გარეთ მყოფ ადამიანებს, როდესაც პატიმარი აინტერესებთ როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი, ეს უკვე აზიანებს პატიმარს, რა გვარისაც არ უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„რასაკვირველია, როგორც ყველა ადამიანს, ჩემი შეხედულებები მაქვს. ჩემს შემთხვევაში, ეს შეხედულებები ეყრდნობა იმ გამოცდილებას, რაც პატიმრებთან და პატიმრების საკითხებზე მუშაობისას მაქვს, ეს არის სტრასბურგის სასამართლოში 10 წლისა და შემდეგ რვა წლის განმავლობაში იუსტიციის მინისტრად მუშაობის გამოცდილება, რაც მიყალიბებს შემდეგ აზრს, რომ ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება, პატიმარს ჰქონდეს, ეს არის მისი გარემოცვა, რომელიც არის გარეთ. ვფიქრობ, სააკაშვილს ეს მწვავე პრობლემა აქვს.
როცა ბორკილები ადევს ადამიანს და სასჯელს იხდის, ან პატიმრობაშია, მისი მთავარი საყრდენი, პერსპექტივა, იმედი არის ის ან ისინი, ვინც მას გარეთ ელოდებიან. როდესაც გარეთ მყოფი ადამიანები არ არიან მოწოდების სიმაღლეზე, რომლებიც არ არიან კეთილსინდისიერები, რომლებსაც მოცემული პატიმარი პატიმრად კი არ აინტერესებთ, როგორც უფლებების მატარებელი ადამიანი, არამედ როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი, ეს უკვე აზიანებს მოცემულ პატიმარს, რა გვარისაც არ უნდა იყოს, აზიანებს მის უფლებრივ მდგომარეობას. სწორედ ეს გარემოცვა შეიძლება, იყოს რაღაც კონკრეტულ მომენტში ოჯახი, შეიძლება, „ენჯეო“ იყოს, შეიძლება, ნებისმიერი. ამიტომ, გარემოცვაზე ძალიან ბევრია ხოლმე დამოკიდებული, განურჩევლად იმისა, რა სტატუსის მატარებელი იყო წარსულში პატიმარი. მე პატიმრებს ყოველთვის ვუსურვებდი ხოლმე, რომ გარეთ მყოფი მისი გულშემატკივარი ყოფილიყოს ძლიერი, კეთილსინდისიერი, რომ თქვენც იყოთ უკეთესად. ეს შემიძლია, სააკაშვილს ვუსურვო, რადგან ყველა პატიმარი ჩემთვის ღირებულია და თანასწორია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა