მაგნიტსკის სიის ანალოგის ფორმირებაში მესამე პრეზიდენტის ამერიკელი ადვოკატი, მასიმო დი ანჯელოც ერთვება. დღეიდან მასთან კონსულტაციებს დაიწყებენ ქართველი უფლებადამცველები.
სიის პირველადი ვერსია უკვე არსებობს, თუმცა საბოლოო ჩამონათვალი მყარი მტკიცებულებების საფუძველზე შეიქმნება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სიაში მოხვდებაიან იუსტიციის მინისტრი, მოსამართლეები, პროკურორები, პენიტენციური სამსახურის და გორის სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლები.
ადვოკატის თქმით, სიაში მოხვდება ყველა ვინც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირას მიიყვანა და მისი უფლებები დაარღვია, ვინც გასცა განკარგულება და ვინც ეს დავალება შეასრულა.
“ჯერ გვინდა ჩამოვყალიბდეთ პრინციპზე, გვარები ვიცით, ვინ, როგორ, რანაირად და ა.შ. მტკიცებულებების უმეტესი ნაწილი არსებობს. ახლა მიდის მუშაობა ვინ შეიძლება იყოს მხოლოდ შემსრულებლები თუ ორგანიზატორები, შემკვეთები და ა.შ. საკმაოდ მსუსხავი ეფექტი ექნება მერწმუნეთ და მართლა არ ვუსურვებდი არავის, რომ მოხვედრილიყო ამ სიაში, მაგრამ თუ დანაშაული აქვს ჩადენილი, რას იზამ”,- ამბობს შალვა ხაჭაპურიძე. ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი კი ამბობს, რომ სიაში უპირველესად უნდა მოხვდეს პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს ის მაღალჩინოსნები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა და განკარგულებას გასცემდა მიხეილ სააკაშვილის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში. მათშორის, უპირველესად იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე.