საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ფანტაზიასა და ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დეკემბერში გადადგომას აპირებს. ამის შესახებ ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ილია მეორეს ჰქონდა ნათქვამი გადადგომასთან დაკავშირებით, თუმცა, თარიღები და ვადები არ ყოფილა ცნობილი. მისივე თქმით, მღდელმთავრები გადადგომის წინააღმდეგები იყვნენ. გადადგომის სურვილის მიზეზად ჯაღმაიძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ასაკს ასახელებს.
“პატრიარქს ჰქონდა მსგავსი რამ ნათქვამი გადადგომის შესახებ, მაგრამ არანაირი თარიღები, არანაირ დღესთან, ვადებთან დაკავშირებით და ის, რაც გუშინ მთავარი არხის სიუჟეტში მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება, არის მორიგი ფანტაზია და მორიგი ტყუილი, ტყუილი, ტყუილი. [აპირებდა გადადგომას] ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, ასაკიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით. მე ვთქვი სიუჟეტში მაშინ, რომ მღვდელმთავრები ზოგადად არიან ამის წინააღმდეგი, მღვდელმთავრები პატრიარქისადმი მამობრივი გრძნობით არიან და განწყობაც შესაბამისია, რომ პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება”. – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.
საუბარია გუშინ, 13 ოქტომბერს, მთავარი არხის მიერ გავრცელებულ სიუჟეტზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დეკემბერში გადადგომას აპირებს.