ჟურნალისტი, ვახო სანაია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მე რომ რამე საქმეს ვაკეთებ.
შევარჩიე ხალხი.
მივეცი დავალებები.
ეს დავალება შესრულდა.
მომეწონა.
ვიტრაბახე და ვთქვი, რომ აი, რა მაგარი რამე გავაკეთე.
მეორე დღეს ამ ჩემ მიერ გაკეთებულ საქმეს 13 წლის ბავშვი შეეწირა.
თუ გუშინ ვტრაბახობდი, დღეს ვცდილობ, ჩემ მიერ შერჩეული ხალხიდან ვინმე ვიპოვო და დავსაჯო, რომ მე გადავრჩე.
ამის მერე მშვიდად გავაგრძელო ჩემი საქმიანობა.
ეს არის ფარჩაკობა, მხდალობა და არაკაცობა.
რად მინდა სისხლის სამართლის კოდექსი, როცა ყველა ნორმალური ქალაქის მერი ახლა წასული იქნებოდა თანამდებობიდან. ბოდიში და მშვიდობით – ეს იქნებოდა მიმართვის შინაარსი. სისხლის სამართლის კოდექსი კი მიხედავდა დანარჩენებს.
ვიცი, რაც ხდება შენს გონებაში – კაი რა, ამდენი ფული მაქვს გასაკეთებელი, უზარმაზარი ტენდერებია წინ და ახლა ამ ერთი ფაქტის გამო ეს ამხელა შემოსავალი როგორ დავკარგო. ამ ერთი შემთხვევის გამო პოლიტიკური კარიერა დავასრულო ?! თან მე ზომ არ გამიშვია დენი იმ შადრევანში, მე რა შუაში ვარ ?! აი, ესაა, რასაც ახლა ფიქრობ და ვერც ხვდები, რომ შუაში კი არა, თავში ხარ.
რა აზრი აქვს. ტყუილად ვწერ ამასაც.
და საერთოდ, არც მინდა ამ თემაზე რამის დაწერა. გაუბედურებული ოჯახის გამო მრცხვენია კიდეც, საერთოდ რამეს რომ ვწერ აქ, მაგრამ, მეორე მხრივ, მხოლოდ გლოვამ და პასიურობამ მოგვიტანა ის, რომ სულ უფრო ხშირად დგება გლოვის დღეები“, – წერს ვახო სანაია.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.