„ის ვინც ბიძინა ივანიშვილს ემტერება და აკრიტიკებს, საქართველოს მტერია!“ – დიმიტი სამხარაძე

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„ის ვინც ბიძინა ივანიშვილს ემტერება და აკრიტიკებს, საქართველოს მტერია! რატომ?

რასაც ახლა ჩემს სტატუსში ამოიკითხავთ, საქართველოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, მაგრამ მაინც…

ბიძინა ივანიშვილმა აგვიშენა სამების ტაძარი, აღადგინა და რესტავრაცია ჩაუტარა ასობით ეკლესიას. ადამიანი, რომელიც დადის ეკლესიაში, სანთელს ანთებს და ღმერთის წამს, როგორ შეიძლება ამას უარყოფდეს!

ბიძინა ივანიშვილმა უკვე დახარჯა, ასობით მილიონი დოლარი, მისი პირადი სახსრებიდან და ახლაც აგრძელებს ქველმოქმედებას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის და შენარჩუნების მიმართულებით. მისმა ოჯახმა, საქართველოდან გატანილი უამრავი ნახატი, ფერწერული ტილო, ქართული არტეფაქტები დაუბრუნა სამშობლოს, რომლებიც შეუნარჩუნდა მომავალ თაობებს და დღეს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. იგი წლების განმავლობაში სოციალურ დახმარებას გასცემს ხელოვნებისა და სპორტის მოღვაწეებზე. ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი სამშობლო, არ არის უსისხლო და ადათწესების მოწინააღმდეგე, გამორიცხულია ამას ვერ ხედავდეს!

ბიძინა ივანიშვილმა ააშენა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გაარემონტა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა უამრავი საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულება (თსუ-ს პირველი კორპუსი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, პირველი კლასიკური გიმნაზია, ფრანგული სკოლა, ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი, ოპერისა და ბალეტის თეატრი, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი ფილარმონია, თეატრები, სახლ-მუზეუმები, ურეკის დიდი საკონცერტო დარბაზი, კულტურის სახლები, ხელოვნების სახლები და ა,შ), დააფინანსა უამრავი პროექტი და პროგრამა ,რომელიც გამიზნულია ახალგაზრდების შემდგომი განვითარებისა და წარმატებებისათვის. ადამიანი, რომელსაც ანაღვლებს საქართველოს მომავალი, წარმოუდგენელია ამას არ აფასებდეს!

ბიძინა ივანიშვილმა ყველა სახელმწიფო სტრუქტურის გაძლიერებაში დიდი წვლილი შეიტანა, მათ შორის საპატრულო პოლიციის გარდაქმნა, ჯარის გაძლიერება, ახალი პოლიციის შენობებისა და სამხედრო ბაზების მშენებლობა/რეაბილიტაცია. ადამიანი, რომელსაც სურს ცხოვრობდეს ძლიერ სახელმწიფოში, არ არსებობს ამას არ იმჩნევდეს!

ბიძინა ივანიშვილმა გვაჩუქა დენდროლოგიური პარკი, ბათუმის დელფინარიუმი, ბოტანიკური ბაღები, მისი თაოსნობით დაირგა ასიათასობით ნერგი, აღადგინა ტყე-პარკები, გადაარჩინა და გაამრავლა ძველი კოლხური ჯიშის ფრინველები და ცხოველები, სოფლის მეურნეობისათვის შეიძინა ათასობით ტექნიკა, დააფინანსა უამრავი პროექტი, რომელიც საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენას ემსახურება. ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, წარსულით, აწმყოთი და მომავლით, ამას უნდა აფასებდეს!

ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა საქართველოს რაგბის ნაკრები, ააშენა სარაგბო სტადიონები, წლების განმავლობაში აფინანსებს სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებს და სპორტულ კლუბებს. ადამიანი, რომელსაც სურს წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც გაზრდის ჯანსაღ თაობებს, ამას ყურადღების მიღმა არ უნდა ტოვებდეს!

კრიტიკოსებიც კი ვერ შეძლებენ, ქვეყნის არსებობის ისტორიაში, იპოვონ ვინმე ანალოგი, ვინც პირადი სახსრებით ასე ემსახურება სამშობლოს, მთელი ოჯახით! ეს არის ფაქტები, რომელსაც ან ვერ ხედავენ და ან არ იმჩნევენ, უმადური საქართველოს მტერი არაკაცები, რომლებიც ვერასდროს შეძლებენ გადაგვაჯიშონ და გვაქციონ ბნელ ერად!

ყველაზე მთავარი! ბიძინა ივანიშვილმა გადაგვარჩინა, მოგვაშორა სისხლიანი რეჟიმი და დაგვიბრუნა თავისუფლება! მისი დამსახურებით დღეს საქართველოში არის მშვიდობა და ქვეყანას მართავს ხალხზე და ქვეყნის წარმატებაზე ორიენტირებული გუნდი!

საქართველოს გაუმარჯოს მისი ერთგული პატრიოტებით“, – წერს დიმიტრი სამხარაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share