ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბუნდესტაგის წევრები კარგად არიან ინფორმირებული მიმდინარე პროცესის შესახებ, მათ შორის 12 პუნქტთან დაკავშირებით

„ჩვენ პარტნიორებს ვესაუბრებით საქართველოს ევროპულ მომავალზე, ევროპულ პერსპექტივებზე, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პროცესებზე და რა თქმა უნდა, საუბარი გვაქვს იმაზე, რომ გერმანიის როლი და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესში“, – ამის შესახებ ბერლინში სამუშაო ვიზიტით მყოფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ბუნდესტაგის წევრები კარგად არიან ინფორმირებული მიმდინარე პროცესის შესახებ, მათ შორის 12 პუნქტთან დაკავშირებით.

„მათ აქვთ სათანადო ინფორმაცია, თუმცა ჩვენ ბევრად უფრო ღრმა ინფორმაციას ვაწვდით იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი და როგორ ვხედავთ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ყრილობაზე არიან წარმოდგენილი ლიდერები პრაქტიკულად ევროპის ყველა ქვეყნიდან, მათ შორის არიან მმართველი პარტიების ლიდერები, პრემიერ-მინისტრები და ბუნებრივია მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ზოგადად ევროპის გაძლიერების, ასევე საქართველოს როლის გამოკვეთის კუთხით საერთო ევროპულ ოჯახში. ამ პლატფორმას ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი გზავნილი ჩვენი ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენს პარტნიორებამდე“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, 4-15 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ დელეგაცია პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესში მიიღებს მონაწილეობას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share