ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება” ორმა დეპუტატმა, გელა ჩავლეშვილმა და ეროდი გორდელაძემ ოფიციალურად დატოვა. გელა ჩავლეშვილის განცხადებით, ის ”ოცნებისგან” განდგომილ დეპუტატებს- ”ხალხის ძალას” უერთდება. ამიტომ დღეს ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე გელა ჩავლეშვილმა დატოვა საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარის პოსტი, თუმცა, დღესვე ისევ აირჩიეს კომისიის თავმჯდომარედ. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, დავით მჟავანაძე და წერს:
”მოხარული ვარ, რომ დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წარმატებით ჩააბარა დემოკრატიის მორიგი ტესტი. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ გელას თავისი სიმართლის სათქმელად მეტი თავისუფლება ესაჭიროებოდა და ამ მოტივით გაემიჯნა ”ქართულ ოცნებას” და დატოვა მმართველი გუნდის ფრაქცია, დღეს აწ უკვე გამიჯნული და ყოფილი კომისიის თავმჯდომარე, ხელმეორედ და ერთხმად იქნა არჩეული ყოფილი თანაგუნდელების მიერ.
ვაშა ამხანაგებო, მართლაც რომ ვაშა !!!” – წერს მჟავანაძე.