რა ურჩევნია თბილისს? – გიორგი თარგამაძის ედიტორიალი

რუსებმა ფლეშმობი “მოხოდეს”: გაზქურას ანთებენ და უკრაინელებს ამაზრზენი ნიშნისმოგებით მიმართავენ – აბა, როგორა ხართო…

ამაზე გაცილებით უარესია ის, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ: განახლებული საახალწლო სლოგანით უკრაინელებს ვახარბებთ მშვიდობას, ანუ იმას, რომ ჩვენთან ბომბები არ ცვივა.

საინტერესოა, შარშან თუ სიცოცხლის ქალაქი ვიყავით, იმის წინ კიდევ სიყვარულის, წელს რატომ გავხდით მშვიდობის ქალაქი? მაშინ მშვიდობა არ იყო, თუ ზარბაზნების გრუხუნი აყრუებდა რუსთაველს? განსხვავება იმაშია, რომ წელს უკრაინის ქალაქებს ბომბავენ; ბავშვებს, მოხუცებსა და ქალებს ხოცავენ, და სწორედ ამიტომ, კონტრასტის საჩვენებლად გადავწყვიტეთ “მშვიდობის ქალაქობა”. მართალია, რასაც თბილისის მერი გვეუბნება – ეს უკრაინას არ ეხება, რა თქმა უნდა, ეს თბილისისა და საქართველოს მოსახლეობას ეხება, რომლის დაზაფრა და ამ შიშებით მანიპულირება ოცნების უცვლელი პიარსტატეგიაა.

და კვლავ ყალბი დილემა: აბა, ომი გინდათ? გვეუბნება თბილისის საახალწლო სლოგანის მეორე, უხილავი მხარე, რომელსაც მართალია ქალაქის ცენტრში საახალწლო ნაძვის ხეზე ვერ ამოიკითხავთ, თუმცა პროპაგანდის დამსახურებით უკვე კარგა ხანია ჩაწერილია ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის თავებში, რომელთაც მინდა ვუთხრა, რომ დაფიქრდნენ: პარიზში, ლონდონში, ბერლინში, თუ სხვა რომელიმე ევროპულ ქალაქში მშვიდობა არ არის? თუ იქაურებს ომი უნდათ? ან მერები არ ჰყავთ? რაღა მაინცდამაინც კალაძეს მოუვიდა თავში, რომ წელს თბილისი ექცია მშვიდობის ქალაქად. საქმე კი იმაშია, რომ იმ ქალაქებსა თუ ქვეყნებში ომით ხალხს არავინ აშანტაჟებს და არც მათი ხელისუფლებები ამტკიცებენ ქართული ოცნების მსგავსად, რომ მშვიდობა უთავმოყვარეობის, ლაჩრობისა და რუსეთისადმი მონური მორჩილების დამსახურებაა. პირიქით – ცივილიზებულ, თავისუფალ და დემოკრატიულ სამყაროში ყველა ქალაქი უკრაინისა და უკრაინიელებისადმი სოლიდარობის ბასტიონადაა ქცეული. მათთვის არ არსებობს მშვიდობა, როცა პუტინი უკრაინაში ქალებს, ბავშვებსა თუ მოხუცებს ყოველდღიურად ხოცავს და ამიტომაც მთელი ევროპა და დასავლური სამყარო დღეს მებრძოლი უკრაინის გვერდით დგას. ხოლო ის, რომ საბედნიეროდ დღეს თბილისში შვილებსა თუ მშობლებს ვაგნერელები არ გვიკლავენ, სწორედაც რომ იმ უკრაინელებისა და ქართველების თავგანწირვის დამსახურებაა, რომლებიც დღეს ფრონტის წინა ხაზზე თავდადებით იბრძვიან და იმ ამერიკელებისა თუ ევროპელების სოლიდარობის, რომლებიც უკრაინისა და საქართველოს გვერდით დგანან.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ უნდა არსებობდეს ადამიანში პირველადი, თანდაყოლილი გრძნობა რასაც მოყვასისადმი სოლიდარობა ჰქვია? კალაძემ ხომ არაერთი წელი იცხოვრა კიევში, მეგობრები და მხარდამჭერები შეიძინა, ტაშს უკრავდნენ და აღმერთებდნენ, როგორც ფეხბურთელს. კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო, მისი კოლეგა და როგორც თავადაც ამბობს, მეგობარია, ჰოდა, რანაირად შეიძლება ადამიანს ასე დაუჩლუნგდეს თანადგომის, კოლეგიალობის, თანაგრძნობის გამოხატვის უნარები?

მაგრამ თუ კალაძეს მოვუსმენთ, მშვიდობა ყოფილა მთავარი ღირებულება, რაზეც ვითომდაც მთელი ცივილიზებული სამყარო თანხმდება და რისთვისაც ყველაფრის დათმობა, ან თუნდაც ყველანაირი საქციელის გამართლება შეიძლება. ამიტომაც უნდა მივიღოთ და გაგებით მოვეკიდოთ იმ მორალურ დეგრადაციას, რასაც ოცნების ლიდერების მხრიდან არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებაში ვხედავთ. აბა, ომი გვინდა?

სინამდვილეში მშვიდობა არ არის ღირებულება. ის მდგომარეობაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში შედეგია იმ ღირებულებების პირუთვნელად დაცვისა, რასაც თავისუფლება, ღირსება, სოლიდარობა და ქვეყნისთვის თავდადება ჰქვია და რის გარეშეც მშვიდობა უბრალოდ მონობა ხდება. და ეს ის არის, რაზეც მართლაც თანხმდება ცივილიზებული სამყარო, რისი მაგალითიც არაერთხელ მოუციათ ჩვენს წინაპრებს.

საახალწლო სლოგანს დავუბრუნდები და ჩემს იდეას გეტყვით. უფრო სწორედ გარკვეულ ლოგიკას შემოგთავაზებთ: როგორ უნდა ირჩეოდეს საახალწლო სლოგანი? ალბათ პირველ რიგში იმ განწყობას და სურვილს უნდა გამოხატავდეს, რომელიც დომინირებს ქალაქსა და თბილისელებში. როგორ უნდა გავიგოთ და შევამჩნიოთ თუ რომელია ასეთი ფრაზა ან სურვილი? ცხადია საახალწლო სადღეგრძელოებში ჩვენსას ვიტყვით, მაგრამ მანამდე რაც თვალსაჩინოა – ესაა წარწერები, რომელიც სპონტანურად ჩნდება და თბილისელების უმრავლესობის განწყობას, პოზიციასა და სურვილს ასახავს. მიმოვიხედოთ ჩვენ ქუჩებში, დავაკვირდეთ სახლების კედლებს, გადასასვლელებს, აივნებს და ვნახავთ რომ ყვითელ-ცისფერ ფერებთან ერთად ორი გამონათქვამი ფიგურირებს: “პუტინ ხუილო!” და “სლავა უკრაინი!”

მოკლედ, ბატონო კალაძე, მგონი ჩემ მიერ შემოთავაზებული სლოგანის შერჩევის მეთოდიც და არჩევანიც სრულიად მკაფიოა. “პუტინ ხუილოს” დამწერები თქვენ არ ხართ, თან საახალწლო სიმბოლიკას დიდად არც შეესაბამება, ამიტომ მოუსმინეთ თბილისს და თავისუფლების მოედანზე დაწერეთ “სლავა უკრაინი!”. მაგ ადგილს ლენინის მოედანი შემთხვევით არ გადავარქვით და არც გველეშაპის განმგმირავი წმინდა გიორგი დგას მანდ უსაქმოდ. თავისუფლებაა მთავარი ღირებულება და უკრაინის გამარჯვებაა, რაზეც ყველანი ვლოცულობთ, მათ შორის საახალწლოდაც, უკრაინელებისა და ქართველების გამარჯვება, რამაც საბოლოოდ დამსახურებული და მყარი მშვიდობა უნდა მოგვიტანოს თბილისშიც და მთელ საქართველოშიც.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share