ხორბლის მოსავლის 12%-ია, უკრაინაშიც შემცირებულია, ყაზახეთშიც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც, რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა. შესაბამისად, ბალანსი დაიძაბა მსოფლიოში და ფასმა მატება დაიწყო. რუსეთში მოქმედებს მცურავი ბაჟი, რომელიც სეზონის დასაწყისში 25-27 დოლარი იყო, ახლა კი 57 დოლარია. ეს საექსპორტო ბაჟია. შესაბამისად, ამან გამოიწვია ხორბლის გაძვირება – ხორბლის ფასი, თუ ივლისის დასაწყისში 240 დოლარი იყო, დღეს  300-320 დოლარია ერთ ტონაზე. შესაბამისად, ეს გადავიდა ფქვილში, ფასი ავიდა 70 ლარზე, პირველი ხარისხის ფქვილის გამოშვება სეზონის დასაწყისში 60-62 ლარი იყო.

როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მიერ ნათქვამიდან ირკვევა, საქართველოში ფქვილის, შესაბამისად, პურის ფასის ზრდა ნაწილობრივ რუსეთის მოსავალზე და ასევე, მცურავ ბაჟზეა დამოკიდებული, მცურავი ბაჟი კი რუსეთში გაიზარდა.

„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე პურის გაძვირებაზე საუბრისას აცხადებს, რომ პურის გაძვირება პირდაპირ მიბმულია ფქვილზე, თუმცა რამდენიმე თვის განმავლობაში მოქმედებდა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა, რომელიც მცხობელ საწარმოებს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ასუბსიდირებდა, რამაც როგორც პურის ფასის შენარჩუნება, ასევე, რამდენიმე საწარმოს დახურვაც გამოიწვია.

„ჩვენთან მუშაობდა სუბსიდირების პროგრამა, რომ პური არ გაძვირებულიყო, მაშინ ნიშნული იყო 53 ლარი ფქვილის ღირებულების. ეს პროგრამა ივნისში დასრულდა და როგორც კი დასრულდა, ფქვილის ფასი გაიზარდა – ერთი ტომრის ღირებულება გახდა 72 ლარი, მიუხედავად ამისა, მეპურეებს ფასი არ გაუძვირებიათ. ვმუშაობდით ამ ნიშნულზე, კი ვწუხდით და საკითხი დავუყენეთ ყველას, მაგრამ პირველი 10-თეთრიანი გაძვირება მაინც მოხდა, ვერ ჩავეტიეთ თვითღირებულებაში.  გვეგონა, ფქვილის ფასი დაიკლებდა, თუმცა ავიდა რეკორდულ მაჩვენებელზე. უმაღლესი ხარისხის ფქვილი ღირს 80 ლარი, ასეთი ნიშნული საქართველოში ჯერ არ ყოფილა. ან უნდა წარმოება დაკეტო, ან უნდა მოუმატო. წარმოებას სჭირდება ხელფასები, დისტრიბუცია, მარტივი არ არის. თბილისს სჭირდება 350-დან 400 ტონა პურამდე, ამის გამოშვება პატარა თონით და საცხობებით შეუძლებელია, თუ ქარხანა არ იმუშავებს, ეს იქნება უდიდესი ბუმი. ამას უნდა ხელის შეწყობა,“ – ამბობს დოლიძე.

როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ფქვილის, შესაბამისად, პურის ფასის ცვლილება ავტომატურადაა მიბმული მსოფლიო ბაზარზე, მათ შორის, ჩვენი ჩრდილელი მეზობლისა და იმ ქვეყნის მოსავალზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. საქართველოში ხორბლის წარმოება და ადგილობრივ ბაზარზე პურისა და ფქვილის წარმოებისთვის საჭირო პროდუქტის გაჩენა მნიშვნელოვნად შეამცირებს პურის ფასის რუსეთსა და მსოფლიოს მოსავალზე დამოკიდებულებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share