ოზურგეთის თეატრის საგასტროლო ტურნე რუსთაველის თეატრში ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლით დაიწყო

1-11 ნოემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი უპრეცედენტო მასშტაბის გასტროლებს მართავს თბილისში, რუსთავსა და გორში. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში მაყურებელმა ნახა პირველი წარმოდგენა – რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლი ,,რესპუბლიკა გურია“.
სპექტაკლს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
„რესპუბლიკა გურია“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა. ეს არის ინოვაციური წარმოდგენა თხრობის განსხვავებული, არავერბალური მანერით. სპექტაკლის სიუჟეტი ეყრდნობა საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ დოკუმენტურ მასალებს. წარმოდგენაში გაცოცხლებულია პატარა ქალაქი ოზურგეთი, რომელიც თავს ითავისუფლებს და შიშის ზარს სცემს რუსეთის უზარმაზარ იმპერიას. სპექტაკლში გამოკვეთილია უბრალო ადამიანის როლი თავისუფლებისათვის ბრძოლაში. მთავარი პერსონაჟები, გლეხები ღირსების დასაცავად იბრძვიან. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მთელი დასი მონაწილეობს.
1-ლი ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი თბილისის ხუთი თეატრის სცენაზე წარმოადგენს შვიდ სპექტაკლს. საგასტროლო სპექტაკლებად შეირჩა ოზურგეთის თეატრის ბოლო პერიოდის საუკეთესო დადგმები, რომლებიც ოზურგეთის თეატრში სხვადასხვა თაობის ცნობილმა რეჟისორებმა დადგეს.
,,რესპუბლიკა გურიის“ შემდეგ, 2 ნოემბერს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი ,,3+3“ (რეჟისორი იოანე (ვანო) ხუციშვილი), 3 ნოემბერს თავისუფალ თეატრში მაყურებელი ნახავს ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლს „დონ კიხოტი“ (მიგელ დე სერვანტესის მიხედვით), 4 ნოემბერს ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი უმასპინძლებს სპექტაკლს „იმერული რეკვიემი“ (რეჟისორები ვასო ჩიგოგიძე, ოთარ კუტალაძე), 5 ნოემბერს კვლავ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება სპექტაკლი ,,დედაომი“ (რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი), 6 ნოემბერს ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მაყურებელი იხილავს ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლს ,,ცის კარი“, 8 ნოემბერს კი ისევ ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება რეჟისორ გოჩა კაპანაძის სპექტაკლი „გურიის დედოფალი“.
ტურნეს ფარგლებში ოზურგეთის თეატრი მონაწილეობს „კომედიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში“, რომელზეც 9 ნოემბერს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება რეჟისორ გოჩა კაპანაძის სპექტაკლი „გურიის დედოფალი“, 11 ნოემბერს კი ოზურგეთის თეატრს გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი უმასპინძლებს. მაყურებელს საშუალება ექნება ოზურგეთის თეატრის ორი სპექტაკლი ნახოს – 14:00 საათზე წარმოდგენილი იქნება ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი „ცის კარი“, რომელიც ნოდარ დუმბაძეს ეძღვნება, ხოლო 19:00 საათზე გორის თეატრის დიდი სცენა დაეთმობა გოჩა კაპანაძის სპექტაკლს „გურიის დედოფალი“.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share