მხოლოდ აგვისტოს თვეში წინა თვეებთან შედარებით საქართველოში 48 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა – ინფორმაციას კვლევითი ორგანიზაცია pmc.ge ასაჯაროვებს.
ირკვევა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საზღვრის გადმომკვეთი და საქართველოში შემოსული რუსების რიცხვი კატასტროფულად მზარდია.
ბოლო 5 თვის განმავლობაში საქართველოში 228 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქეა შემოსული. ოპოზიცია საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს და არა ერთ რისკს ხედავს. ხელისუფლების ოპონენტები ითხოვენ, სუსმა მკაცრად გააკონტროლოს ვიზიტორები, ასევე, დაწესდეს შეზღუდვა მიგრანტებზე.
მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია საქართველო, სადაც შემოდის ზალიან დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქე. სწორედ ამიტომ დავაყენეთ დღის წესრიგში ინიციატივა, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის აღდგენა აუცილებელია, რაც მოგვცემს კონტროლის მექანიზმს.
ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ტურისტები არ შემოვუსვათ ქვეყანაში, მაგრამ უნდა დაწესდეს მკაცრი კონტროლის რეჟიმი – ვინ შემოდის ქვეყანაში, რამდენი ხნით, რა გეგმები აქვს. – ამბობს ,,ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი.