შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაზარალებულებს დანაშაულის დაფარვას აიძულებენ და ამ უკანასკნელთა უმრავლესობა იძულებულია ჩვენებები ისე მისცეს, რომ მომხდარი ქურდობის ფაქტი დამალონ, ან მიჩქმალონ.
ამის შესახებ ინფორმაცია “გურიის მოამბეს” რამდენიმე დაზარალებულმა მიაწოდა.
ჩვენი წყარო ძირითადად მცირე ბიზნესის წარმომადგენლები არიან, რომლებიც, პოლიციის მხრიდან შესაძლო რეპრესიების თავიდან არიდების მიზნით უარს აცხადებენ იდენტიფიკაციაზე და მალავენ საკუთარ სახელსა და გვარს:
“გუშინ წინ, დილით მივედი ჩემს მაღაზიაში და რას ვხედავ, ფანჯრები ჩალეწილი, პროდუქცია, ძირითადად სურსათ სანოვაგე მოპარული, წაღებული სალაროდან დაახლოებით 185 ლარი, მაშინვე დავრეკე 112-ში, მოვიდა პოლიცია, ჩვენების მიცემისას ერთ ერთმა პირდაპირ მიბრძანა, რომ ჩვენებაში მეთქვა თითქოს კარები დამრჩა ღია და დამემალა ფანჯრის ჩამსხვრევისა და ქურდების მიერ მაღაზიაში ფანჯრიდან შეღწევის ფაქტი” – უყვება “გურიის მოამბეს” ერთ ერთი მაღაზიის მეპატრონე, რომელიც სხვათაშორის ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილში ფუნქციონირებს.
“მიმდინარე წლის დასაწყისში ვიყიდე გოჭი, ვიფიქრე “საკალანდოდ” გავზრდი მეთქი, რამდენიმე თვის შემდეგ, ჩვენ რომ “ბურვაკს” ვეძახით, ამ სტადიაში იყო როცა მომპარეს, დავრეკე 112 ში, მოვიდა პოლიციელი, ჩვენ რომ სოფლის რწმუნებულს ვეძახით, იმან მითხრა დარეკვა გააუქმე თუ კაცი ხარ და მაგ “ბურვაკს” მე დაგიბრუნებო, სამი დღეს ეძება და ბოლოს დამიბრუნა, ე.წ. “ვაზვრატი” გაკეთდა, 50 ლარი გამომართვა, ბენზინისა და სიგარეტის ფულია, პოლიციელმა მითხრა მომპარავები ვარბენინე და ამას მაინც მივცემო” – გვიყვება ოზურგეთის ერთ ერთი სოფლის მკვიდრი.
რედაქციისათვის ცნობილი ხდება, რომ ქალაქ ოზურგეთში კრიმინოგენული მდგომარეობა მძიმეა. თუმცა პოლიცია ნაცვლად იმისა, რომ დასახოს გზები, თუ როგორ უნდა გამოასწოროს მდგომარეობა, ზეწოლას დაზარალებულებზე ახორციელებს, რომ ეს უკანასკნელები აიძულონ, დანაშაული დაფარონ.
რედაქცის უამრავი მსგავსი ფაქტის შესახებ გააჩნია ინფორმაცია, თუმცა დაზარალებულების ინტერესებიდან და მათი კატეგორიული მოთხოვნებიდან გამომდინარე იძულებულნი ვართ, მომხდარზე რომ ძალოვანებმა ვერ შეძლონ წყაროს იდენტიფიცირება, ზოგადად ვწეროთ.
გურიის სოფლებში ღორების, ფრინველისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობების მასიური შემთხვევები ფიქსირდება – ამ დროს კი პოლიცია დაზარალებულებს ატერორებს