გახმაურებული მკვლელობის და დაჭრის ორი ვერსია გურიაში – რატომ ფიქრობენ ადგილობრივები, რომ საქმე კანონიერ ქურდებს შორის სისხლიან გარჩევას უკავშირდება

გურიაში, სახლთან, სადაც 53 წლის მამაკაცი დემურ  გოგოტიშვილი დაჭრილი იპოვეს, საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს – ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობებით მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგოამრეობა ისევ  მძიმეა. 

მომხდარის ორი ვერსია არსებობს, ერთი უკავშირდება ორი დღის წინ 23 წლის გიგა როყვას მკვლელობას, რადგან დაჭრილი მკვლელობაში ბრალდებულის ვაჟა გოგოტიშვილის ბიძაა და მეორე ვერსიით, შესაძლოა, პირმა თვითდაზიანებები მიიყენა, რადგან, გამოძიებამ სახლში წერილიც იპოვა.

რომელი ვერსიაა რეალური, ახლა ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. არსებობს ვარაუდი, რომ დაჭრა და მკვლელობა ე.წ. კრიმინალებს შორის ანგარიშსწორებას უკავშირდება. თავად დემურ გოგოტიშვილის ახლობლები შურისძიების  ვერსიას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ დემურ გოგოტიშვილმა თვითდაზიანებები ბასრი საგნით თავად მიიყენა. ამის შესახებ მან  ოჯახს წერილით შეატყობინა. რა გახდა სუიციდის მცდელობის მიზეზი, ნათესავებს საუბარი უჭირთ.

გიგა როყვას მკვლელობაში ბრალდებულის ვაჟა გოგოტიშვილის  მამა კი უარყოფს ინფორმაციას  რომ მისი შვილი ე.წ. კრიმინალურ გარჩევაში  მონაწილოებდა და როყვაც ამიტომ მოკლა. ის სრულიად უარყოფს მისი შვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს. ხოლო ამტკიცებს, რომ მისმა ძმამ დემურ გოგოტიშვილმა ჭრილობები საკუთარი ხელით მიიყენა.

„წერილში წერს, რომ თავი თვითონ დაისერა. არ ვიცი რატომ, გადავიდა კაცი ჭკუიდან და  ეს ჩაიდინა. წერს, რომ ყველაფერი ჩემით ვქენი და არავისთან მოსათხოვი არაფერი გაქვთო. ბრიტვით აქვს ჭრილობები მიყენებული. საავადმყოფოში მე გადავიყვანე. ასე დასერილი საწოლში ვიპოვე. მაგიდაზე ვნახე ეს წერილი დადებული. რ ვიცი,  ჩემს შვილს გამოძიება რას ედავება. ბრალს ხომ დამტკიცება უნდა?  კი ბატონო, ამბობენ, მაგრამ ზუსტად იციან, რომ მან ჩაიდინა? ვაჟას არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია, ის სახლში იყო და თავისთვის ცხოვრობდა. გამოიძიონ და დადონ მტკიცებულებები რომ ისაა დამნაშავე“,-ამბობს ბრალდებულის მამა.

ადგილობრივები კი ეჭვობენ, რომ დაჭრილი დემურ გოგოტიშვილის ოჯახი რაღაცას მალავს. მათი თქმით, ალოგიკურია ის ამბავი რასაც ისინი ყვებიან. მამაკაცს თვითმკვლელობის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. მათ ეჭვი აქვთ, რომ დანაშაული 23 წლის გიგა როყვას მკვლელობას უკავშირდება და დემურ გოგოტიშვილის დაჭრა მისმა ახლობლებმა შურისძიების მიზნით ჩაიდინეს.

„საქმე ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის გარჩევას ეხება. მკვლელობა და დაჭრა, ორ სავარაუდო კლანს შორის დაპირისპირებას უკავშირდება. ე.წ. კანონიერ ქურდს გიგა მოდებაძესა და გიგა ოზურგეცკის გარემოცვას შორის. გიგა მოდებაძე მოკლული 23 წლის გიგა როყვას ნათლია იყო. სწორედ ამ ყველაფერს უკავშირდება  სისხლიან გარჩევები, რომელიც 11 სექტემბერს დაიწყო. საქმე კარიერების ბიზნესს ეხება და ეს დავა უკვე წლებია გრძელდება“,-ამბობს ადგილობრივი.

გურიის პოლიციის უფროსი  კი აცხადებს, რომ მათ წერილი ნამდვილად იპოვეს, ის დალუქულია და კრიმინალისტებს გადაეცა. ამ ეტაპზე პოლიცია რაიმე დასკვნის გამოტანისგან თავს იკავებს. მათი ინფორმაციით, ყველა ვერსიაზე მუშაობა მიდის. არის თუ არა აღნიშნული წერილი მისი დაწერილი, გამოკვლევა მოხდება.

ამ ეტაპზე ვაჟა გოგოტიშვილი, რომელსაც 23 წლის გიგა როყვას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული არ არის. ის მიმალვაშია და პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

ექიმის განმარტებით კი დემურ გოგოტიშვილს მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნებოდა, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. როგორც მედიკოსი ამბობს, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად მძიმეა.

“სხეულის მთელ ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, ორივე ზემო და ორივე ქვემო კიდურზე, კისრის არეში, ორივე მტევანზე. ახლახან დამთავრდა ოპერაცია, ჭრილობები დამუშავდა, გაიკერა. გადაყვანილია პალატაში. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე,” – აცხადებს “მედალფას” ოზურგეთის კლინიკის დირექტორი დავით მდინარაძე.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share