“მზად ვარ მისასვლელად…ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს” – მიხეილ სააკაშვილის საგანგებო განცხადება

მიხეილ სააკაშვილი ვერც დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება. ამის შესახებ კლინიკა ვივა მედიდან გაგზავნილი წერილი მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დასაწყისში განაცხადა. როგორც წერილიდან ირკვევა, მესამე პრეზიდენტს სურდა სასამართლოზე ფიზიკურად დასწრება, თუმცა მას ამის უფლება კლინიკის ექიმის რეკომენდაციით არ მიეცა.

წერილს კლინიკიდან თან ერთვის მიხეილ სააკაშვილის მინაწერი მისივე ხელმოწერით – “მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს”.

მოსამართლის განმარტებით, მკურნალმა ექიმმა ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე პროცესი 11 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ის 1 საათის დაგვიანებით დაიწყო.

 

ადვოკატების მთავარი შუამდგომლობა დღეს მოწმეთა დაკითხვის რეგლამენტის განსაზღვრაა. შალვა ხაჭაპურიძის თქმით,  თითო მოწმის გამოკითხვას ერთი საათი უნდა დაეთმოს.

 

ამის შემდეგ მხარეები ნობელის პრემიის ლაურეატ ექიმ ჯეიმს კობს მოუსმენენ, რითაც უცხოელი ექსპერტების გამოკითხვა დასრულდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share