როცა სამშობლო სიცოცხლეზე მეტად გიღირს, როცა მიზანი საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებაა, რომ ქვეყანა გადაარჩინო – ისტორიასაც თავად წერ.
საქართველო ამ მხრივ განსაკუთრებული ქვეყანაა, აქ ყველა მნიშვნელოვან თარიღს საკუთარი სახელი აქვს. აქ ყველა ადამიანს მისი წილი სოცოცხლე იმ ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში აქვს დათმობილი, რომლებიც ისტორიას შემორჩნენ და ქართული სახელმწიფო დღევანდელ დღემდე მოიტანეს.
“იქნება სხვები ამას არ ხედავენ, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულად ეღირსება ამ ბედშავ ერს თავისუფლება. მაშინ მზეც მხიარულად გაანათებს და გაათბობს არეს და მთვარეც გაანათებს ძველ კვალს, რომელიც სიმართლისკენ მიდის” – მარო მაყაშვილი 1918 წელი 12 ივნისი.
ამ ჩანაწერამდე რამდენიმე კვირით ადრე 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, თუმცა ეს არ იყო საბოლოო გამარჯვება. ამ დღიდან აღმასრულებელი კომიტეტი ოფიციალურად შეუდგა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის მზადებას. მაშინ მარო მაყაშვილი16 წლის იყო, მისი დღიურის ამ ამონარიდიდანაც ჩანს, რომ ბრძოლა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საქართველოს წინ ჰქონდა და შესაძლოა, ბევრი წელი დასჭირვებოდა მიზნის მიღწევას.
1921 წელს წითელი არმიის საქართველოში შემოჭრას იუნკრებთან ერთად 19 წლის მარო მაყაშვილიც ემსხვერპლა, პირველი ეროვნული გმირი ქალი, რომელიც თავად გახდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მსხვერპლიც და სიმბოლოც. მარო მაყაშვილის ნათესავი ახლა ბებიის მოყოლილ ისტორიას იხსენებს, როგორ წავიდა წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში მაროც და მისი სტუდენტი ძმა შალვაც. მარო მესამე დღეს ბოლშევიკებმა მოკლეს, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მაროს გარდა მისი ბევრი ნათესავი შეეწირა… 16 წლის გოგოს დღიური კი ოჯახმა საგულდაგულოდ გადამალა და თითქმის 70 წლის შემდეგ გამოაჩინეს.
საქართველოს მცდელობა გამხდარიყო დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანა რუსეთმა სისხლში არაერთხელ ჩაახშო, თუმცა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისგან დამოუკიდებლობა ოფიციალურად 1991 წელს 9 აპრილს მაინც გამოცხადდა. ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის კი დღემდე გრძელდება. ამ ბრძოლას ბევრი შეწირული გმირი ჰყავს. ერთ-ერთია ზურაბ იარაჯული, სამხედრო მფრინავი, რომლის ვერტმფრენიც რუსმა ოკუპანტებმა 1993 წელს ჩამოაგდეს, ცოცხლად გადარჩენილი მფრინავმა ტყვეობას სიკვდილი არჩია.
ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის გმირია ზაზა დამენია. აფხაზეთის ომს გადაურჩა, თუმცა 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად, ქართული სოფლების დასაცავად მოხალისედ წავიდა. მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული დაპირისპირებების დროს, ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, რომელთა შორის იყო ზაზა დამენია. კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და სამი ჯარისკაცი გადაარჩინა.
ძმები რომელაშვილები 2008 წლის აგვისტოში რუსეთ საქართველოს ომს ემსხვერპლნენ. ჯარისკაცობა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცხინვალიდან გამოყარეს. მაშინ გია თერთმეტი წლის იყო, გელა შვიდის. უმცროსი ძმა ოჯახის წევრებმა ბოლოს 6 აგვისტოს ნახეს, გია 7 აგვისტოს. გია რომელაშვილის ცხედარი ამ დრომდე დაკარგულია.