2022 წლის 7 სექტემბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი, შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა მრჩეველთა საბჭოს გააცნო ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გზშ-ს ანგარიშის მომზადების პროცესი, ასევე წარადგინა მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრი, ალა მარი, რომელიც ჩხაკაურას საჯარო სკოლის დირექტორია.
შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნეს კომპანიის მიერ მართული პროექტების განვითარების ფაზები და სამომავლო გეგმები. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა სპეციალურად საბჭოს წევრებისთვის მოდერაცია გაუწია ინტერაქციულ განხილვას, რომლის ფარგლებშიც მიმოიხილეს ენერგეტიკის სექტორში არსებული მითები, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს დეზინფორმაცია და მითები ქართული ენერგეტიკის სფეროს განვითარებაზე.
„საკმაოდ საინტერესო განხილვა გამოგვივიდა მრჩეველთა საბჭოს წევრების მონაწილეობით. ჩვენთვის, როგორც დეველოპერებისათვის, ფრიად სასარგებლო იყო მოსმენა, თუ რა მითები არსებობს ჩვენს საზოგადოებაში და ამ მითების საპირწონედ რა რეალობა გვაქვს. ბევრი ჩვენთვის დამაფიქრებელი აქცენტი გაკეთდა. ცხადია და არახალია, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან. აქვე აღვნიშნავ, რომ საინტერესო პროცესია, რომლის დროსაც ორივე მხარე იღებს ახალ ინფორმაციას და იზრდება.ამ გადასახედიდან, ჩვენ ბევრი მითი მოვიტოვეთ უკან, კონკრეტულად გურიის მაგალითზე. “ – განაცხადა, ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ლელა მდინარაძე, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია საბჭოში. მან საბჭოს წევრებს გაუზიარა ის დადებითი შეფასებები, რომელიც ბახმაროს ლედ განათების პროექტის შესახებ გაკეთდა ბახმაროსა თუ ჩოხატაურის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.
მრჩეველთა საბჭოს წევრებმა იხილეს ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო ბახმაროს ლედ განათების პროექტის ვიდეო მიმოხილვა.
საბჭოს შეხვედრები ბახვი ჰესის ინიციატივით იმართება და ემსახურება ერთის მხრივ საბჭოს წევრებისთვის პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის დროულად და ეფექტიანად მიწოდებას, მეორეს მხრივ კი მათგან საინტერესო მოსაზრებების და რეკომენდაციებსი მოსმენას. შეხვედრა ოზურგეთში, ბახვი ჰესის ოფისში გაიმართა.
შეგახსენებთ, ბახვი ჰესის გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხების მრჩეველთა საბჭო კომპანიის ინიციატივით შექმნილი სათათბირო ორგანოა, რომლის მიზანიცაა, დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა და ჰიდროელექტროსადგურების პროექტების მეტი გამჭვირვალობა. საბჭო ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებიდან ნომინირებული 12 დამოუკიდებელი წევრისაგან შედგება. საბჭოში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულები, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ბიზნესი.