ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ 20 სათამაშო ლაბორატორიულად შეამოწმა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 6 მათგანი დადასტურებულ საფრთხეს შეიცავს. სააგენტომ ამ სათამაშოების ბაზრიდან ამოღების დადგენილება გამოსცა.
CSRDG-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელის, ვახტანგ კობალაძის თქმით, სათამაშოების გარდა საქართველოში არც სანთებელების ლაბორატორიული კონტროლი მიმდინარეობს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„არის რამდენიმე დასახელების პროდუქცია, რომელიც კონტროლს ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან – სურსათი, ვეტერინარული პრეპარატები, აგროქიმიკატები და სხვა. უშუალოდ, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს რაც შეეხება, ესენია სამშენებლო მასალების ნაწილი, პირადი დაცვის საშუალებები – ჩაფხუტები, სპეცტანსაცმელი და ა.შ. სახელმწიფო კონტროლს რამდენიმე ტიპის ასეთი საქონელი ექვემდებარება.
სხვათა შორის, სანთებელები, როგორც ხანძარსაშიში პროდუქტი, ოფიციალურად ექვემდებარება შემოწმებას, მაგრამ რეალურად სააგენტო ხარისხის კონტროლს არ ახორციელებს. არის ყველგან ერთი და იგივე პრობლემა – კონტროლის მასშტაბები არის ძალიან მცირე, ქვეყნის შიგნით მცირე რაოდენობის პროდუქცია მოწმდება და რისკის შეფასება, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს“, – ამბობს კობალაძე.
ვახტანგ კობალაძის თქმით, ყველა პროდუქციის შემოწმება შეუძლებელიცაა და სწორედ ამიტომ, კონტროლი უნდა ეფუძნებოდეს რისკებს, უნდა იყოს შესწავლილი მეცნიერულად, თუ რომელი საქონელი შეიცავს ყველაზე მეტ საფრთხეს და რომელს მოიხმარს მოსახლეობა ყველაზე ფართოდ, თუმცა ქვეყანაში დღეს ასე არ ხდება.