წულუკიანი ამ გადაწყვეტილებას ასე ხედავს:
“დამტკიცდა ის, რაც სიმართლეა – სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ. ამ შემთხვევაში იგულისხმება სახელმწიფო, სპეცდანიშნულების რაზმელები, პოლიცია და სხვა იმ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ”, – ამბობს წულუკიანი.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს, 19 იანვარს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
საქმეზე მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა:
- კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა – პროცედურული ნაწილი (სიცოცხლის უფლება).
- ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ არ დაუდგენია მე-2 მუხლის დარღვევა – არსებითი ასპექტი (სიცოცხლის უფლება).
სასამართლომ საქართველოს მთავრობას აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისათვის. თუმცა მან მიიჩნია, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება იმისა, რათა დაესკვნათ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში გარდაიცვალა. გარდა ამისა, სასამართლომ არ მიიღო მომჩივნების საჩივარი კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), დასაბუთების არარსებობის გამო.