“აგუნა, აგუნა, გამეიარე….ბახვი,ასკანა გადმეიარე”-კ ა ლ ა ნ დ ა გ უ რ ი ა შ ი

კ ა ლ ა ნ დ ა გ უ რ ი ა შ ი
🥳🥳🥳🥳🥳🥳🥳🥳🥳🥳🥳🥳🥳
აპოლონ წულაძე თავის წიგნში „ეთნოგრაფიული გურია“ წერს: „გურულს ყველა დღესასწაული უყვარს, თუმცა კალანდას და აღდგომას არაფერი ურჩევნია“. კალანდისთვის მზადებას, გურული კაცი, თურმე 40 დღით ადრე იწყებს, ამზადებენ განსაკუთრებულ კერძებს.
კალანდას განუყოფელი ნაწილია ჩიჩილაკი,რომელიც გურიაში სოფელ ბასილეთში შექმნეს პირველად.
აღსანიშნავია, რომ სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ღორის თავი, მსუქანი დედალ-მამალი, ღვეზელი, გოზინაყი. უწინ აუცილებელი იყო, რომ კერძები ცხემლის შეშაზე მომზადებულიყო, ახლა ხალხს არ აქვს ამის შესაძლებლობა შეშა მოიტანონ ტყიდან, თუმცა გურიაში არაერთი ოჯახი მაინც იცავს ამ ძველ ტრადიციას.
საკალანდო ღორს და მამალს სასუქში ჩასვამდნენ, დაკვლამდე კარგად რომ გასუქებულიყო: „ოჯახის ყველა წევრი ცდილობდა, სხვებისთვის დაესწრო და სასუქში
მყოფთათვის კეკალი დაეყარა, წყალიც დაესხა, თან ეთქვა: სუქ, სუქ, სუქ! ღორი პირველ დღეებში, პატივს იფერებს, ხარბად ჭამს, სიმინდის დაყრის დროს კი როთინით ხვდება.“
გურიაში ,როგორც მთელს საქართველოში სუფრის აუცილებელი კერძია საცივი,რომლის სამშობლოდ გურიაა აღიარებული…
(გურიაში მთიდან გამომავალ ცივ წყალს საცივი ქვია ,რაც კერძის სახელთან არის კავშირში წინაპრების გადმოცემით)
მთელი რიგი სამზადისი იწყებოდა 13 იანვარს, ანუ „ცხემლის ჭრის“ საღამოს, როცა ოჯახიდან მამაკაცები ტყეში გადაინაცვლებდნენ, ცხემლის საჭრელად. სწორედ იქ ტყეში ამზადებდა საახალწლო გასალოც შეშასაც.
ცხემლის ჭრა
გურული საკალანდო წეს-ჩვეულება – შეშის დამზადება ცხემლის ხისგან და ცეცხლისთვის ახალი წლის მილოცვის რიტუალი.
წინა დღეს დაჩეხილი შეშით საწესო ცეცხლის დანთება და ლოცვა ახალწლის დილას იცოდნენ; საამისოდ, ოჯახის თითოეული წევრი კერაზე ცხემლის შეშას დებდა და ამბობდა:
„ცეცხლო, ღმერთმა მრავალი კალანდა მშვიდობით გაგითენოს შენი ბატონიანა“.
ცეცხლის გაჩაღების შემდეგ, იწყებოდა საქონლისა და ფრინველისათვის ახალწლის მილოცვა, რომელსაც ოჯახის ყველაზე „ფეხბედნიერი“ წევრი ასრულებდა: კერიიდან ცხემლის დიდ მუგუზლებს აიღებდა, რომლებსაც ბოსილის, საქათმისა და საჯინიბოს შესასვლელში ისე დადებდა, რომ ცხოველს მასზე გადაებიჯება შეძლებოდა, და იტყოდა:
„ცხენო, ძროხავ, ხარო, ღმერთმა მრავალი კალანდა მშვიდობით გაგითენოთ თქვენი ბატონიანა“.
მთავარი რიტუალი კი უკვე გამთენიისას იწყებოდა, როცა ოჯახის უფროსი ხის გობზე ჩიჩილაკს, ღორის თავს, ნაზუქებს, ტკბილეულს დაალაგებდა და სახლს და ბეღელს სამჯერ შემოუვლიდა ხოლმე, შეძახილით: „რა მოგაქვს, რა მოგაქვსო?“, შემდგომ სამჯერ დააკაკუნებდა, დიასახლისი კი უმალვე გამოსძახებდა: „სიუხვე და ბედნიერება შემოგეტანოსო“ და გამზადებულ სუფრას შემოუსხდებოდნენ“ – გვიამბობს ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბალაურის მკვიდრი 75 წლის ციური იმნაძე (ხელაძე) (ეს და შემდგომი ციტატები მოყვანილია გურიის საველე-ეთნოგრაფიული ექსპედიცია, 2015 წელი). აღსანიშნავია, რომ ამ რიტუალს სრულიად გურიაში ერთი სახელი აქვს ეს არის „დილის ცეცხლის გალოცვა“.
თედო სახოკია გვიამბობს თავის წიგნში ” მოგზაურობანი” თუ როგორ უხმობდნენ გურულები აგუნას :
კალანდის წინა ღამეს მამა სახლისა გაუძღვება დანარჩენ წევრთ ოჯახისას და მიუძღვება მარანში. ხელში ყველას ანთებული თაფლის სანთელი უჭირავთ; თან მიაქვთ ხაჭაპური,
ღვინო და ღორის თავი. ოჯახის უფროსს, გარდა ამისა, ხელში თოხი
ან ცული უჭირავს. მივა გადმოპირქვავებულ საწნახელთან და ურტყამს
ცულს ან თოხს ყუით, თანაც შემდეგ ლექსს ამბობს:
აგუნა, აგუნა, გამეიარე,
ბახვი, ასკანა გადმეიარე,
ჩვენს მამულში ყურძენიო,
მტრის მამულში ფურცელიო.
ჩვენს მამულში გოდრითაო,
მტრის მამულში გიდლითაო.
ასევე სახოკია იხსენებს,გურიაში მწვანედ შემოსილ ხეებზე მოხუცის წვერივით თეთრად მოსჩანს ჩიჩილაკებიო…ტრადიციულად ყველა კალანდას ძველი ჩიჩილაკი გურულებს გამოჰქონდათ და ხეზე ჩამოკიდებდნენ ხოლმე …
პოსტს ანა კალანდაძის ლექსით დავასრულებ.
🥰
შემოდიოდა ჩვენში კალანდა
და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს….
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია….
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა…
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა….
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან….
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა…
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share