თუ კორონავირუსი 2022 წლის ივლისამდე გაქვთ გადატანილი, ჯერ კიდევ შენარჩუნებული გაქვთ მდგრადობა „ომიკრონის“ სუბვარიანტის მიმართ, ასევე თუ ვაქცინირებული ხართ ახალი ბივალენტური ვაქცინით, ან სექტემბრის შემდეგ გაკეთებული გაქვთ „ბუსტერი“, თქვენი დაცვა ამ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალია,- ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „ომიკრონის“ ახალ სუბვარიანტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი „ომიკრონის” მსგავსია. მას არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, ასევე არ მოქმედებს ფილტვებზე.
„თუ თქვენ გადატანილი გაქვთ კორონავირუსი 2022 წლის ივლისამდე, ჯერ კიდევ შენარჩუნებული გაქვთ მდგრადობა „ომიკრონის“ სუბვარიანტის მიმართ, თუ თქვენ ვაქცინირებული ხართ ახალი ბივალენტური ვაქცინით, ან გაკეთებული გაქვთ „ბუსტერი“ სექტემბრის შემდეგ პერიოდში, თქვენი დაცვა ამ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალია. ჯანმო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ გვინდა თავი დავიცვათ ამ ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ.
რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობას, ის „ომიკრონის“ მსგავსია – არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, არ მოქმედებს ფილტვებზე, ასევე არ ახასიათებს ძლიერი სისუსტე“, -აღნიშნავს ჩხაიძე.
გარდა ამისა, მან ვირუსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰოსპიტალიზაციის ძირითადი მაჩვენებელი გრიპზე და არა კორონავირუსზე მოდის.
„რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ორი ვირუსის დომინირება გაგრძელდება. რთულია იმის პროგნოზირება, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ამ ორი ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მატება. სავარაუდოდ, მომდევნო 2 თვის განმავლობაში სეზონური ვირუსული ინფექციებით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი დარჩება“, – აღნიშნავს ჩხაიძე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.