19 წელი გავიდა ვარდების რევოლუციიდან, რომელმაც ჩვენს ხალხს უზარმაზარი მუხტი, განახლების იმედი და პერსპექტივა მოუტანა, საქართველო კი სრულად ამოაგდო რეგიონული, პოსტსაბჭოთა დინებიდან და დასავლურ რუკაზე გაუმყარა ადგილი. 19 წელია იმაზე ვმსჯელობთ და ვკამათობთ – ამ ვარდმა ევროპული პერსპექტივის სურნელი უფრო მეტად მოგვიტანა, თუ საბჭოური სისტემის რეანიმაციის ეკლები.
ამ კითხვაზე ყველაზე უხეში პასუხი იქნებოდა, თუ წარმოვიდგენდით, რომ შევარდნაძის შემდეგ ეგრევე ბიძინა ივანიშვილი მოსულიყო. ღრმა დეგრადაცია და ნაცრისფერ პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩაბეტონება არ აგვცდებოდა. თუმცა, იმის ალბათობაც დიდი იქნებოდა, რომ უშუქობით, სიცივით, უსამართლობით, სოციალური უთანასწორობით, ნეპოტიზმით, “გაიშნიკების” თავგასულობით, უხელფასობითა და უპენსიობით გაწამებული ხალხის უკმაყოფილება სადღაც მაინც იფეთქებდა და დისფუნქციური ძალოვანი სტრუქტურები მის შეკავებას ვერ შეძლებდნენ. ანუ მაგ ვერსიითაც რევოლუციამდე მივიდოდით, ოღონდ ვინ აღმოჩნდებოდა მასობრივი უკმაყოფილების ტალღაზე მოსულ ახალ მთავრობაში ღმერთმა იცის.
შეიძლებოდა თუ არა ვარდების რევოლუციის მუხტის უკეთ გამოყენება? რაღა თქმა უნდა. თუმცა, ამაზე საუბარი სამწუხაროდ უკვე გვიანია, ხოლო რაზე საუბარიც არასდროსაა გვიან და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისაა თუ რატომ მოვედით აქამდე და როგორ უნდა გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის ღირებული ნაწილი, რომლის განადგურებისთვისაც ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს.
რევოლუცია გაძლევს შესაძლებლობას და მანდატს, მიიღო ისტორიული გადაწყვეტილებები და განახორციელო ისეთი რადიკალური და მტკივნეული რეფორმები, რასაც ჩვეულებრივ, რეგულარული არჩევნებით მოპოვებული მანდატით ვერ შეძლებ. თუმცა, ისიც უნდა იცოდე, რომ მას აუცილებლად მოჰყვება უკუქმედება, ანუ უკმაყოფილო ადამიანების რეაქციული პასუხი, რისი განეიტრალებაც, ხშირად, იმაზე კი არ არის დამოკიდებული, რამდენად ძლიერი რეპრესიული აპარატი გაქვს, ან როგორ იყენებ მას, რამდენადაც იმაზე, თუ რამდენად სამართლიანი ხარ შენი რეფორმების მსხვერპლთა მიმართ, და რაც მთავარია, რამდენად ტოვებ პოლიტიკურ სივრცეს იმისთვის, რომ პროდასავლური კურსის სტრატეგიული კონსენსუსის ნაწილმა, ოპონენტმა პოლიტიკურმა აქტორებმა, რეგულარული არჩევნების შედეგად ჩაგანაცვლონ, როდესაც ამას საზოგადოების უმრავლესობა მოითხოვს.
სამწუხაროდ ვარდების რევოლუციის პროექტი ბოლომდე ვერ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ წლებში მართლაც უპრეცედენტო რეფორმები განხორციელდა, სახელმწიფო ფუნქციური გახდა, კორუმპირებული საგზაო პოლიცია პატრულით ჩანაცვლდა, სახელმწიფო სერვისები გაიმართა, ეროვნულმა გამოცდებმა განათლებაში აღებმიცემობა მოსპო, ქურდულმა მენტალიტეტმა და კრიმინალურმა სამყარომ მიწისქვეშეთში გადაინაცვლა, საგადასახადო სისტემა გამარტივდა, უნიკალური და ძალიან ეფექტური ეკონომიკური რეფორმებიც გატარდა… ამ ყველაფერს არ მოყვა რეფორმების მეორე, დემოკრატიული ტალღა, რომელიც მეტ თავისუფლებას, დაცულობას და კეთილდღეობას მოუტანდა მოსახლეობას. ამის ნაცვლად, ხელისუფლების ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნება გახდა: მართლმსაჯულება პროკურატურის დანამატად დარჩა, გაჩნდა მაშინდელ პრეზიდენტთან დაახლოვებული პრივილეგირებული უმცირესობა და რაც მთავარია დაბრუნდა უსამართლობის განცდა. ბუნებრივი და აუცილებელიც იყო, რომ ვარდების რევოლუციის ხელისუფლება რაღაც მომენტში შეცვლილიყო.. და შეიცვალა კიდეც, თუმცა ვითარება არჩეულმა გეზმა და პოლიტიკამ გაართულა. მმართველი ჯგუფი შეეცადა ბოლომდე მოესუფთავებინა პოლიტიკური ველი და დაესუსტებინა ყველა ის ოპოზიციური ძალა, რომელსაც პოტენციურად მისი ხელისუფლების ბუნებრივ რეჟიმში ჩანაცვლება, ან სრულიად სხვა მოცემულობის კოალიციური, გაზიარებული და გადანაწილებული პოლიტიკური კოალიციით მართვის პოტენციალი გააჩნდა. ამას დაემატა რუსული აგრესია. შედეგად მივიღეთ პოლიტიკური ანომალია – ხელისუფლებაში სრული პოლარიზების შედეგად მოსული მილიარდერი, რომელსაც ვერც პოლიტიკური სისტემა და ვერც ჰორიზონტალურ, თუ ვერტიკალურ დონეებზე გადაუნაწილებელი ძალაუფლების ცენტრები ვერ შეაკავებდა და დააბალანსებდა.
თუ სააკაშვილი თავგამოდებით ცდილობდა საქართველოს პოსტსაბჭოური ეპოქიდან გამოყვანას, ივანიშვილი უკან ტენის ქვეყანას. იყო მოლოდინები, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ მილიარდერი გააგრძელებდა სააკაშვილის მკვეთრად პროდასავლურ და რეფორმებზე ორიენტირებულ ტრაექტორიას, სწორედ იმ სფეროების რეფორმირებით, რასაც სააკაშვილმა ხელი დააკლო, იქნებოდა ეს სასამართლო, პროკურატურა, პენიტენციური სისტემა, ძალოვანი სტრუქტურები თუ ზოგადად ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, რაც მოუტანდა კიდეც საქართველოს ასე ნანატრ დემოკრატიასა და კეთილდღეობას, და არჩევნებით ხელისუფლების ცვლილების ტრადიციასაც შეუქცევადს გახდიდა. თუმცა, ივანიშვილმა სწორედ ამის საწინააღმდეგო გააკეთა: მან ქვეყანა ევროატლანტიკური გეზიდან – უცილობელი დეგრადაციის რელსებზე მდგარი რუსეთისკენ მოატრიალა, რეფორმების დღის წესრიგზე უარი თქვა, სახელმწიფო ბოლომდე მიიტაცა, პროკურატურა, სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები კიდევ უფრო დიდი დოზით დაიქვემდებარა, არჩევნები ფაქტობრივად გააუქმა და რეპრესიები წამოიწყო არა მხოლოდ ნაცმოძრაობის ლიდერების, არამედ ყველას მიმართ, ვინც მის ძალაუფლებას პოტენციურად უქმნის საფრთხეს.
დღეს ბიძინა ცდილობს, გაანადგუროს ვარდების რევოლუციის სიმბოლოები, მათ შორის მთავარი სიმბოლო და ავტორი – მიხეილ სააკაშვილი, გარყვნას, არარაობად აქციოს და სანაგვეზე მოისროლოს მისი მემკვიდრეობა, დააბრუნოს პოსტ-საბჭოთა მმართველობა, საკუთარი ძალაუფლება კი მუდმივი და ხელშეუხებელი გახადოს. პარალელურად ოსტატურად ახერხებს ვარდების რევოლუციის რიგი მიღწევები საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს: აწყობილი და ეფექტური ძალოვანი სტრუქტურები საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად; რეფორმების შედეგად მიღებული სიკეთეები კი იმისთვის, რომ საზოგადოებრივი უკმაყოფილება აჯანყების ზღვრამდე არ მიუშვას.
რევოლუციების ნიადაგს, არა იმდენად ოპოზიციური პოლიტიკური აქტორები, მითუმეტეს მათი მხარდამჭერი გარე ძალები, არამედ თავად რეჟიმები ქმნიან – ცუდი მმართველობით, უსამართლობით, გაყეყეჩებული ელიტით, კორუფციით და მასების გაჭირვებაში და გაუსაძლის ყოფაში ჩაყენებით. დღეს მართალია სახლში ნავთქურის, ქუჩაში კი დანთებული საბურავის სუნი არ გვცემს, უშუქობა და უგაზობა არ გვაწუხებს, პენსია 14 ლარი არ არის და პატრულ-ინსპექტორი ქრთამს არ იღებს, თუმცა, ყველა ის ფუნდამენტური კომპონენტი, რამაც თავის დროზე ვარდების რევოლუცია მოამწიფა, უკვე სახეზეა. კლანურობა, კორუფცია და დაჭაობებული პოსტსაბჭოთა მმართველობა დაბრუნებულია, შევარდნაძისეული ჩინოვნიკები კვლავ გაცოცხლდნენ, უსამართლობა ყოველ ნაბიჯზე გვხვდება, კრიმინალი და ქურდული სამყარო ძალას იკრებს, ოცნების ხელისუფლებას მუდმივ მმართველობაზე განაცხადი უკვე ღიად აქვს გაკეთებული, რითაც ივანიშვილი პირდაპირ წარსულში გვაბრუნებს, თავად კი ბოლო საბჭოთა მმართველად გვევლინება.
გამოსავალი ცვლილებაშია, ამ ბუნების ხელისუფლების ცვლილებაში, რომლითაც საქართველოში საბჭოთა კავშირი უნდა დამთავრდეს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ახალი ვარდების რევოლუცია იგივე ფორმითაა მოსალოდნელი. ამას თავად ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა, ძლიერი პოლიციის, აწყობილი სტრუქტურებისა და ეფექტური სახელმწიფოს სახით, თითქმის შეუძლებელს ხდის. როდესაც არსებობს მიზანი, რომლის გარშემოც საზოგადოების დიდი ნაწილი ერთიანდება, მისი მისაღწევი ფორმა ყოველთვის გამოიძებნება.
ჩვენ ვებრძვით ხალხს, რომელიც საკუთარ მომავალს – წარსულში ხედავს. ამის გაცნობიერება აუცილებელია, მაგრამ არა საკმარისი – გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას თუ ვინ იქნება ამ ბრძოლის ავანგარდში. აქ კი ზუსტად ვარდების რევოლუციის ის თაობა უნდა იყოს, რომელმაც სწორედ ამ მოვლენის სიკეთეებით ისარგებლა, საბჭოური მენტალიტეტი არ ამძიმებს, იცის რომ თავისუფლებასთან კომპრომისი არ მოსულა და მათ შორის არც მოდერნიზაციის სამსხვერპლოზე მისი მიტანა. ახლა დადგა დრო, რომ მათ ვალი დაუბრუნონ სამშობლოს და იმ ადამიანებსაც, რომლებმაც ვარდების რევოლუციის დახმარებით, შეცდომებით, მაგრამ მაინც, ქვეყანას თავისუფალი სამყაროსკენ სტრატეგიული გარღვევა მოუტანეს.