ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრამ 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდი სახმელეთო ომი გამოიწვია, ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ყველაზე მეტად გაზარდა და სანქციების მასშტაბმა 1930 წლის შემდეგ ყველაზე ფართო ხასიათი მიიღო. სურსათისა და ენერგიის ფასების მკვეთრმა ზრდამ მრავალ ქვეყანაში ინფლაციის დონე 1980 წლის შემდეგ ყველაზე მეტად გაზარდა და ეროვნულ ბანკებს თანამედროვეობის ყველაზე დიდი გამოწვევა გაუჩინა. წესრიგი, რომლის დაცვასაც მსოფლიოში ათწლეულების განმავლობაში წარმატებით თუ წარუმატებლად ცდილობდნენ, ჩამოშლის პირასაა.
არეულობას სამი ძირითადი შოკის კომბინაცია ქმნის, რომელთაგან უმთავრესი გეოპოლიტიკურია. ამერიკული პოსტ-ომის მსოფლიო წესრიგი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებული საფრთხე კი ვლადიმერ პუტინისგან და ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების გაფუჭებისგან მოდის. პრეზიდენტი სი ძინპინი ღიად ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომელსაც დასავლური წესრიგი ეფუძნება. მსოფლიოს ორ უდიდესი ეკონომიკის დაშორიშორება რეალობა ხდება. ჩინეთის მიერ მეზობელი ტაივანის დაპყრობაც აღარაა წარმოუდგენელი. ბზარები ჩნდება იმგვარ გეოპოლიტიკურ შეთანხმებებში, როგორებიცაა აშშ-სა და საუდის არაბეთის თანამშრომლობა.
ომმა გამოიწვია უდიდესი სასაქონლო შოკი 1970 წლის შემდეგ და დააჩქარა გლობალური ენერგოსისტემის ფორმის ცვლის პროცესი. უკრაინის, როგორც სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ექსპორტიორის მნიშვნელობამ გლობალური შიმშილის საფრთხეც შექმნა ოდესას პორტის ხელახლა გახსნამდე. პუტინის მიერ ბუნებრივი აირის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებამ კი სააშკარაოზე გამოიტანა ევროპის ქრონიკული დამოკიდებულება რუსულ ენერგორესურსებზე, მთავრობებს კი მილიარდიანი დახმარების პაკეტების შემუშავებისა და ალტერნატიული მიმწოდებლების ძებნა აიძულა. ამ ყველაფერს თან დაერთო რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ევროპაში, რამაც ყველაზე „მწვანე“ პოლიტიკოსებიც კი ქვანახშირის გამოყენებისკენ გადახარა.
ენერგიის ფასების მკვეთრმა ზრდამ ბიძგი მისცა მესამე შოკს – მაკროეკონომიკურ არასტაბილურობას. 2022 წლის დასაწყისში პანდემიის შემდეგ მოთხოვნის ზრდის შედეგად და მიწოდების შეფერხებით ფასები ისედაც იზრდებოდა. თუმცა საქონლისა და ენერგიის გაძვირებამ ინფლაციის პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა და მაჩვენებელი ორნიშნა გახადა, რის საპასუხოდაც ცენტრალურ ბანკებს საპროცენტო განაკვეთების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპის არჩევა აიძულა ბოლო 4 ათწლეულში. სტაბილურობა ჰორიზონტზე კვლავ ბუნდოვნად მოჩანს, გლობალური ინფლაცია კი 2-ნიშნა მაჩვენებელთან ახლოს რჩება.
რა იქნება მომავალში? ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რაში გადაიზრდება და როგორ იურთიერთქმედებს ერთმანეთთან მოცემული სამი შოკი – გეოპოლიტიკური, ენერგეტიკული და ეკონომიკური. მოკლევადიან პერიოდში პასუხი ბუნდოვანია. მსოფლიოს დიდი ნაწილი 2023 წელს რეცესიაში იქნება, ზოგან კი ეკონომიკური სისუსტე გეოპოლიტიკურ რისკებსაც წარმოშობს. ეს მომწამვლელი კომბინაცია განსაკუთრებით საგრძნობი ევროპაში იქნება. მიუხედავად ახლანდელ ზამთარში თბილი შემოდგომისა და ენერგიის ფასების კლებისა, კონტინენტს 2022-23 და 2023-24 წლებში რთული ზამთარი ელის. ბევრი ევროპული ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა. ინფლაციის შესაკავებლად საჭირო მაღალი საპროცენტო განაკვეთები სამომხმარებლო ხარჯვას უფრო მეტად შეამცირებს და გაზრდის უმუშევრობის დონეს.
ცივი სეზონი გაზრდის გაზის ღირებულებას და ავარიული გათიშვების ალბათობას. აქამდე ევროპულმა მთავრობებმა მომხმარებლების დაცვა მასიური სუბსიდიებითა და ფასის ლიმიტის დაწესებით შეძლეს, თუმცა ეს დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება.
ყველაზე საშიში გეოპოლიტიკური რისკი კი ისაა, რომ ვლადიმერ პუტინი, რომელიც ვერ ახერხებს ბრძოლის ველზე გამარჯვებას, უფრო მეტი ძალისხმევით ეცდება ევროპის სისუსტეების გამოყენებას და ჭრილობების გაღვივებას. ეს სტრატეგია ნათელია უკრაინაში, სადაც რუსეთი ანადგურებს ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ზამთრის მოახლოებასთან ერთად. უკრაინის მიმართ სოლიდარული დასავლეთის ერთობის გატეხას კი ბუნებრივი აირის ექსპორტის შეწყვეტით და საბოტაჟით ცდილობს. მართალია, ეს მსოფლიოსთვის იმაზე ნაკლებ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე გეოპოლიტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება, თუმცა საქმეს ურთულებს ევროპას.
მეორე ადგილი, სადაც ეკონომიკური სისუსტე გეოპოლიტიკურ რისკებს გაზრდის, ჩინეთია. 2023 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკა დაუძლურებულია შიდა პოლიტიკაში დაშვებული შეცდომებით, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სი ძინპინის ნულოვანი კოვიდის სტრატეგია და უძრავი ქონების კრიზისთან ვერ გამკლავებაა. ამასთან, ქვეყნის პრეზიდენტმა მოუმატა აგრესიულ, ნაციონალისტურ რიტორიკას, განსაკუთრებით კი ტაივანთან მიმართებაში. ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონგრესზე მან უკვე გაიფორმა აბსოლუტური ძალაუფლება და მოსახლეობა „საშიშ შტორმებზე“ გააფრთხილა და ხაზი გაუსვა „პროვოკაციებს“, მათ შორის, „გარე ძალების ჩარევას“ ტაივანში. კომპეტენტური პირების ნაცვლად მის მიმართ კეთილგანწყობილი პირებისთვის უპირატესობის მინიჭებით, პრეზიდენტს აღარ ჰყავს გვერდში გამოცდილი ეკონომიკური ტექნოკრატები.
ევროპისა და ჩინეთისგან განსხვავებით, აშშ-ს ეკონომიკა 2023 წელს კარგ ფორმაში ხვდება. ფედერალური რეზერვის აგრესიული მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკას რეცესიისკენ უბიძგებს, თუმცა ძლიერი შრომის ბაზრისა და დიდი საყოფაცხოვრებო დანაზოგების დონის წყალობით, უარყოფითი ეფექტი რბილი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ საწვავის მაღალმა ფასებმა ინფლაციის ზრდაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა და პრობლემები გაუჩინა ბაიდენის ადმინისტრაციას, ქვეყანა ენერგიის მსხვილი მწარმოებელია და სარგებელიც მიიღო წლევანდელი სასაქონლო შოკებისგან. პარადოქსია, მაგრამ ამერიკული ეკონომიკის სიძლიერე დანარჩენი მსოფლიოსთვის უფრო მეტადაა პრობლემა, ვიდრე მისი სისუსტე იქნებოდა. ფედერალურ რეზერვს განაკვეთების გაზრდა კიდევ მოუწევს ინფლაციასთან გასამკლავებლად, რაც დოლარის კურსის გამყარებას გამოიწვევს და აიძულებს სხვა ცენტრალურ ბანკებს, გააკეთონ იგივე.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრი მიზეზი არსებობს, რატომაც 2023 წელი საშიში და ავის მომასწავებელი იქნება. რადგან ყველა კრიზისს ახალი შესაძლებლობებიც ახლავს თან, კარგი ამბები 2023 წელშიც იქნება. ზოგიერთი ქვეყანა ამ ვითარებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებს. გალფის ქვეყნებში ეკონომიკური ბუმია, რასაც არა მხოლოდ ნავთობის მაღალი ფასები, არამედ მათი, როგორც ფინანსური ცენტრების როლის ზრდა განაპირობებს. ინდოეთი, რომელიც ჩინეთს გადაასწრებს და მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში პირველი გახდება, კიდევ ერთი ნათელი წერტილი იქნება – რუსეთისგან ფასდაკლებული ნავთობის ყიდვით, საშინაო ინვესტიციებისა და უცხოელების ინტერესის ზრდის ფონზე ქვეყანა ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას და სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაციას ეცდება. საერთო ჯამში, განვითარებადი ეკონომიკები წელს უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და გლობალური რეცესიის წინა ტალღის დროს.
ყველაფერთან ერთად, ენერგოშოკები განახლებად ენერგიებზე გადასვლის ტემპს დააჩქარებს. ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, ფატიჰ ბიროლი ამას „ენერგიის ისტორიაში გადამწყვეტ მომენტს“ უწოდებს. ამავდროულად, კრიზისი კიდევ უფრო აქტუალურს ხდის დისკუსიას წიაღისეული რესურსების, განსაკუთრებით კი ბუნებრივი აირის როლის შესახებ, რომელიც ხიდს წარმოადგენს მწვანე მომავლის მისაღწევად. ბოლოს და ბოლოს, გადაიხედება იმგვარი თვალთმაქცობები, როგორებიცაა ევროპის უსურვილობა დააფინანსოს ბუნებრივი აირის პროექტები ღარიბ ქვეყნებში, იმის გათვალისწინებით, რომ ცდილობს რაც შეიძლება მეტი გაზის მიმწოდებლები ჰყავდეს საკუთარი მარაგების შესავსებად – შედეგი კი უფრო მწვანე, დივერსიფიცირებული და უსაფრთხო გლობალური სისტემა იქნება.
მიმდინარე შოკების გრძელვადიანი ეფექტების დანახვა ყველაზე მეტად რთული საქმეა. რაც არ უნდა მოხდეს უკრაინაში, ცხადია, პუტინი ვერ განახორციელებს თავის სტრატეგიულ სურვილს, რომელიც უკრაინისთვის არსებობის უფლების წართმევას გულისხმობს. ამის მაგივრად, უკრაინა იქნება დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყანა ევროპაში უდიდესი და ომში გამოწრთობილი არმიით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა NATO-ს ფარგლებს გარეთ დარჩება, ეს ევროპის უსაფრთხოების ფორმულას გარდაქმნის. უკრაინის წარმატება სხვა სავარაუდო აგრესორებს ნაბიჯის გადადგმამდე დააფიქრებს. მიუხედავად ამისა, განვითარებადი ეკონომიკების უმეტესობის უარი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს შეუერთდეს, ცხადყოფს, რომ სწრაფვა დემოკრატიული თავისუფლების დასაცავად და მათი თვითგამორკვევის უფლება შეზღუდულია. 2023 წლის დაწყებით პოსტ-ომის დროინდელი წესრიგი არ მომკვდარა – თუმცა მან ტრანსფორმაცია განიცადა.