პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნაწილი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს. მისი თქმით, ოპოზიცია გარკვეული პოლიტიკური მიზნების რეალიზებას ეწევა.
„მე მგონია, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე იკვებება ვითარებით, რომელიც პერიოდულად საქართველოში იქმნება – ხან ხანძარია, ხან მეწყერი, სამწუხაროდ, ადამიანების სიცოცხლე ეწირება გარკვეულ გარემოებებს, მაგრამ ასეთი გააფთრებული შეტევა კონკრეტულ პიროვნებებზე მაშინ, როცა სურათი ჯერჯერობით აბსოლუტურად არ არის ნათელი, მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, ეს არის გარკვეული პოლიტიკური მიზნების რეალიზება. ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში ოჯახის ტრაგედიით სარგებლობა მიღებულია, განვითარებულ დემოკრატიებში უბედურებები ხდება, მაგრამ ეს იმის წინაპირობა არ არის, რომ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მეორეს ისე შეუტიოს, რომ ამის საფუძველი არ ჰქონდეს. რასაკვირველია, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ და ვისი ბრალეულობაც არის, მერი იქნება თუ კონკრეტული შემსრულებელი, არავის უნდა ასცდეს პასუხისმგებლობა, მაგრამ რეალობა ერთია – როცა ადამიანი განზრახ მოკლეს, თავი იმართლეს იმით, რომ ამას დენმა დაარტყაო. ეს შემთხვევა 26 მაისს მოხდა. მაშინ, ჟურნალისტები დარბოდნენ, პანაშვიდზე მისულ ხალხს ატერორებდნენ და იმ ადამიანის კუბოს, რომელიც ცემით მოკლეს, თავი არ აახდევინეს. თავს იმით იმართლებდნენ, რომ დენმა დაარტყა, თურმე ეს ნორმალური ამბავი ყოფილა. მე წინ მორალურ მხარეს დავაყენებდი, რომელიც ზოგიერთ პარტიას და სუბიექტს საერთოდ არ გააჩნია ქვეყნის წინაშე. აქ კახა კალაძეზე და ჩემზე არ არის საუბარი. უნდა დადგინდეს მიზეზები და შემდეგ ვიმსჯელოთ, ვისი პასუხისმგებლობაა. იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ეთერებში ამ ყველაფერს სიცილ-კისკისით ჰყვებიან და აქციებზე საუბრობენ, მათ, ვინც ლექსო ლაშქარავას სურათით ინიავებდა, რადგან თურმე სცხელოდათ, მორალური უფლება არ აქვთ ილაპარაკონ, ვის უფრო სტკივა იმ პატარა გოგოს გარდაცვალება“, – განაცხადა ვოლსკიმ.