FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – დეკემბერში, ზრდას განაგრძობდა და 107.2 ქულა შეადგინა, რაც ნოემბრის თვის მაჩვენებელს 2.2%-ით აღემატება.
FAO-ს ფასების ინდექსმა 2020-ში, ბოლო სამი წლის მაქსიმუმს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ავრცელებს.
„ზრდა უწყვეტად გრძელდებოდა ბოლო შვიდი თვის მანძილზე. აღნიშნულის მიზეზად მსოფლიოში და განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, რძესა და რძის პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდებოდა. მიუხედავად ამისა, 2020-ში რძის ფასების ინდექსის საშუალო ქულა, 1.0%-ით ჩამორჩებოდა 2019 წლის მაჩვენებელს.
დეკემბერში, ხორცის ფასების ინდექსი გაიზარდა 1.7%-ით, ხოლო 2020 წელის ხორცის საშუალო მაჩვენებელი, 2019 წლის ნიშნულს 4.5%-ით ჩამორჩებოდა. წლის ბოლო თვეს, ფრინველის ხორცზე ფასები მსუბუქად გაიზარდა, ხოლო ღორის ხორცზე კი შემცირდა. შემცირება გერმანიის მხრიდან ექსპორტის ცვლილებას უკავშირდება, რასაც წინ უძღვოდა აზიაში ღორის აფრიკული ცხელების აფეთქება, რამაც ცხოველის განადგურება გამოიწვია.
FAO-ს შაქრის ფასების ინდექსმა 0.6%-ით დაიკლო დეკემბერში. 2020 წელს შაქრის ფასების საშუალო მაჩვენებელი კი 1.1%-ით მეტი იყო, 2019 წლის ამავე მონაცემზე“,-აცხადებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში.