„ხალხის ძალის“ წერილებს ერთი ავტორი ჰყავს და ეს არის ბიძინა ივანიშვილი”

პარტია „საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები არის ორ გავლენიან ჯგუფს შორის ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის მიზანმიმართული ბრძოლა.

მისი თქმით, ვინც გაიმარჯვებს, მისი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და 5 ნომერი.

როგორც სიჭინავამ „პალიტრანიუისის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს რესურსი, რომ ხელისუფლება ჩაიბაროს და ქვეყანას პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა დააწყებინოს.

„დღეს მიმდინარეობს პროცესები, რომელმაც ზედაპირზე ამოატივტივა მთელი სიბინძურე, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობდა. გვესმის ისეთი ბრალდებები, რომელსაც პოლიტიკურ ოპონენტსაც კი ვერ აკადრებ. ვიღაცა, ვიღაცას აგენტს ეძახის, ადამიანების კომპრომატებით შანტაჟში ადანაშაულებენ, რუსეთთან გარიგებაში. ეს ყველაფერი ამორალურია.

ადამიანები, დღეს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რა პროცესსაც თვალს ადევნებენ, ეს არის ორ გავლენიან ჯგუფს შორის ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის მიზანმიმართული ბრძოლა. ვინც გაიმარჯვებს, მისი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და 5 ნომერი. ფაქტია, რომ დაშლის პროცესი, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.

2017 წელს, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ სიტუაციაში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ჯერ კიდევ შემკვრელი ფიგურა შეიძლება იყო, დღეს ის არის ლიდერი, რომელიც სამართალ წარმოების მიმდინარეობის პროცესში, ქართულად არ საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინელია. არ აინტერესებს ქართული პოლიტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ 10 წელია ხელისუფლებაშია, ნეგატიური მაჩვენებელი „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტი აქვს. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ის რესურსი, რომ ქვეყნის ხელისუფლება ჩაიბაროს და ქვეყანას პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა დააწყებინოს. ოჯახში ვერ დალაგებულან და რომელი ქვეყნის დამლაგებელნი არიან, გინდ ხაბეიშვილი და გინდ მელია?“, – განაცხადა სიჭინავამ.

გარდა ამისა გადაცემაში ის გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ სააკაშვილის „პატრონები“, რომლებსაც მისი ლიკვიდაციის გეგმა შეიძლება ჰქონდეთ, ევროპარლამენტარები, აშშ-ს ყოფილი თანამდებობის პირები და „გარკვეული ძალები“ არიან. სიჭინავას თქმით, ამ წერილებს ერთი ავტორი ჰყავს და ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

მისივე განმარტებით, მიზანი არის დასავლეთის დემონიზება.

„არასერიოზულია ეს ყველაფერი. არასერიოზულია ის პოლიტიკურ განაცხადი, რასაც „ხალხის ძალის“ სახელით აკეთებენ. ამ წერილებს ერთი ავტორი ჰყავს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. თუ რამის თქმა უნდა ამ ადამიანს სჯობს ღიად გამოვიდეს და ისაუბროს. დასავლეთის დემონიზება უნდა. ანტიდასავლური კამპანიაა გაჩაღებული. „ხალხის ძალა“ ბიძინა ივანიშვილის ინსტრუმენტია, რომ მოახერხოს დასავლური განწყობების მიმართ ჩვენი მოქალაქეები განაწყოს უარყოფითად“, – განაცხადა სიჭინავამ.

ipn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share