“ნატო განიხილავს უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის შესაძლებლობას”-იენს სტოლტენბერგი

ნატო განიხილავს უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის შესაძლებლობას. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

“ეს [განხილვა უკრაინასთან] ნაწილობრივ ახალი სისტემების გადაცემას ეხება, ისეთების, მაგალითად, როგორიცაა Patriot, რომლის გარშემოც ახლა მიმდინარეობს განხილვა. თუმცა ეს ასევე იმაზეა, რომ უკვე მიწოდებული სისტემები იყოს ფუნქციონალური და ეფექტიანი. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ შეგვიძლია სათადარიგო ნაწილების მიწოდება, რათა მათ [უკრაინელებმა] შეძლონ ამ სისტემების ქმედითუნარიანობის უზრუნველყოფა, ასევე მათთვის საბრძოლო მასალა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის წინაშეც დღეს ვართ”, – თქვა სტოლტენბერგმა.

მან აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა უკვე მიაწოდეს უკრაინას ყველაზე განვითარებული სისტემები, ისეთები, როგორებიცაა ნორვეგიული NASAMS და გერმანული IRIS-T.

სტოლტენბერგის თქმით, ეს სისტემები მაღალ შედეგებს აჩვენებენ, რაზეც რუსეთის სარაკეტო და დრონების თავდასხმების დროს უკრაინის თავდაცვის ეფექტიანობა მეტყველებს.

“ამიტომაა ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანი აქ მინისტრ კულებას შევხვდეთ, რათა შევძლოთ ერთად, როგორც აქამდე ორმხრივ დონეზე ვაკეთებდით, განვიხილოთ გადაუდებელი საჭიროებები და პასუხი გავცეთ კონკრეტულ მოთხოვნებზე, რომლებსაც უკრაინა ნატოს მოკავშირეებს უგზავნის”, – აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share