27 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი დაასახელა.
42 წლის ზურაბ აზარაშვილს ჯანდაცვის სექტორში არასდროს უმუშავია, იგი პროფესიით ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია. მისი წარდგენისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში“.
ზურაბ აზარაშვილი აქამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. მისი კარიერა საჯარო სამსახურში 2020 წელს დაიწყო, როცა აზარაშვილი თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ გენერალურ დირექტორად დანიშნეს. აზარაშვილი ასევე იყო „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი, 2014-2020 წლებში – „ტერაბანკის“ კომერციული დირექტორი, 2013 – 2014 – „კორ სტანდარტ ბანკის“ ოპერაციების დირექტორი.
2003-2008 წლებში ზურაბ აზარაშვილი მუშაობდა „ქართუ ბანკში“, რომელიც ივანიშვილს ეკუთვნის.
2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, აზარაშვილის შემოსავალი 2020 წელს, როგორც „დელტას“ გენერალური დირექტორის 58 362 ლარი იყო, როგორც „თბილავიამშენის“ დირექტორის – 46 199 ლარი [ამ კომპანიაში აზარაშვილი 2020 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა].
2020 წელს აზარაშვილმა, როგორც „ტერაბანკის“ კომერციულმა დირექტორმა, ყველაზე დიდი ოფიციალური შემოსავალი „ტერა ბანკისგან“ მიიღო – 174 870 ლარი სამ თვეში [2020 წლის პირველი იანვრიდან 11 მარტამდე პერიოდში].
ჯანდაცვის ახალ მინისტრს 2020 წელსაც აქვს შევსებული დეკლარაცია, თუმცა დეკლარაციაში არ არის ასახული 2019 წლის შემოსავლები.
ზურაბ აზარაშვილი ფლობს 500 კ.ვმ მიწის ნაკვეთსა და 123 კ.ვმ სახლს თბილისში, ბერტა ფონ ზუტნერის ქუჩაზე, ასევე, მისი შვილი, 20 წლის მარიამ აზარაშვილი, ფლობს 133 კვ.მ ბინას ნუცუბიძეზე.
ჯანდაცვის ახალ მინისტრს ჰყავს მეუღლე და 5 შვილი.