“ჩვენი დათო ექიმი” – ასე ვეძახით ყველა ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ყველაზე დიდ მეგობარს, გულშემატკივარს და “გაჭირვების ტალკვესს” დათო ნანობაშვილს. გვიყვარს, გვეიმედება და ამავდროულად, ხშირად გვავიწყდება, რომ ისიც ადამიანია, ამიტომ ჩვენს ზარებს და დროს ლიმიტი არ აქვს…
ჯერჯერობით, გვიძლებს…
ერთი სიტყვით, ფართო პროფილის ექიმი ვეტერინარი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, თერაპევტი, ქირურგი, დერმატოლოგი, რადიოლოგი დავით ნანობაშვილი “აიპრესის” რუბრიკის “ამბები ადამიანებზე” სტუმარია…
– ბატონო დათო, თქვენ ხართ უამრავი ოჯახის უსაყვარლესი ექიმი და ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობის სადარაჯოზე მდგომი “დათო ექიმი”. “ბავშვები” – ასე მოიხსენიებთ თქვენს პაციენტებს. სულ მგონია, რომ პატარაობიდან ცხოვრობდით ლამაზ სოფელში, სადაც უამრავი შინაური ცხოველი გყავდათ…
– დედაჩემი ბიოლოგია, მამაჩემი კი ვეტერინარი. რაც თვალები გავახილე, სულ ცხოველებთან ერთად ვარ, ცხოველებთან გავიზარდე, არ არსებობს ცხოველი რომელიც სახლში არ მყოლია. ზაზუნები, ზღვის გოჭები, თუთიყუშები, ციყვები, კაჭკაჭები, კატები… პრაქტიკულად, რაც თვალი გავახილე, ცხოველების მეტი არაფერი მინახავს. დედაჩემის გადამკიდე მიკროსკოპის მეტი არაფერი მინახავს. ბაქტერიებთან ვირუსებთან შეხება მქონდა სულ, მამაჩემი ვეტერინარი იყო. ამიტომ, ექიმობის გარდა პროფესია არც განმიხილავს, თუმცა არ იყო ამ არჩევანის გაკეთება ადვილი.
ძალიან ცუდი პერიოდი გამოვიარე. ჩვენს პროფესიას, ვეტერინარიას, ჰქონდა ძალიან დაბალი რეიტინგი. ვეტერინარიაში აბარებდა ყველა, მაგრამ ვეტერინარად არ მუშაობდნენ. შინაურ ცხოველებზე არ იყო აქცენტი, იყო უფრო მეცხოველეობა. ჩემმა მშობლებმა მითხრეს აზრი არ აქვს შენს ვეტერინარობას, გინდა ძროხებსა და ღორებში მუშაობა? ერთი სიტყვით,
ჩავაბარე სამედიცინოზე. დავამთავრე, მაგრამ მედიცინა არ იყო ის, რაც მინდოდა მეკეთებია მთელი ცხოვრება, ასე ცხოვრება ძალიან რთულია. ამიტომ შემდეგ ჩავაბარე ზოოვეტში, ვეტერინარიულზე. მერე წავედი უკრაინაში და ევროპაში ცოდნის ასამაღლებლად. პლუს მამაჩემი მეხმარებოდა, ლიტერატურა, ინტერნეტი და საბოლოო ჯამში, ჩამოვყალიბდი როგორც ვეტერინარი.
– ვფიქრობ, ევროპაში აღმოაჩენდით, რომ ვეტერინარობა ერთ-ერთი საპატიო პროფესიაა…
– დიახ, იქ ვეტერინარი ადამიანია, აქ – არ ვიცი რა დავარქვა სახელი. ფასი ვეტერინარს ახლა უფრო აქვს, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. მთელს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ ჯერ იურისტებს, მერე ვეტერინარებს, მერე ექიმებს. სწავლაც უფრო ხანგრძლივი და რთულია ვიდრე მედიცინა.
– ევროპიდან დაბრუნებულს, ხომ არ გაგიჭირდათ იმ საკითხების და მეთოდების საქართველოში გადმოტანა, რაც იქ შეიძინეთ?
– ძალიან რთული იყო, რადგან რადიკალურად შემობრუნება მოხდა მკურნალობაზე, “გაიდლაინებზე”, რადიკალურად განსხვავდებოდა იმ რეალობისგან რაც ევროპაში იყო.
ამ პერიოდში შეიქმნა ვეტერინართა ასოციაცია, ჩამოდიოდა უამრავი უცხოელი პროფესიონალი, ატარებდა ლექციას, ტარდებოდა მასტერკლასები, რამაც გამოიწვია რევოლუცია ვეტერინარიაში. ძალიან სწრაფი ტემპით მოხდა მერე განვითარება. მათი ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარებამ ჩვენი განვითარება გამოიწვია.
– ბატონო დავით, თუ გახსოვთ თქვენი პირველი პაციენტი?
გამიჭირდება, რადგან რაც თვალი გავახილე, სულ ცხოველებს ვუყურებ, არ ვიცი პირველი და ბოლო.
– “გაიდლაინების” თემას შეეხეთ და გკითხავთ, არის თუ არა ჩვენთან ისეთ დონეზე მკურნალობის გაწერილი წესები, როგორზეც უნდა იყოს და თუ მუშაობთ ხარვეზების აღმოფხვრაზე?
– უკეთესს ვისურვებდი, ჯობია ისეთი საერთო “გაიდლაინები” არსებობდეს ვეტერინარიაში, როგორიც მედიცინაშია.
ყველა სიტუაციაზე ერთი “გაიდლაინით” მიდგომა არის პრობლემა. მაგალითად, ანტიბიოტიკების უმიზეზოდ მიღება სერიოზული პრობლემაა. “გაიდლაინი”, რომელიც ევროპასა და ამერიკაში მუშაობს, არ იმუშავებს ჩვენთან, რადგან თვითმკურნალობის კულტურა სანამ იარსებებს, არაფერი გვეშველება. ამ “ბავშვებს” უკეთებენ თვითნებურად ანტიბიოტიკებს, ანტიბიოტიკი აღარ მუშაობს, ბაქტერიას ( გამომწვევს) აქვს რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ და გიწევს იმპროვიზაცია, რომ გამოსავალი იპოვო სიტუაციიდან.
ევროპულმა გაიდლაინმა საქართველოს რეალობაში რომ იმუშაოს, პირველ რიგში, უნდა დაინგრეს ასეთი ტიპის მკურნალობა: “მეზობელმა მირჩია, ნათესავმა მირჩია და ასე შემდეგ”. ეს არის პრობლემა, რომ ძაღლი უკვე ნამკურნალებია უაზროდ, მასზე “გაიდლაინი” აღარ იმუშავებს. ამის გამო შედიხარ ჩიხში და ცდილობ გამოსავალი იპოვო.
გაიდლაინი არ იმუშავებს, რადგან ძაღლი გაჯერებულია ანტიბიოტიკებით.
ამასთანავე, არის ერთი პრობლემა. თუ ვეტერინარმა ცხოველი 3 დღეში ვერ მოარჩინა, ის არის ძალიან ცუდი ვეტერინარი. რეკომენდაციები არაა მორგებული იმაზე, რომ 3 დღეში შედეგი მიიღო, მაგრამ პატრონს ეს არ ესმის.
– ამბობენ რომ ძაღლსა და ზოგადად შინაურ ცხოველებს მეტი ესმით ხშირად, ვიდრე მათ პატრონებსო…
– აბა, რა! არის ხოლმე სიტუაცია, მართლა 5-ჯერ რომ აუხსნი პატრონს და ვერ იგებს და ძაღლი ექაჩება – წამოდი მე გავიგეო… ელემენტარული ბიოლოგია უნდა იცოდე ან ექიმის ნდობა უნდა გქონდეს, რომ გაიგო რას გეუბნება. თუ ნდობა არ გაქვს, შეიძლება უამრავი გელაპარაკოს, მაგრამ შინაარსი ვერ გამოიტანო.
– საკუთარი დიაგნოზებიც ხომ გვაქვს ხშირად?
– დიახ! ყველაზე დიდი პრობლემაა ასევე დავა. მოდიან საკუთარი დიაგნოზებით და პრეტენზიებით და უნდათ რომ უმკურნალო ამ დიაგნოზს, რაც რეალობას აცდენილია.
აცდენილია, მაგრამ არ უნდა გაიგოს, ჰგონია შენზე მეტი იცის და რაც მთავარია, ასე წაიკითხა “გუგლში.
– აბა, თქვენთან რატომღა მოდიან?!
– მეც იმავეს ვეკითხები, – აბა ჩემთან რატო მოდიხართ?
ყველაფრის ახსნას საათები სჭირდება, მე კიდევ არ მაქვს მაგის დრო. 15 კაციანი რიგი რომ დგას, ერთ პაციენტს საათებს ვერ დაახარჯავ. მადანაშაულებენ უყურადღებობაში, მადანაშაულებენ რომ დროს არ ვუთმობ, მაგრამ ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ არ მინდა, ფიზიკურად დრო არ მაქვს. ფსიქოლოგი ხომ არ ვარ, არა?!
ზოგჯერ მიმალავენ ხოლმე ინფორმაციას, იცით? როცა ვკითხულობ “რა აჭამეთ ცხოველს?”. ერთმანეთს უყურებენ ცოლ-ქმარი, ან ბებია-შვილიშვილი და არაფერს ამბობენ. ცალ-ცალკე უნდა გაიყვანო და ელაპარაკო. მე რომ სწორი დიაგნოზი დავსვა, ხომ უნდა ვიცოდე ყველაფერი?!
სწორი ანამნეზი დიაგნოზის ნახევარია. როცა არ ამბობ ყველაფერს, ამით პაციენტს ვაზარალებ და დროს ვკარგავ.
– ახალმა წლებმა როგორ ჩაიარა თქვენკენ? არ მითხრათ, რომ როგორც ადამიანებში, ისევე ცხოველებშიც მატულობს ინტოქსიკაცია?
– აბა, როგორ გგონიათ?! მოჰყავთ ცხოველები და იმართლებენ თავს, სტუმარმა რაღაც აჭამაო. ზოგი ისეთ რამეს ამბობს, გაგიჟდები, რა! ბაბუაჩემი ძვლებს აჭმევდა თავის ძაღლს, ვაქცინას სულ არ აკეთებდა და ასე შემდეგ.
– იქნებ მოგვცეთ რჩევები ადამიანებს, რა უნდა გავაკეთოთ, რათა ოთხფეხა მეგობრები არ დავაყენოთ საფრთხის წინაშე? რას აუკრძალავთ თქვენ კატეგორიულად პატრონებს?
– პირველ რიგში, ყურძენია აკრძალული, ასევე შოკოლადი, საღეჭი რეზინი, ნიგვზიანები, თხილიანები. ასეთი საკვების მიღება ცხოველისთვის არ არის რეკომენდებული.
მაგრამ, არგუმენტი აქვთ, ქვას გახეთქავს: „რომ უყვარს?“. ძვლების მიცემაც და ნახარშების მიცემაც საფრთხილოა. გოჭის ხორციც. ქუჩაში გაზრდილ ძაღლებსაც უჭირთ ამის მონელება და შინაური ძაღლები, რომლებიც ტახტზე წვანან პულტით ხელში და მულტფილმებს უყურებენ, ამ საკვებს ვერ აიტანენ! მოიწამლებიან და დასრულდება ლეტალურად!
მერე დაბრალდება ექიმს, ვერ გადაარჩინაო. მე კი არ ვარ დამნაშავე რომ ასეთი რამ ვაჭამე, ექიმმა ვერ გადაარჩინა.
ვაქცინაციაც აუცილებელია. საზღვრების გახსნამ გამოიწვია უამრავი დაავადების შემოტანა საქართველოში. ვაქცინა არ არის ტყვიაგაუმტარი ჟილეტი რომ დაგიცვას, მაგრამ უფრო მსუბუქად გადაიტანს ცხოველი. ცოფი, საქართველოში, ასე თუ ისე გვხვდება, 3 თვის ზემოთ ვაქცინაცია აუცილებელია. არანაირ ზრდას არ აჩერებს, არანაირ რაქიტს არ იწვევს, ვინ გიყვებათ ასეთ ამბებს?!
ახალი თაობის ვაქცინას არანაირი ზიანი არ მოაქვს ცხოველისთვის. ძალიან რთულია ადამიანებისთვის ამის ახსნა და გაგებინება, რადგან თურმე კომპოზიტორმა მეზობელმა უთხრა, რომ ვაქცინა ზრდას აჩერებს. მისთვის ავტორიტეტი მეზობელია და არა მე, რა გავაკეთო?!
აქ უკვე სკოლიდან მოყოლებული პრობლემაა, ალბათ, არ ვიცი.რატომ უნდა ჰქონდეს მეზობელს, რომელსაც ძაღლი ჰყოლია, უფრო მეტი ავტორიტეტი, ვიდრე მე?!
– ძალიან საინტერესო კითხვაა, მაგრამ ჩვენთან ხომ სტერეოტიპებია, რომლის დამსხვრევაც ძალიან რთულია.
– სწავლა, ტელევიზია, განათლება, ახალი თაობა თორემ სხვა გამოსავალი არ არის.
– თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ არ არსებობს უწესო ძაღლი, არსებობს უწესო პატრონიო. ანუ, ბავშვივითაა, რასაც გაზრდი იმას მიიღებ?
– ბავშვივით არის, დიახ.
ბავშვს კიდევ შეუძლია მოქმედების თავისუფლება, მაგრამ ცხოველში რასაც დააპროგრამებ, იმას მიიღებ. ბავშვი რომ გაიზრდება, შეიძლება მერე აღარ დაგემორჩილოს, მაგრამ ცხოველს თუ გაწვრთნი, მთელი ცხოვრება დაიმორჩილებ, სწორი მიდგომაა საჭირო.
ყველა პრეტენზია თუ შეუსრულე, ის ხდება ლიდერი ოჯახში და მანიპულაციას იწყებს. მანიპულატორები არიან სასწაული ძაღლები, განსაკუთრებით პატარა ჯიშის, თავის ჭკუაზე ატარებენ მთელს ოჯახს.
– რას აკეთებენ, როგორ მანიპულირებენ?
– მაგალითად, შიმშილს გამოგიცხადებენ: მინდა ხორციანი, არ შევჭამ ჩემს საჭმელს. შეიძლება გულიც კი აირიოს შიმშილისგან. ეს უკვე ბოლო წვეთია ოჯახში, მაშინვე მოუხარშავ ხორცს და იქ მთავრდება ყველაფერი. მერე მოდიან ინტოქსიკაციით და ნაწლავის პრობლემით და რა გინდა, რომ გაუკეთო?!
მე რა ვუშველო? ვინმე მწვადის მერე ლობიოს ჭამს? ნუ მიაჩვევ. როგორ ავუხსნა მე ცხოველს, რომ თავის საკვები, ან ბალანსირებული საოჯახო კვება სჭირდება? ის ხომ ინსტიქტებით არის, რაც არის გემრიელი ის უნდა.
– დიდი ძაღლები უფრო სოლიდურები არიან?
– არა, დიდ ძაღლები არ არიან ასე, პატარა ძაღლებს დაჰყავთ მთელი ოჯახი თავის ჭკუაზე.
– ჩემს ოჯახში, ჩემსა და მამაჩემს შორის სულ კამათია იმაზე მისცეს თუ არა „ტობიასს“ ქათმის ძვლები. მინდა, რომ თქვენი განმარტება მოისმინოს.
– მე ვკრძალავ კატეგორიულად!
ქათმის ძვალი კატეგორიულად აკრძალულია. ძალიან ბასრია. ყოფილა შემთხვევები, დაგვღუპვია ცხოველი. ყოველთვის არა, მაგრამ შესაძლოა არ გაგიმართლოს. ლატარიას ეთამაშები , უფრო სწორად, ჩათვალე “რუსულ რულეტკას” თამაშობ. რატომ უნდა გარისკო? ვის რას უმტკიცებ ამით? მაგარი ბიჭი ხარ? მიეცი ხორცი მაშინ, არ მოკლავ მაინც.
– მე თვალს ვადევნებ მუდმივად თქვენს “ფეისბუქს”და მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა გაქვთ ყოველდღიური ამბებით, რჩევებით, პაციენტების ისტორიებით. თუმცა, ყოფილა ფატალური შემთხვევებიც. ამ დროს რას გრძნობთ, შეგუებული ხართ ამდენწლიანი მუშაობის შემდეგ ასეთ ამბავსაც თუ ყველა ჯერზე დიდი ტკივილია თქვენთვის?
-საშინელი ტკივილია ყოველ ჯერზე, დამერწმუნეთ. დამსიზმრებია კიდეც ხშირად, უარყოფითი ემოციებითაა სავსე ყველა ასეთი ამბავი… მეორეს მხრივ, ოჯახი მყავს, შვილები მყავს, გინდა რომ მათაც დაუთმო დრო. თუ აკვირდებით, ტელეფონი არ გაჩერებულა რაც ინტერვიუს ვწერთ, რომელი საათია თან, ასე გრძელდება მთელი ღამე. ამხელა კლინიკაა, ყველას ხომ ვერ გადაარჩენ. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენთან ხომ მაინც ექიმია დამნაშავე, მე ვარ დამნაშავე, მკურნალობა დავაგვიანე, არასწორად მივუდექი საკითხს, დამნაშავე ხომ ყოველთვის სხვა არის,. თქვენ გინახავთ ქართველი, რომელიც იტყვის – მე ვარ დამნაშავეო? თავს იცავს ამით, უარყოფით ემოციებს შენკენ უშვებს. გვლანძღავს, გვთათხავს, რომ მას კომფორტის ზონა არ დაერღვეს, იმის დედაც არ ვატირეო, ფიქრობს! ხვალ აღარ დამჭირდება. ეს არის ქართული მენტალიტეტი, ყველაფერი გინდა გადატეხო სხვაზე.
– ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ძალიან თავისებურები არიან, თავისი სასაცილო ქცევებით და ისტორიებით. გყოლიათ ისეთი პაციენტები რომლებზეც ძალიან გეცინებათ ხოლმე?
– ძალიან საყვარლები არიან, რომ განახათ ჩემს დანახვაზე რაებს აკეთებენ, მართლა გადაირეოდით. ჩამოვთვლიდი ახლა, მაგრამ ვინმე გამომრჩება და ეწყინება მერე…
– ისე, მართლა ჰგვანან ძაღლი და პატრონი ერთმანეთს ხასიათით?
– კი, ძაღლის ხასიათით მიხვდები, პატრონი როგორია.
– ყველა შემთხვევაში ამას ვერ ვიტყვით, ის რაც ჩემმა ნაგაზნა, ტობიასმა“ იკადრა, როდესაც კოჭლობა მოიგონა, აფერისტობაა, მე კიდევ მასეთი არ ვარ…
– ტობიასი აფერისტი არ არის, სიმულანტია უბრალოდ და ასეთი გზა მოიფიქრა იმისთვის, რომ არსად გასულიყავით სახლიდან.
– ქართველი ძაღლებიც ისეთივე ხმაურიანები არიან, როგორც ქართველები ვართ?
– თქვენ გინახავთ ჩვენთან ძაღლები რა არაადეკვატურად იქცევიან რიგში? წადით უკრაინაში, რუსეთში, თუნდაც ევროპაში, მსგავსს თუ ნახავთ. იქ ძაღლები გვერდიგვერდ დგანან რიგში და ერთმანეთზე რეაქცია არ აქვთ. ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ რაც ხალხი ვართ, ის ძაღლები გყავს. აქ რომ ჩამოვედი, გაკვირვებული ვიყურებოდი, იქ ყველა ადეკვატურია. აქ ძაღლები თუ არა, პატრონები მაინც მოდებენ ერთმანეთს შარს „შენმა ძაღლმა ჩემსას ცუდად შეხედაო“. ხალხი ვართ უცნაური…
– შეუძლებელია მაგაში არ დაგეთანხმოთ. მინდა შევეხო ქუჩის ძაღლების მდგომარეობას ამ ქვეყანაში, რომელთაგანაც უამრავს, თქვენ უფასოდ მკურნალობთ. რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
– სახელმწიფომ დაიწყო პროგრამა სტერილიზაცია/კასტრაცია უფასოდ. მაგრამ, რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ფიზიკურად ვერ მოერევა ამას ბიუჯეტი. გამოდის, პასუხისმგებლობა ხალხმა უნდა აიღოს თავის თავზე. დამიჯერეთ მილიარდები არ ეყოფა ამას, რომ ყველა ქუჩის ცხოველი გასტერილდეს. როცა გყავს უბანში მიკედლებული ძაღლი, 4-5 ოჯახი რომ გაერთიანდეს და გაასტერილოს რთულია? მაგრამ ხელს იშვერენ მთავრობისკენ, რომ ისაა ვალდებული. მთავრობას ფინანსური რესურსი არ აქვს ამის.
– ევროპაში როგორ მოაგვარეს აბა ეს პრობლემა, საიდანღაც ხომ დაიწყეს?
– ხალხმა და მთავრობამ პასუხისმგებლობა თანაბრად გაინაწილა, მაგრამ იქ სხვა რამეც მოხდა, საზღვრებზე დაწესდა კონტროლი. იგივე პრობლემა აქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, , ამიტომ უნდა გაკონტროლდეს საზღვარი, რომ იმათი ცხოველები ჩვენთან არ შემოვიდეს. მასობრივად უნდა მოხდეს ყველა რეგიონში სტერილიზაცია/კასტრაცია ყველა უპატრონო ცხოველის.
ჯიშიანი ძაღლების გამრავლებაზე მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს. შენი და ჩემი ძაღლი ლამაზები არიან და მოდი შევაჯვაროთ, – იტყვიან და მერე მათი ლეკვები ქუჩაში აღმოჩნდებიან ხოლმე. ჩვენთან ხომ ყველა ვეტერინარი და კინოლოგია, ამიტომ ვიღებთ ცუდ შთამომავლობას, არასწორ სელექციას, არასწორ გამრავლებას და ქუჩის კატებს და ძაღლებს. საჭირო არ არის რომ ყველა გამრავლდეს.
– საჭიროა თუ არა გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც სურს რომ ძაღლი შეიძინოს?
– მე თუ მკითხავ, პირველ რიგში, ფსიქოს მოვითხოვდი. ემოციურ მდგომარეობას გამოვიკვლევდი, მერე ოჯახის ყველა წევრის თანხმობას მოვითხოვდი და შემოსავლის გადამოწმებას. შემოსავალი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერე “ფეისბუქზე” არ წეროს – ძაღლი მიკვდება და ფული არ მაქვსო. თუ არ გაქვს საშუალება, რატომ აგყავს ცხოველი?
ცხოველის ყოლა დიდ ფიანანსებთანაა დაკავშირებული,
მაგრამ ხალხს ეს არ ესმის, ვიღაცა მოდას აყოლილია და რაც მოდაშია, ის უნდა. ამასთანავე, ყველა ჯიშს აქვს ინდივიდუალური ხასიათი. მის ხასიათს, რომელიც გენეტიკაში აქვს ჩადებული, ვერ შეცვლი, ვერ მოსთხოვ ლაბრადორს, რომ რამეს უყარაულოს, რატომ უცვლი ცხოველს თავის ხასიათს?
– ნაგაზებს ვერ მოსთხოვ რომ სახლს არ უყარაულოს, მაგალითად ჩემს ნაგაზს თავისი სახლიდან აგარაკზე წასვლაც არ უნდა…
– ეგ ფუნქცია აქვს, დაიცვას ტერიტორია და დაგიცვას შენ. გენეტიკაში აქვს. საუკუნეები მაგას უდებდნენ, ახლა ეტყვი რომ აღარ გააკეთო და დაივიწყე შენი გენეტიკაო? რადგან მე ასე მინდა?
– პიტბულების პრობლემაც ამას უკავშირდება? ხასიათი შეუცვალეს?
– აკვირდებით, პიტბულების უმეტესობა ვის ჰყავს? 18-20 წლის ბავშვებს/ბიჭებს, რომლებსაც თავის დამკვიდრება უნდა. მაგ პრინციპით ავარიების უმეტესობა BMW-ებზე მოდის და მაშინ ავკრძალოთ ეს მარკა. ვის ჰყავს BMW? იგივე კატეგორიის ხალხს, ვისაც თავის დამკვიდრება უნდა. ყველას არ უნდა ჰყავდე ეს ჯიში, მას თავისი ხასიათი და უნარ-ჩვევები აქვს, თუ ამას არ ითვალისწინებ რატომ აგყავს? ვერ მოარჯულებ, არაფერი იციან ამ ჯიშზე, ჰყავთ იმიტომ, რომ ფიზიკურად ძლიერი ძაღლია, რომელიც სხვას დაჩაგრავს.
– ძალიან სამარცხვინოა მოდის გამო ძაღლების აყვანა. ჰასკების თემაც ხომ სწორედ ეს იყო – მოდას აყვნენ. და შემდეგ ქუჩისთვის გაიმეტეს.
– ჰასკი დაღუპა თვალებმა. მისი ხასიათი , უნარები, ჩვევები, არავის გაუთვალისწინებია, ლამაზი თვალები აქვს და ჩემს შვილს ვუყიდეო… შვილს უყიდე, მობილურია თუ ტელევიზორი? რატომ უყიდე? შენი მოსავლელია ის, რადგან შენი შვილი მაგას ვერ მიხედავს. მერე აღმოაჩენენ, რომ ბეწვი სცვივათ, სახლს ღრღნიან და უშვებენ ქუჩაში.
– რამდენად მჭიდრო ურთიერთობა გაქვთ სახელმწიფოსთან, მონიტორინგის სამსახურთან, რამდენად შემდგარია თქვენი ურთიერთთანამშრომლობა და თუ გაქვთ რაიმე სახის მოთხოვნები, საყვედური, ან შენიშვნები, რაც მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.
– მონიტორინგის სამსახურთან ხშირად მაქვს ურთიერთობა. რისი რესურსი და საშუალებაც აქვთ, იმას აკეთებენ, ვგულისხმობ კასტრაცია/სტერილიზაციას, რაც მათ ევალებათ. რაც არ უნდა უსაყვედურო სხვას, თუ მათ არ აქვთ დაფინანსება და არ შეუძლიათ, როგორ გააკეთებენ. თუ მე თქვენ გეუბნებით, რომ 5 ძაღლი იყოლიეთ და ამის საშუალება არ გაქვთ, როგორ გეყოლებათ? არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, თუ რესურსი არ აქვს, როგორ მოვთხოვო? რესურსი გაგვაჩნია ჩვენ, კლინიკებს. სახელმწიფომ რომ გვითხრას მოგიყვანთ ძაღლებს და თვეში გამისტერილე 30 ძაღლი, ჩვენ ხომ წავალთ ამ შეთანხმებაზე. ამით რაღაცას მაინც ხომ შევაჩერებ. შესაძლოა ამას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდეს.
– მინდა გკითხოთ თქვენს საოცარ გუნდზე, საკუთარ თავზე გამომიცდია მათი ყურადღება. სად შეკრიბეთ ეს ადამიანები?
– მოხდა ორი კლინიკის გაერთიანება. დავიწყეთ დამწყები ექიმების აყვანა, ნელ-ნელა მოხდა ჩვენი განვითარება, ვცდილობთ სტუდენტები ავიყვანოთ. მსურველი ძალიან ცოტაა. ვთხოვთ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ ვეტერინარობა, მოვიდნენ ჩვენთან, ნახონ ჩვენი ყოველდღიურობა და გაიარონ პრაქტიკა. ახლა მყავს ძალიან კარგი გოგო-ბიჭები, რომლებიც ძალიან კარგ პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან. მომავალი მათია. რაც შემიძლია მე უნდა ვასწავლო, კიდევ უნდა განვითარდნენ, წინ წავიდნენ, ჩემს ცოდნაზე წინ უნდა წავიდნენ.
აუცილებელია, იყოს ვიწრო სპეციალიზაცია. არ შეიძლება ექიმი იყოს “ყველაფერშიკი”.
რომ მოდიან და მეუბნებიან თქვენ აკეთებთ ოპერაციას? ოპერაციაც მე გავაკეთო, ანესთეზიოლოგიც მე ვიყო, დამხმარეც?! თუ არ მოხდა სპეციალიზაცია და გუნდის ნდობა, მოხდება კოლაფსი.
– მინდა გკითხოთ, სადღეღამისო კლინიკის ამბავიც. როდესაც გიხდება ცხოველი ცუდად გვიან, სრული ისტერიკა გაქვს პატრონს. ხომ არ აპირებთ სადღეღამისო კლინიკა გააკეთოთ, რადგან უამრავი ადამიანი კონკრეტულად თქვენ გენდობათ.
– მე რომ ეს გავაკეთო, მჭირდება ადამიანური რესურსი მინიმუმ 16 კაცი, 3 ბრიგადა. ყველაზე დიდი უბედურებები ღამე ხდება. არის მოთხოვნა, მაგრამ კადრები არ გვყავს. თუ კადრების შევსებას შევძლებ, გავაკეთებ. მაგრამ იმის გამო რომ უბრალოდ ერქვას ღამის კლინიკა, აზრი არ აქვს. არის თბილისში 2-3 ღამის კლინიკა, რომლებსაც შევსებული აქვთ კადრები უცოელი სპეციალისტებით. 3 ჯგუფი მჭირდება 2-2 ექიმი და ასისტენტი. ღამის ანაზღაურებაც უფრო მაღალი უნდა იყოს.
ღამის ანაზღაურება უფრო მაღალი უნდა იყოს ვიდრე დღის. იმიტომ რომ ღამე შეიძლება 5 კაცი გყავდეს და არა 10. იმდენად ძვირი გამოდის ღამის მომსახურება, რომ გადაიხდის კი ხალხი ამდენს? საქართველოში დღემდე ვეტერინარია არის მომსახურების სფერო, იბეგრება საშემოსავლო/ დღგ. გინდა არ გინდა, ამას ვერ გაექცევი. პლუს ამას 4 კაციანი ღამის ბრიგადის შენახვა, მედიკამენტები – გინდა არ გინდა, ძალიან ძვირზე ადის. მერე იწყება სხვა პრობლემა, “ფულს აკეთებენ, უნამუსოები”. თან ღამე ემერჯენსია ხომ? ყველას ვერ გადაარჩენ. ცხოველი თუ დაიღუპა, იქ დამთავრდა ამბავი – “მომიკლა და კიდე ფულს მთხოვს?!”. ეს მიდგომა თუ არ შეიცვალა, აზრი არ აქვს მაღალი დონის ღამის კლინიკის გკეთებას.
– ყველაზე პრიორიტეტულ საკითხად, რომელზეც ისურვებდით სახელმწიფოსთან თანამშრომლობას საკანონმდებლო თუ დიალოგის დონეზე, რას თვლით?
– ამ თემებზე გვქონდა შეხვედრა სამინისტროში. პირველი საკითხი არის ის, თუ რამდენად უნდა ხდებოდეს გაყოფა წვრილი და მსხვილი ცხოველების. წვრილი ცხოველები კატები, ძაღლები, ზაზუნები და ასე შემდეგ დღგ-სგან უნდა გავათავისუფლოთ.
ცხადია, ვეტერინარული კლინიკაც ბიზნესია , მაგრამ არ ყიდის ( კვერცხს ან ხორცს და ასე შემდეგ) ჩვენ სამედიცინო ვეტერინარულ მომსახურეობას ” ვყიდით” და აქედან გამომდინარე ვიძახით რომ თუ რაიმე საშუალება არსებობს რომ დღგ-ს ავცდეთ, ამ თანხის რეინვესტირების მოვახდენთ . თუნდაც ხელფასებში რომ ექიმებს, დამწყებ ვეტერინარებს ჰქონდეთ მოტივაცია მუშაობის.
– თქვენ რა ცხოველები გყავთ სახლში?
– სახლში ძაღლი და თუთიყუში მყავს.
– და ბოლო კითხვა, გქონიათ თუ არა პრაქტიკაში ისეთი სიტუაცია, რომ გითქვამთ, – მორჩა, თავს ვანებებ მე ამ პროფესიას?
– ხშირად მიჩნდება მსგავსი ფიქრები. ოღონდ თავი დამანებოს ყველამ, თუ უნდა მოვკვდე მეთქი! სახლში რომ მივდივარ, ბავშვებს სძინავთ, დილით სკოლაში მიდიან. ასეთი ცხოვრება ჩემი თავისთვის არასდროს მისურვებია. რომ ვთქვა რომ ბედნიერი ვარ, მოგატყუებთ. ბედნიერი უნდა იყო სამსახურშიც. სამსახურის მერეც ხომ გაგაჩნია ცხოვრება, სამსახურის მერე ცხოვრება არ გააჩნია ვეტერინარს.
– შეიძლება ითქვას რომ თქვენ ცხოვრობთ ცხოველებისთვის…
-კი, ასეა…
ipress.ge