საეჭვო და შემაშფოთებელი შემთხვევები სკოლებთან – ბოლო დღეებში სხვადასხვა ქალაქებში მოზარდებს უცნობი მამაკაცები ხვდებიან და წაყოლას სთავაზობენ. ბოლო მსგავსი ფაქტი თბილისში, სანზონის ერთ-ერთ სკოლასთან მოხდა, რის გამოც სკოლის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. მშობლები შეშფოთებული არიან. რას უკავშრდება ეს ფაქტები – გამოსასყიდის მიზნით გატაცებას, თუ პედოფილიას, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია.
სამშაბათს სანზონის ერთ-ერთ სკოლასთან შუა ხნის მამაკაცმა ფაქტიურად მე-6 კლასელი გოგონას გატაცება სცადა. მან ბავშვს 10 ლარი და მანქანით გასეირნება შესთავაზა. შეშინებულმა არასრუწლოვანმა დედას დაურეკა, დედამ კი ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას მიმართა.
საბოლოო ჯამში სკოლაში პოლიცია გამოიძახეს. ბავშვი ზუსტად აღწერს მამაკაცის გარეგნობას და სავარაუდოდ, პოლიციას დამნაშავის ფოტორობოტი უკვე უნდა ჰქონდეს. მასწავლებლები მშობლებს აფრთხილებენ, რომ ვიდრე სავარაუდო დამნაშავეს პოლიცია არ დააკავებს, ბავშვები მარტო სკოლაში არ გაუშვან.
ანალოგიური შემთხვევები ქალაქებშიც დაფიქსირდა. ორი კვირის წინ ქუთაისის ერთ-ერთ სკოლასთან პედოფილიაში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი დააკავეს. ისინი სწორედ მსგავსი სცენარით მოქმედებდნენ. ბავშვებთან კონტაქტში შესვლას და ავტომობილში შეტყუებას ცდილობდნენ. ერთ-ერთ გოგონას ავტომობილში ჩასმა მოასწრეს, მაგრამ ბავშვმა მშობელთან დარეკვა შეძლო, ამის შემდეგ კი ის ავტომობილიდან ჩამოსვეს.
მსგავსი ფატი ასევე ქალაქ რუსთავში დაფიქსირდა, სადაც უცხო მამაკაცი სკოლიდან გამოსულ ბავშვებთან გამოლაპარაკებას ცდილობდა.
გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ თბილისის მეტროში ბავშვებს უცნობი მამაკაცი აეკიდა და ატყუებდა, რომ მათი მშობლების ახლობელი იყო და სთხოვდა მას გაჰყოლოდნენ. ფაქტის შემსწრე ერთ-ერთმა გამვლელმა ბავშვების დაცვა შეძლო, რის შემდეგ მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.
ასევე თბილისში, რამდენიმე დღის წინ სააკაძის მოედანზე ავტობუსის გაჩერებაზე მდგარ ბავშვებს უცნობმა პირმა ავტომობილი გაუჩერა და ჩაჯდომა შესთავაზა, თუმცა მათ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც მამაკაცმა ადგილი დატოვა.
რაც შეეხება სანზონაში მომხდარ ფაქტს, ბავშვები და მათი მშობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ შემთხვევა სამშაბათს შუადღისას მოხდა. ერთ-ერთი მშობელი გვიყვება, სკოლიდან გამოსულ მე-6 კლასელ გოგონასთან უცნობი მამაკაცი მივიდა და გამოელაპარაკა. უთხრა, რომ ავტომობილით გაასეირნებდა და ასევე ფულით დააჯილდოვებდა. ბავშვმა უთხრა, რომ მას არ იცნობდა და უცნობთან ერთად წასვლა არ სურდა. ამის შემდეგ ტელეფონი ამოიღო და შეშინებულმა დედას დაურეკა. მამაკაცი კი ადგილიდან მიიმალა.
„გაკვეთილების დასრულების შემდეგ ბავშვი სკოლის წინ მდებარე სტადიონზე იდგა და ძმას ელოდებოდა, რომ სახლში ერთად წასულიყვნენ. აქვე ახლოს ცხოვრობენ და ბავშვები ერთად დადიან. მამაკაცმა, როგორც ჩანს, დააფიქსირა, რომ ბავშვი მარტო იდგა და მივიდა. უთხრა – 10 ლარს მოგცემ და თან მანქანით გაგასეირნებთო. ბავშვს შეშინებია და უკან სკოლისკენ გაქცეულა. თან დედისთვის დაურეკავს – მიშველეო. დედას უთქვამს – სკოლაში მასწავლებლებთან გაიქეცი და ახლავე მოვდივარო.
„ბავშვი დამრიგებელთან შეშინებული და ატირებული მივარდა. ამის შემდეგ სკოლამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველები მთელს უბანში და სკოლის ტერიტრიაზე მამაკაცს ეძებდნენ. ასევე კამერებს ათვალიერებდნენ, აინტერესებდათ ვიზუალურად როგორ გამოიყურებოდა. სავარაუდოდ, ბავშვს აღწერა შეუძლია და ფოტორობოტსაც შეადგენენ“, – უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი მოსწავლის დედა.
მშობლები ამბობენ, რომ ამ დრომდე მათ ბავშვების სკოლაში მარტო გამოშვების ეშინიათ, რადგან არ არის გამორიცხული მსგავსი შემთხვევა კიდევ განმეორდეს. ბოლო ერთი კვირაა ასევე სოციალურ ქსელებში მშობლები წერენ, რომ სხვადასხვა სკოლებთან შუახნის მამაკაცები ბავშვებს ეკონტაქტებიან და წაყოლას სთავაზობენ. სანზონაში კი ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტი უბანში არავის ახსოვს და ბავშვების გარეთ გაშვებისგან თავს იკავებენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მამაკაცი სკოლასთან ახლოსაც ცხოვრობდეს.
რეზონანსი