მიმდინარე თვეში რუსეთში ინფლაციის დონე 12.88%-იან ნიშნულზეა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.08%-ით მეტია და მნიშვნელოვნად აღემატება ცენტრალური ბანკის სამიზნე 4%-იან მაჩვენებელს.
მიუხედავად ამისა, ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელებულია, რაც მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი შემსუბუქების საშუალებას იძლევა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მონეტარულმა კომიტეტმა განაკვეთი 9.5%-დან პირდაპირ 20%-იან ნიშნულამდე გაზარდა. რუბლის გამყარების ფონზე კი, ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივად შემსუბუქების სტრატეგიაზე გადაერთო.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთი 8%-დან 7.5%-მდე შემცირდა და მოსალოდნელია, მიმდინარე კვირას ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვოს.
ცნობისთვის, ცენტრალური ბანკი წლის ბოლომდე ინფლაციის 12%-მდე შემცირებას პროგნოზირებს. 2023 წლისთვის კი 5.0 – 7.0%-იანი ინფლაციაა ნავარაუდევი.