ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე გარდაცვლილ მამაზე სოციალურ ქსელსი ემოციურ პოსტს ავრცელებს.
„მამაჩემი, წესისამებრ, ოქტომბერში ჩამოდიოდა. ოთხმოცდაათიანების ,,შუა საუკუნეები” იდგა. ზაფხულში სურებში ადიოდა, ჯერ თხილს აბინავებდა და მერე შეშას ამზადებდა. პატარა, ქოხისმაგვარი სახლი, უშუქობა, უმეზობლობა, უიმედოება. ბუხარი არის და ცეცხლის დანთება შეგიძლია, მაგრამ ამდენი სასტიკი უ-ს შემხედვარეს და შემგრძნობს, არც მაგის ხალისი გაქვს, თუნდაც გალუმპული იყო და გციოდეს. ჰოდა, ერთხელაც მამაჩემი მორიგ ოქტომბერში ჩამოვიდა და მიყვება, რომ მთელი დღე წვიმდა და “თხილს ხეკდა”. საღამოს ავტობუსი მოხრიგინდა თემში, ქვევით და ოზურგეთიდან ,,გამოტანებულს’’ დახვდა. იქნებოდა იქ ლამფის ფითილები, ორი თავი ყველი, პურები, მჭადის ფქვილი, შპროტები და გამოსაცვლელი შარვალი, სიჩქარეში რომ დარჩა. ამოიარა ტალახიანი აღმართი, შევიდა ოთახში, ინერციით შეხსნა ფუთას თავი, დაიწყო დაზარებით ამოლაგება დაზეპირუბული გზავნილის.
მე ვიცი ასეთი სიხარულის ფასი, ასეთი დანთებული ბუხრის ფასი, რომელიც მეორე დღეს ისევ ძველებურად ბჟუტავს, რადგან ხვალინდელი დღე ისევ განწირულია მარტოობისთვის და უიმედობისთვის. მაგრამ ასეთ ბუხრებს მაინც ვერაფერი შეედრება, ბუხრებს ცოტახნიანი ცეცხლით და ბედნიერებით“, – წერს გიორგი კეკელიძე.