საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰოლანდიელი ექიმი, დომეიკ ვერჰახენი, “მთავარ არხთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლამდე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ ჰქონია. ის ამბობს, რომ სააკაშვილი 2020 და 2021 წელს გასინჯა.
მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა, რაც მაშინ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა იყო ჭარბი წონა. “მთავარმა არხმა” ექიმს კითხვა დაუსვა “ორ ბოთლ კონიაკზე”, რომელზეც წინა სასამართლო სხდომაზე პენიტეცნიურის მხარემ გაამახვილა ყურადღება.
ვერჰახენი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს პრობლემა ალკოჰოლთან არ ჰქონია და ანამნეზში აღნიშნავდა 2 ჭიქა ღვინის დალევას, რაც სამედიცინო თვალსაზრისით, ნორმის ფარგლებშია. მისი თქმით, ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები არ დადასტურდა არც კლინიკური ტესტებით, რომელიც ჰოლანდიაში ჩატარდა.
“მე ის პირველად 2021 წლის თებერვალში ვნახე, ის გეგმიურ გასინჯვაზე იყო მოსული. მე მაშინ განსაკუთრებული ვერაფერი აღმოვაჩინე, ერთადერთი პრობლემა წონის მატება იყო, დაახლოებით 10 კილოგრამი, ვურჩიე რომ დიეტა დაეცვა. შევამოწმეთ ღვიძლი, მცირედი ცვლილებები იყო, რომლებიც წონის მატებას და ცხიმოვანი ცვლის დარღვევას უკავშირდებოდა. ჩემმა კოლეგა რადიოლოგმა კვლევით დამიდასტურა, რომ საგანგებო ცვლილება არ აღინიშნებოდა.
გამოკითხვისას პაციენტმა მითხრა, რომ ბევრს არ ჭამდა, თუმცა ცოტას მოძრაობდა. 2020 წლის ნოემბერში კოვიდ-ინფექცია ჰქონდა გადატანილი, რის გამოც ადვილად იღლებოდა, თუმცა ჩემთან ვიზიტის დროს ეს პრობლემა აღარ აწუხებდა.
გონებრივი პრობლემები მე არ შემინიშნავს, არ მსმენია მისი დეპრესიის ან რაიმე სხვა მსგავსი აშლილობის შესახებ და როდესაც ჩემთან იყო ამ მხრივ არანაირი ჩივილები არ ჰქონია, ასე რომ მე არ ვიცი ვინ გააკეთა ეს დასკვნა. რაც შეეხება ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, მე ის ვერ დავადგინე, პაციენტის თქმით, დღეში მხოლოდ ორ ჭიქა ღვინოს სვამდა. ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან დაკავშირებული ცვლილებები არ გამოვლინდა ღვიძლის ტესტებითაც”, – ამბობს ექიმი.
ის ადასტურებს, რომ მასთან ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის არანაირი სერიოზული პრობლემა არ ჰქონია.