ვარლამი პოლიტიკაში?! – გიორგი თარგამაძის OP-ED

“ქართველებო გელით გაერთიანებულ ევროპაში..” – მოლოცვასთან ერთად ასეთი გზავნილი ჩამოგვიტანა ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და მზარდი გავლენის მქონე ქვეყნის პრეზიდენტმა. ყურსაც და გულსაც ესიამოვნა, განსაკუთრებით ჩვენი საამაყო ოფიცრებისა და ახალფიცდადებული ჯარისკაცების და ჯარისქალების შემხედვარე, თუმცა უკანა ფონს თვალი მოვავლე თუ არა, გულმა რეჩხი მიყო: თავისუფლების მოედანზე აღმართულ ტრიბუნაზე ვის არ შეამჩნევდით, გარდა პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა. ალბათ არაფერი ისე არ გამოხატავს ქართული პოლიტიკის და საზოგადოების დანაწევრების ხარისხს, ამავე დროს დისტანციას ევროპული პოლიტიკისგან, როგორც დღევანდელი საზეიმო ღონისძიებების სურათი.

სურათი, რომლის ნაწილიც იყო მოსამართლეთა კლანის თავყრილობა, სიმართლე გითხრათ, უფრო კორექტულად – კორპუსის თქმას ვაპირებდი, მაგრამ მოსამართლეთა კონფერენციაზე შეკრებილების მიერ ერთხმად და ერთსულოვნად მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, მათ გაერთიანებას აშკარად კლანი უფრო უხდება და შეესაბამება.

მათ ხომ კანონითვე შეეძლოთ არჩევნები არ დაეჩქარებინათ; ძლივს, დასავლელი პარტნიორების წვალების და ზეწოლის შედეგად შეთანხმების და პოლიტიკური თანამშრომლობისკენ დაძრული პროცესი დარტყმის ქვეშ არ დაეყენებინათ, ყველაფერი ფეხებზე დაიკიდეს: ევროპის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ხელმოწერაც, წამყვანი ქართული, მათ შორის სამთავრობო პარტიების ვალდებულებებიც, ამერიკის და ევროკავშირის ელჩების განმეორებითი და მკაფიო მიმართვებიც და რაც მთავარია, ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის თუნდაც მყიფე იმედი, რომ დაანონსებული რეფორმის შედეგად მართლმსაჯულების სისტემაში, ამ შეთანხმების საფუძველზე რამე შეიცვლებოდა. ამ მართლაც კლანმა დღეს პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობის მწვერვალი დაიპყრო და ზემოდან გადმოხედა ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ეროვნული ღირსების დღეს აღნიშნადა.

ქართულ პოლიტიკურ სცენას თმაშეკრული მამაკაცი ლიდერი ჯერ არ უნახავს. თუმცა, ეს დეტალი ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია იმ მოვლენის დასახასიათებლად, რასაც ახალი საპროტესტო ტალღა ჰქვია.

ნამოხვანის პროტესტი გაცდა ნამოხვანსაც, რიონის ხეობასაც, ჰესსაც და ენერგეტიკასაცდემონსტრაციამ დედაქალაქის გულში გადმოინაცვლა, ჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნებმა კი პოლიტიკური ულტიმატუმის ფორმა მიიღო და ქალაქის სრული პარალიზების მუქარის თანხლებით.

ბევრი ელოდა რომ ახალი ლიდერი და გამძლეობით გამორჩეული ადამიანები, უკომპრომისობითა და თავგანწირვით, ხელისუფლებას, პროტესტის ამ ფაზის დასაწყისშივე სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდნენ. ბევრმა “პოპ-კორნიც” მოიმარაგა სანახაობის მოლოდინში, თუმცა ამაოდ: ორთაბრძოლა არ შედგა. როგორც მოკრივეებმა მატჩის წინ, ხელისუფლებამაც და პროტესტის მონაწილეებმაც კუნთები შეათამაშეს, ერთმანეთს თვალები გადაუბრიალეს, ერთი-ორი პროვოკაციული შეძახილიც მიაყოლეს და ყველაფერი ამით დამთავრდა. აი, როდის შედგება ეს ორთაბრძოლა ან საერთოდ შედგება თუ არა, ჯერჯერობით გაურკვეველია.

ოცნებას რომ მუქარა არ ესიამოვნა, მათი ლიდერების განცხადებებიდანაც გამოჩნდა. თუმცა, ხელისუფლებამ ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები აშკარად დაინდო. ვარლამი და მისი მხარდამჭერები არც მანქანაში ჩაუტენიათ და პოლიციის განყოფილებაში წაუბრძანებიათ და არც მრავალათასიანი ჯარიმებით “დაუსაჩუქრებიათ“. არადა, ახალგაზრდა აქტივისტებს, ფარულავასა თუ ბერძენიშვილს რომ გმირთა მოედნისა და შესაბამისად ქალაქის მთელი ცენტრის პარალიზება მოეხდინათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რა სურათს ვნახავდით.

ბუნებრივია, არც ოპოზიცია შეხვდებოდა ენთუზიაზმით ვარლამ გოლეთიანის სახალხო ლიდერის პოზიციაზე აღზევებას და პოლიტიკური დღის წესრიგის, დროებით, რიონის ხეობის აქტივისტებისთვის გადაბარებას. თუმცა რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მსხვილი ოპოზიციური პარტიები პასიური განცხადებებით ან დუმილით შემოიფარგლნენ. თავის მხრივ, გოლეთიანმაც დაინდო ამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი და იმის ნაცვლად, რომ სისტემასთან მებრძოლ სახალხო ლიდერს ამ უსამართლო “სისტემური გველეშაპის“ თავისთვის, ანუ ივანიშვილისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა, ისრების თურნავაზე გადატანით დაკმაყოფილდა.

საკითხავია, რატომ ფრთხილობს ოცნება და ნაცმოძრაობა გოლეთიანთან და რიონის ხეობის აქტივისტებითან მიმართებაში? თითქოს ცხადია, რომ ეს პროცესი შესაძლოა ორივესთვის პრობლემად იქცეს. ამ კითხვაზე საპასუხოდ ჰესის მოწინააღმდეგეთა მრავალფეროვან რიგებს უნდა გადავხედოთ. მოფაშისტო ელემენტები, ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტები, ბუნების დამცველები, მემარცხენე მწვანეები, პროგრესული სოციალისტები, ლიბერალები, ჰიპები თუ ლგბტქ აქტივისტები. ამას ემატება სამღვდელოების წარმომადგენლებიც.

ხელისუფლებას ძირითადად საპატრიარქოსთვის და მემარჯვენე ნაციონალისტებისთვის თავში კომბლის ჩარტყმის მოერიდა. ოცნება ამ ჯგუფებს, უკეთეს შემთხვევაში, საკუთარ ამომრჩევლად, უარეს შემთხვევაში კი მოკავშირეებად განიხილავს. აბა, მხოლოდ ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ან ლიბერალურად განწყობილი აქტივისტების პროტესტი რომ ყოფილიყო, სიამოვნებით დაუტეხავდნენ თავებს. ძალაუფლებაში მყოფებს ალბათ მიაჩნიათ, რომ თუ ეს პროტესტი არჩევნებამდე ჩაფლავდა – ხომ კარგი, თუ არა და მცირე დათმობებით ოცნება დანარჩენი ჯგუფების მომადლიერებასაც შეძლებს. ნაცმოძრაობაში კი ალბათ ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას ნამოხვანის საკითხზე ხელშესახებ დათმობაზე წასვლა სერიოზულად გაუჭირდება, რაც სოციალისტური, მწვანე თუ ლიბერალური პარტიების არარსებობის თუ უკიდურესი სისუსტის პირობებში, ამ ადამიანებს ერთ დიდ საპროტესტო ელექტორატად აქცევს და მათ ხმებს ოცნების საპირისპირო ბანაკის ყულაბაში მოაქცევს.

გოლეთიანი კი მიხვდა ალბათ, რომ წითელ ხაზთან ძალიან ახლოს მივიდა. ნამოხვანის ჰესის შეჩერების, ხეობის გადარჩენისა თუ ქართული მიწის არგაყიდვის ლოზუნგით, რიონის პირას კარავში ჯდომა ერთია, თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვა, ხელისუფლებასთან პირდაპირი პოლიტიკური დაპირისპირება და რაც მთავარია, დედაქალაქის პარალიზება სულ სხვა განზომილებაა, რისთვისაც ვარლამს და მის მომხრეებს არც საკმარისი გამოცდილება და რესურსი და არც მხარდაჭერა აღმოაჩნდათ. გოლეთიანმა “გემი” დაგვიანებით, თუმცა, მაინც დროულად შემოატრიალა და კვლავ რიონის ხეობაში მიბრუნდა ნაცად სპარიგ-პარტინორ ენკასთან დაპირისპირების გასაგრძელებლად. ხელისუფლებიდან თავშეკავებული თუმცა აშკარად გამაფრთხილებელი გზავნილებიც გაისმა: ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა დაფინანსების წყაროების თუ რუსული ინტერესების შესახებ. რაც იმას ნიშანვს, რომ თუ აქამდე გოლეთიანის სახალხო ლიდერად ქცევას ოცნება ხელს სერიოზულად არ უშლიდა, ხვალ შესაძლოა ის სახელმწიფო მანქანის ბინძური და დაუნდობელი კამპანიის სამიზნე გახდეს, რაც გოლეთიანის გარემოცვისა თუ მხარდამჭერთა სიჭრელის გამო რთული არ იქნება.

პირადად მე კი მიმაჩნია, რომ ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი ვარლამ გოლეთიანის მომავალი ნამდვილად პოლიტიკაშია და კარგიც იქნება, თუ ის ამ ნაბიჯს გადადგამს. მას მართლაც აქვს პოლიტიკოსისთვის აუცილებელი საბაზისო ჩვევები, ჰყავს მხარდამჭერების საკმაოდ ფართო სპექტრი და რაც მთავარია: პოლიტიკურ მოედანზე ნამდვილად არსებობს ნიშა ამ ტიპის ლიდერისთვის თუ პოლიტიკური მოძრაობისთვის. თუმცა, თბილისის საპროტესტო აქციებმა ნათლად გვაჩვენა, რომ ნამდვილ პოლიტიკურ ლიდერობამდე მას ჯერ კიდევ გრძელი და წინააღმდეგობით სავსე გზა აქვს გასავლელი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share